"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე | Allnews.Ge

"დაანებეთ თავი ამ მახინჯ მოდას" - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია D ვიტამინის მავნებლობაზე, საკვებ დანამატებსა და სამედიცინო მითებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტს, დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას, ინტერნეტმომხმარებლები კარგად იცნობენ მისი ფეისბუქ-სტატუსების გამო, რომლითაც ის ხშირად მედიცინაში დამკვიდრებულ მითებს ამსხვრევს. ამჯერად, თელია კიდევ ერთ მოულოდნელ რეკომენდაციას იძლევა და ამბობს, რომ დღეში სამი-ოთხი ჭიქა ყავის დალევა ადამიანს ინსულტისგან იცავს.

- ბატონო ზაზა, სოციალურ ქსელში თქვენს პოსტებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. საუბარი დავიწყოთ ყავით - რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ უნალექო ყავა რიგი დაავადებებისგან, მათ შორის ინსულტისგან იცავს ადამიანს?

- კვლევებით დადასტურებულია, რომ ყავა გარკვეული დაავადებებისგან იცავს ადამიანებს. მაგრამ, აქვე უნდა ვისაუბროთ რაოდენობაზე. დღეში მიზანშეწონილია მაქსიმუმ 3-4 ჭიქის მირთმევა, რადგან კოფეინის დიდი რაოდენობით მიღებაც არ არის სასურველი.

ნალექიანი ყავაც ითვლება სასარგებლოდ, მაგრამ შედარებით "მძიმეა"... ამ დროს რისკია პირის ღრუს დაზიანების, კბილებზე ნადების სახით, ასევე კუჭისთვის უფრო მძიმედ ასათვისებელია. ამიტომ უნალექო სჯობს, რა თქმა უნდა.

- მედიკოსების ნაწილი გვირჩევს დიდი რაოდენობით წყალი მივიღოთ, ნაწილი კი თვლის, რომ ამ რაოდენობით სითხის მიღებამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც იქონიოს ორგანიზმზე - თქვენ რას გვირჩევთ?

- წყალი რომ სასარგებლოა, ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ გააჩნია სეზონს, ადამიანის აქტიურობას, აღნაგობას, სქესს - ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ინდივიდუალურია. დღეში ორი ლიტრი წყლის მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა. ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის უფრო მეტია მიზანშეწონილი.

თუ ადამიანი არ არის ფიზიკურად აქტიური, დღეში 1.5-2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. თუ ფიზიკურად აქტიურია, შეიძლება ეს რაოდენობა 3-4 ლიტრამდეც გაიზარდოს

მე მაგალითად 16 წლის ასაკიდან 3-4 ლიტრს წყალს ვიღებ, ვცხოვრობ ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით და ჯანმრთელად და კარგად ვგრძნობ თავს.

- პანდემიის პერიოდში ერთგვარ მოდადაც კი იქცა D ვიტამინის მიღება, რასაც თქვენ კატეგორიულად ეწინააღმდეგებით. რამდენად მიზანშეწონილია გამოკვლევების გარეშე, პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის მიღება?

- ამაზე ბევრი სპეკულაცია და მითები არსებობს. დ ვიტამინის პროფილაქტიკის სახით მიღება არანაირი რეკომენდაცია არ არის. ერთადერთი, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში აუცილებელია რაქიტის პრევენციის მიზნით. ორი წლის შემდეგ კი, პროფილაქტიკის მიზნით მიღების რეკომენდაცია, თუნდაც სეზონურად არანაირ სამედიცინო მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამიტომ არავის ვურჩევ, პირიქით, შეიძლება სახიფათოც კი იყოს ორგანიზმისთვის. ყოფილა მაგალითები, რომ ადამიანებს D ვიტამინის ზედოზირებაც მოსვლიათ.

დაანებეთ თავი ამ "მახინჯ მოდას", ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ. D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს - ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ა.შ.

თელიას თქმით, ამ პაციენტმა ოჯახის ექიმის დანიშნულებით ორჯერ მიიღო D ვიტამინი "საპროფილაქტიკოდ" და დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

ზოგადად ანალიზის ინტერპრეტაციაზეც რომ ვიმსჯელოთ: ჩვენთან ლაბორატორიების 99 პროცენტი არასწორად წერს - ანალიზში ვკითხულობთ, რომ D ვიტამინი 30 ნანოგრამის ზევით ითლება ნორმალურ მაჩვენებლად, რაც არასწორია, რეალურად 20 ნანოგრამი და მეტი ითვლება ნორმად.

ამიტომ თუ ადამიანს 20-ის ზევით აქვს D ვიტამინი, შეიძლება ჩავთვალოთ რომ ნორმაშია და არ სჭირდება დანამატის მიღება. თუ 20-ზე ნაკლებია, თვენახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთი კურსი უნდა ჩაიტაროს და მორჩა, მთელი ცხოვრება კი არ უნდა სვას?!

 

- რას გვეტყვით იმუნიტეტის გასაძლიერებელ პრეპარატებზე, რომელსაც საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ექიმის დანიშნულების გარეშე სვამს და მცირეწლოვან ბავშვებსაც ასმევს?

- იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატი ბუნებაში არ არსებობს, თუ ვინმე ამას ამბობს, მას ელემენტარულად ადამიანის ფიზიოლოგია არ ესმის. ეს ინფორმაცია "ფეიკია", ასეთი ტიპის დანამატებისა და ვიტამინების მოხმარება არ არის მიზანშეწონილი და შეიძლება სახიფათოც კი იყო. მათგან სარგებელი არავის არ ექნება.

არ ვურჩევ ადამიანებს რომ ვიტამინები, მულტივიტამინები და დანამატები იმ მიზნით მიიღონ, თითქოს იმუნიტეტს იძლიერებენ

იმუნიტეტზე ზრუნვა მარტივია, ეს არის ცხოვრების წესის ცვლილება, თამბაქოზე თავის დანებება, პასიური მოწევისთვის თავის არიდება, მოწესრიგებული ძილი, მეტნაკლებად ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა - ესენია რაც ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს.

 

- აკნეს შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია საკვები დანამატები და სანჯღრები, შესაძლებელია ამან კანს უშველოს?

- არა, რა თქმა უნდა, საკვები დანამატები აკნეს სამკურნალოდ არ გამოიყენება, ესეც არასწორი ინფორმაციაა, რადგან მსგავსი პრეპარატები აკნეს დროს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში არ ინიშნება. რაც შეეხება სანჯღრებს, დაგეთანხმებით გამოიყენებოდა აკნეს სამკურნალოდ წარსულში, მანამდე სანამ გამოჩნდებოდა ბაზარზე არსებული გარეგანი გამოყენების ნივთიერებები. თუმცა, ე.წ. სანჯღრები 30 წლის წინ ჩაბარდა წარსულს და არაეფექტურია.

- აკნეს დროს რომელი საკვების მიღებას უკრძალავთ პაციენტს?

- აკნე არ გახლავთ კვებასთან დაკავშირებული პრობლემა, ესეც მითია. აკნეს მკურნალობის პროტოკოლში არ შედის და დღეს არცერთი დერმატოლოგიური ასოციაცია არ მოუწოდებს ექიმს, რომ ამ დროს პაციენტს დიეტა დაუნიშნონ.

 

- ამ დროს რაციონიდან ნიგოზის ამოღებაც მითია?

- დიახ, მითია. აკნეს შემთხვევაში პაციენტებს არ ვუნიშნავ დიეტას, რადგან ეს არ არის კუჭ-ნაწლავთან და კვებასთან კავშირში. არსებობს კვებასთან დაკავშირებული დერმატოლოგიური დაავადებები, თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა. ამ დროს აუცილებელია სწორად დაისვას დიაგნოზი.

 

- მართლა არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა მიღებაც კანს აახალგაზრდავებს?

- კანის გაახალგაზრდავება რომელიმე საკვები ნივთიერებით ასევე მითების სფეროს წარმოადგენს. ჯანმრთელი და კარგად მოვლილი კანი განისაზღვრება ორი ფაქტორით: მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი დაბერება. კანი ყველაზე დიდი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში და როგორც ყველა ორგანო ბერდება, ისე ბერდება კანიც - ეს არის არამოდიფიცირებადი დაბერება და ამას ვერაფერს ვუზამთ. რაც შეეხება მოდიფიცირებად დაბერებას, ამ დროს იგულისხმება ის გარეფაქტორები რაც ზეგავლენას ახდენს კანზე და დაბერებას აჩქარებს. ამ შემთხვევაში რჩევები მარტივია, თუ ადამიანს სურს ნაადრევად არ დაბერდეს, არ ჰქონდეს გამონაყარი, ვურჩევ:

  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას
  • სეზონის მიუხედავად, ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები
  • არ გამოიყენოთ ბევრი პროდუქცია სახეზე, შეიძლება ეს სახიფათოც კი იყოს!
  • მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი
  • იკვებეთ ჯანსაღად და ბალანსირებულად
  • აუცილებელია ფიზიკური აქტივობა
  • დაიცავით კანის მოვლის რუტინა: დაბანა, დატენიანება და მზისგან დაცვა ყოველდღიურად. განაგრძეთ კითხვა