"აქამდე სალონურ ცხოვრებას ვიყავი შეჩვეული... ახლა მეუბნებიან, რა ინდაური და ქათამი აიჩემე, გათხოვდიო" - ქალაქიდან სოფელში "გაქცეული" გოგონას ამბავი | Allnews.Ge

"აქამდე სალონურ ცხოვრებას ვიყავი შეჩვეული... ახლა მეუბნებიან, რა ინდაური და ქათამი აიჩემე, გათხოვდიო" - ქალაქიდან სოფელში "გაქცეული" გოგონას ამბავი

მაშინ, როცა მსოფლიო "კოვიდ19"-ის პირველ შედეგებს ებრძოდა, არაერთმა ადამიანმა არჩია, ხმაურიან ქალაქს გაშორებოდა და ცხოვრება სოფლის მშვიდ გარემოში განეგრძო. როცა 26 წლის ზუგდიდელმა გოგონამ, ანი ცირდავამ სოფელ ურთაში ოჯახის კუთვნილი, თუმცა იურიდიულად გადაუფორმებელი მიწა ნახა, გადაწყვიტა, მანქანისთვის შეგროვებული ფულით აქაურობა გაეცოცხლებინა - ტრიალი მინდორი ჯერ შემოღობა, მერე კი პატარა სახლი ჩადგა და საქმეს შეუდგა.

ანი ცირდავა: - ხეც კი არ ხარობდა. რომ შრომით დაღლილ მე და მამას, რომელიც ყველაფერში გვერდით მიდგას, მოგვეჩრდილებინა, მაგრამ ასეთ "ტექნიკურ" დეტალებს არ შევუშინებივართ. შეზღუდვების დროს უამრავი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა და ჩემს ოჯახთან ერთად ბავშვობის ოცნების ახდენას შევუდექი - ოჯახის კუთვნილი 6 ჰა მიწა შემოვღობეთ და სოფლის ყოველდღიურობა, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან ურთიერთობა ხმაურიან და საყვარელ საქმიანობად ვაქციეთ.

სოფელში სახლზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, სადაც სტუმრად კი არ ჩავიდოდი, საკუთარი მექნებოდა და დროთა განმავლობაში ჩემი გემოვნებით პატარა წალკოტად ვაქცევდი... ადგილი, სადაც დიდი გეგმები მაქვს დასახული, ადრე ეკალ-ბარდებით სავსე ტრიალი მინდორი იყო და ჯერ მისი გაკაფვა დავიწყეთ, მერე კი სახლი ავაშენეთ, დენი და წყალი შევიყვანეთ.

 

თბილისში უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ვეღარ დავასრულე, რადგან მუშაობა დავიწყე და სწავლას ვერ ვუთავსებდი. ფრინველ-ცხოველი, ბუნება მიყვარდა, მაგრამ სოფელში არასდროს მიცხოვრია და გადასვლაც რთული იყო - უკავშირდებოდა ფინანსებს, შემართებას, რისკებს...

- რა იყო პირველი ნაბიჯი?

- ურთაში ჩვენი შემოუღობავი, საძოვრად ქცეული ნაკვეთის იურიდიულად გაფორმებით დავიწყეთ. საწყის თანხად მანქანისთვის შეგროვებული 5 000 ლარამდე მქონდა. მიწა შემოვღობეთ და დამუშავება დავიწყეთ. ადვილი არ იყო, მაგრამ მამასთან ერთად მეზობლებიც მეხმარებიან და თავს ვართმევთ. ერთდროულად უამრავ რამეს ვაკეთებდი - სახლის შენებასთან ერთად, თითქმის ყველანაირი შინაური ფრინველი და ცხოველი: სხვადასხვა ჯიშის ქათმები, ინდაურები, იხვები, ბატები, გედები, ძროხები, ღორები, კურდღლები მოვაშენე, რომელთაც ასევე თავიანთი სახლები სჭირდებათ - მხოლოდ მოშენება ხომ არ არის, მათ რეალიზაციაზეც საჭიროა ზრუნვა. თან მინდა ყველაფერი ბიოლოგიურად სუფთა იყოს. ინტერნეტში ფრინველებისა და ცხოველების ჯგუფებში გავწევრიანდი გამოცდილი ადამიანებისგან რჩევების მისაღებად. გეგმები დიდი მაქვს. აქ, ჩემს სამოსახლოში, ჩემმა მეგობრებმაც უნდა შეძლონ ჩამოსვლა და დარჩენა, რათა ერთმანეთს იდეები გავუზიაროთ.

- ფიზიკური მუშაობა არ გღლით? მით უფრო - შეუჩვეველს...

- არ მღლის, ადრე ადგომა და ცხოველ-ფრინველის მოვლაც არ მიჭირს, მაგრამ ქალაქის კომფორტს მოშორება გამიჭირდა. წყალი არ მქონდა და კასრებით ვეზიდებოდით მეზობლის სახლიდან, თუმცა შრომა არასდროს მეზარებოდა, სახლის საძირკვლის გაჭრაშიც ვმონაწილეობდი.სოფელს სხვა მადლი აქვს, აქაურებთან ურთიერთობა იმედით მავსებს, რომ ყველაფერს შევძლებ. რომ უყურებენ, როგორ ვიწყებ ჩემი ოცნების ხორცშესხმას, უამრავი რამით მეხმარებიან. დღე არ გავა, რომელიმე მათგანმა არ მოგვიკითხოს, აბა, რა გჭირდებათო...

ადრე აქაურობას ვკეტავდით და დილით ადრე მოვდიოდით, ახლა მამა რჩება. როგორც კი ეზოში დაგვინახავენ, მაშინვე შემოდიან, დახმარება ხომ არ გინდათ, არ მოგერიდოთო. ჩვენც არ გვერიდება და დღემდე გულიანადაც გვეხმარებიან. თავიანთი ინიციატივითაც მოაქვთ ბევრი რამ - ეს დაგჭირდებათო....წაიკითხეთ სრულად