ვინ იყო ქუთაისელი მამაკაცი, რომელიც 70-იან წლებში მოწყობილი აფეთქებების გამო დახვრიტეს - "ტერორისტი" საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა | Allnews.Ge

ვინ იყო ქუთაისელი მამაკაცი, რომელიც 70-იან წლებში მოწყობილი აფეთქებების გამო დახვრიტეს - "ტერორისტი" საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდა

გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ. იმხანად ტერორიზმის ბრალდებით დახვრიტეს ქუთაისელი ვლადიმერ ჟვანია, რომლის სისხლის სამართლის საქმე 15 ტომისგან შედგება. ამ მასალების მიხედვით, რომელიც უშიშროების არქივშია შემონახული, ირკვევა, რომ მას რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობას ედავებოდნენ.

საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი აწ გარდაცვლილი გურამ სოფრომაძე წლების წინ მიყვებოდა როგორ გაუჭირდა მაშინდელ უშიშროებას ტერორისტის გამოვლენა და დაკავება. თავად სოფრომაძე აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო ოპერაციებში. ამბობდა ჟვანია არ უნდა დაეხვრიტათო. მის სიკვდილში ედუარდ შევარდნაძეს ადანაშაულებდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იმ ცნობილ წერილში, რომელიც მან შევარდნაძეს მისწერა. გამსახურდია წერს, თქვენ 1976 წელს დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანიო.

უშიშროების არქივში შემონახული მასალების მიხედვით, მოვლენები ასე განვითარდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს დიდ ქალაქებში - სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში მძლავრი აფეთქებები მოხდა. საბჭოთა სივრცეში ეს წარმოუდგენელი იყო. 1975 წლის 22 ივნისს, დილის 11 საათზე, სოხუმში, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის შენობასთან აფეთქების ხმა გაისმა და სამწუხაროდ, ამ აფეთქებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ლენინგრადიდან ჩამოსული დამსვენებელი სერგეი ლევიტინი ადგილზე დაიღუპა.

ჯერ ეს საქმე არ ჰქონდა უშიშროებას გამოძიებული და რამდენიმე თვეში, მორიგი ტერორისტული აქტი, 1976 წლის 12 აპრილს, თბილისში, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს შენობის ფასადთან მოხდა, დღისით, 17 საათზე, ხელწერა იგივე იყო.

ოთხ დღეში კი ქუთაისის წულუკიძის სახელობის ცენტრალურ ბაღში გაისმა აფეთქების ხმა. მთელი ტრაგედია ის იყო, რომ უძლეველი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების აპარატი უძლური აღმოჩნდა დანაშაული გაეხსნა. საკავშირო უშიშროების კომიტეტი უკმაყოფილო იყო საქართველოში საგამოძიებო კომისიის მუშაობით და მკაცრ დირექტივებს იძლეოდა. მოსკოვიდან მოსული ექსპერტიზების დასკვნებით აფეთქების ადგილებზე ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები კუსტარულად იყო დამზადებული, ამფეთქებელის შესაძლო პროფესიები კი იყო - გამნაღმველი, სეისმოლოგი, სამთო მომწყობი ან ფიზიკოსი.

გადამოწმდა ყველა შესაძლო ვერსია და საეჭვო პირთა კარტოთეკა, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. საგამოძიებო ჯგუფი მხოლოდ ერთადერთ ღირებულ ინფორმაციას ფლობდა: სამივე შემთხვევის დროს, თვითმხილველთა ჩვენებებით, დივერსიული აქტის ჩამდენი გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მარჯვნივ თმაგადავარცხილი მამაკაცი უნდა ყოფილიყო... მაგრამ ვინ იყო და რატომ აფეთქებდა სახელმწიფო ობიექტებს - გაურკვეველი რჩებოდა.

აწ გარდაცვლილი უშიშროების პოლკოვნიკი გურამ სოფრომაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იხსენებდა, როგორ ეძებდნენ ტერორისტს.

გურამ სოფრომაძის მონათხრობიდან: "ამ აფეთქებებმა ყველა საგონებელში ჩააგდო. 1976 წელს, შუა ზამთარში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად მთავრობის სახლის, სამხატვრო სახლისა და კინოთეატრ რუსთაველის ფანჯრები მთლიანად დაიმსხვრა, სისხლი არ დაღვრილა.

მაშინ ქუთაისის უშიშრობაში ვმუშაობდი, საყაზარმო მდგომარეობა გამოცხადდა. დავიწყეთ დამხმარე ძალებთან ხშირი შეხვედრები, რათა მათგან ამფეთქებლებზე ინფორმაცია მიგვეღო. არც სოხუმის ფაქტი იყო გამოძიებული. სოხუმშიც თვითნაკეთი საათის მექანიზმით დამონტაჟებული ბომბი საოლქო კომიტეტის შენობასთან სქელ თუჯის ურნაში ჰქონდა ტერორისტს ჩადებული. იქ სასეირნოდ გამოსული ტურისტი დაიღუპა, ამან გაამწვავა სიტუაცია და დიდი ვნებათაღელვა იყო.

დღეში ორჯერ, ყველა სასტუმროსა და საეჭვო ხალხის თავშეყრის ადგილების შემოვლა ხდებოდა, რომ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო, მაგრამ უშედეგოდ. მახსოვს, მარტი იყო, დილით ჩემს "ისტორიულ" კაბინეტში შევედი, ისტორიულს იმიტომ ვეძახდით, რომ იმ ოთახში თურმე თავად დადეშქელიანს მეფისნაცვალ გაგარინისათვის ხმლით თავი წაუგდებინებია და მეორე სართულიდან გადამხტარა. ამ კაბინეტში ჩემი შესვლიდან რამდენიმე წუთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, ცხადი იყო ქუთაისშიც ტერორისტმა ააფეთქა მოწყობილობა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ იყო ქუთაისშიც. პირველ სკოლასთან ახლოს მოხდა აფეთქება და ირგვლივ მინები ჩამსხვრეული იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა თუჯისფეხებიანი ხის სკამის ქვეშ ჰქონდა ტერორისტს დატოვებული. იქვე ახლოს იყო მესაათის ჯიხური, რომელიც ნაფოტებად იქცა. მესაათე ჯიხურში არ იყო და გადარჩა.

მერე გაირკვა, როცა ჩვენ ხალხს ვაწყნარებდით, ტერორისტი თურმე იქვე ტრიალებდა. თბილისიდან ქუთაისში გამოგზავნეს გამოცდილი სპეციალისტები, მათ შორის ინაურის მოსკოველი მოადგილე პილიუგინი. უცხო ადამიანი რას დაგვეხმარებოდა, მაგრამ წესი ასეთი იყო. უამრავი ინფორმაცია შეგროვდა. ასეთ არეულობაში თავის გამოჩენას უვარგისი აგენტებიც ცდილობდნენ, გვაწვდიდნენ ზოგადი ხასიათის დეზინფორმაციას, მაგრამ პროფესიონალიზმი სწორედ ის იყო, რომ მიმხვდარიყავით, ვინ ამბობდა სიმართლეს.

ეჭვმიტანილთა რიცხი ნელ-ნელა მცირდებოდა. მათი სურათები განყოფილებებს დაგვირიგდა და დაიწყო კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. ერთმა პარიკმახერმა ქალმა ერთ-ერთის ფოტო ტერორისტს მიამსგავსა. საბოლოდ 3 ადამიანი გვყავდა ეჭვმიტანილი. მერე, როცა დააკავეს ჟვანია, გაირკვა, რომ ის ქუთაისში მატარებლით ჩამოსულა. მთელი კიროვის ქუჩა ფეხით გამოუვლია. მილიციის სამმართველოს წინ უსაუზმია, მერე ცოტა ხანში თურმე ბაღში ისეირნა და დილით 9 საათსა და 40 წუთზე ქალაქკომის შენობის შესასვლელში, ურნაში ჩაუდია ასაფეთქებელი მოწყობილობა, თვითონ ბაღში დაბრუნებულა. რამდენიმე წუთში ისევ ურნასთან მიბრუნებულა და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით ყუთი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ამოუღია და სკვერში, სკამის ქვეშ დაუდია.

მერე დაკითხული ადამიანები ამბობდნენ, გამვლელებს აფრთხილებდა, იქით არ გაიაროთ საშიშიაო. ეს გამვლელები მერე ამას ყვებოდნენ ჩვენებებში.

აფეთქების დროს 600 მეტრი ჰქონია გავლილი ჟვანიას და ხმა რომ გაუგია, ისევ უკან მობრუნებულა, რომ გაეგო მსხვერპლი ხომ არ იყო. ამ დროს თურმე ქალები საპარიკმახეროდან ილანძღებოდნენ, მათთვის უთქვამს, რატომ ილანძღებით, ვითომ თქვენ არ გიხარიათ, რაც მოხდაო. ის ტერაქტის დროს მსხვერპლს ყოველთვის ერიდებოდა. არ უნდოდა ადამიანები დაღუპულიყვნენ.

ქუთაისშიც ისეთ დროს მოხდა აფეთქება, როცა ბავშვები სკვერში არ იყვნენ. ქუთაისში მომხდარი აფეთქებიდან დაახლოებით ერთ თვეში შეგვატყობინეს, რომ ბათუმში იყო დაკავებული ვლადიმერ ჟვანია. არ დამავიწყდება მისი გამოხედვა, წყნარი, მშვიდი მსჯელობა. კორექტული პასუხები ჰქონდა. არსებული წყობით იყო უკმაყოფილო, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. ნამდვილად არ იყო დახვრეტის ღირსი, რომ არა მისი ასეთი ცხოვრება, ის ნამდვილად კარგი ადამიანი იყო. ჭეშმარიტი ეროვნული ერთობისთვის მებრძოლი ადამიანი.

უშიშროების არქივის მასალებიდანაც ჩანს, როგორ მოხდა მისი დაკავება. ცხადია საგონებელში ჩავარდა ხელისუფლება, რადგან ბოლო აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელზე შემოვიდა 1976 წლის 19 აპრილით დათარიღებული "საქართველოს განმათავისუფლებელი ფრონტის" მომართვა, რომელშიც ავტორმა წამოაყენა ანტისაბჭოთა მოთხოვნები: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება; ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გაყვანა; საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება; დემოკრატიული პარტიის ცნობა; საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნიკაციებისა და მაღალი ძაბვის ანძების აფეთქებით იმუქრებოდა.

ყველა ქალაქში საგანგებო კონტროლი დაწესდა. 1976 წლის 11 მაისს "ბათუმის სურსათვაჭრობის" დირექტორს წერილი მოუვიდა. იგი მეტად უცნაურად იწყებოდა და ავტორი ნაციონალური ფრონტის სახელით 1000 მანეთს ითხოვდა. წერილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მოხვდა... ორივე ზემოაღნიშნული წერილის ხელწერა ემთხვეოდა. 14 მაისს, 11:00 სთ-ზე, "ბათუმის სურსათვაჭრობის" დირექტორის კაბინეტში ფულის წასაღებად გამოცხადდა გამხდარი, საშუალოზე მაღალი მამაკაცი. ორგანოს მუშაკები დირექტორის კაბინეტიდან გამოსულს იქვე ახლოს, ავტობუსის "საზღვაო ვაგზლის" გაჩერებაზე წამოეწივნენ და საბუთები მოსთხოვეს. უცნობმა პასპორტი გაუწოდა. პასპორტი ეკუთვნოდა ვლადიმერ გრიგოლის ძე ჟვანიას. მას თან აღმოაჩნდა: პატიმრობიდან გათავისუფლების ცნობა, 17 ცალი კაფსული დეტონატორი, წერილები, ბარათში ჩადებული 300 მანეთი, ჯიბეში კიდევ 4 მან. და 50 კაპიკი.

იმავე დღეს ბათუმის რკინიგზის შემნახველ საკანში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვეს...

ჟვანია დაკავებული ჰყავდა უშიშროებას, მაგრამ მისი დაკავება აფეთქებების საქმის გახსნას არ ნიშნავდა, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მარტო არ მოქმედებდა. ყველას ეგონა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები აწყობდნენ აფეთქებებს. გამოძიებას კი დაკავებული ჰყავდა მარტოხელა, უსახლკარო, გამხდარი უსინათლო, რომელსაც მხოლოდ 14%-იანი მხედველობა ჰქონდა. მისთვის ბრალის დადება დაუჯერებელი იყო. ეჭვმიტანილმა უარყო აფეთქებათა ციკლში მონაწილეობა. ასაფეთქებელი ნივთიერებების საჭიროება თევზაობის სიყვარულით ახსნა. მაგრამ გამომძიებელმა შედეგი დადო. როგორც უშიშროების არქივის მასალებიდან ირკვევა, გამომძიებელ ა. მირიანაშვილის პროფესიონალიზმის შედეგად, ვლადიმერ ჟვანია გატყდა. მან დრო ითხოვა, რათა გულწრფელად ეღიარებინა ყველაფერი".

მართლაც, ვლადიმერ ჟვანიამ 1976 წლის 23 მაისს, 30-გვერდიანი განცხადებით მიმართა გამოძიებას, რომელშიც ავტორი აცხადებდა, რომ მან ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა ბატონ მირიანაშვილის დახმარებით და მთლიანად მიენდო მას. ეჭვმიტანილი სთხოვდა გამოძიებას, სწორად აღექვათ მისი ქმედებები და არ გამოეყვანათ იგი "ხულიგნად, ბოროტად ან გიჟად". იგი აღიარებდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა და დამნაშავედ იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ იბრძოდა ბოლშევიკური რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს გათავისუფლებისათვის.

მას მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურდა. გამოძიება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდა. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაზუსტდა ეჭვმიტანილის ბიოგრაფიული მონაცემები, გაანალიზდა მისი განვლილი ცხოვრების გზა და გაირკვა, რომ მას ურთულესი ცხოვრება ჰქონდა გავლილი... წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

myquiz