ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა | Allnews.Ge

ტყედ ქცეული ქართველთა საფლავები აფხაზეთში, რომელიც რუსი ბლოგერის ობიექტივში მოხვდა

"იმ სასაფლაოზე ჩემი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული... ახლა ვიპოვე ვიდეოში, საფლავში ქვა ჩამოქცეულა... მესიზმრებოდა იქაურობა... ზუსტად ასეთი, გაპარტახებული წარმომედგინა...", "ჩემი გარდაცვლილი დეიდაშვილები ვიცანი ფოტოებზე...", "იქვე ახლო-მახლოს ჩემები არიან დაკრძალული, მარჯნივ, ნეტა იმ მიმართულებითაც წავიდეს...", "ვერავინ ვიცანი, მაგრამ მთელი ღამეა ვტირი ამ ვიდეოზე..." - ეს არის იმ კომენტარების არასრული ჩამონათვალი, რომელიც რუსი ბლოგერის ალექსეი უშაკოვის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ახლავს თან, რომელმაც აფხაზეთში იმოგზაურა.

 

 

კომენტარების ავტორების თქმით, ვიდეო ახალი კინდღში, ქართველების სასაფლაოზეა გადაღებული და მასში ათეულობით მიტოვებული საფლავია ასახული...

"შოკში ვარ... ეს ყველაზე შემზარავი სასაფლაოა, რაც ოდესმე მინახავს. გასაგებია რომ ომი იყო, მაგრამ რა დააშავეს მიცვალებულებმა, მით უფრო, რომ მათ შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან... ბევრი მათგანი ომამდე დაიღუპა... ქართველთა საფლავები საშინელ დღეშია. აქ 25 წელია არავინ მოსულა, წაქცეულია საფლავის ქვები და გაჩანაგებულია ყველაფერი, რატომ? რა დააშავეს მიცვალებულებმა?!" - კითხულობს რუსი ბლოგერი ვიდეოში, სადაც უამრავმა დევნილმა თავისი ოჯახის წევრი, ნათესავი ან სულაც ახლობელი ამოიცნო.

AMBEBI.GE ერთ-ერთ მათგანს მიმოზა ლოგუას ესაუბრა:

"კადრებში სოფელ ახალი კინდღის სასაფლაოა. სოხუმში მცხოვრებ ჩვენი ოჯახის ახლობელ აფხაზებს ვთხოვე, ჩემი ძმის საფლავზე, ორ-სამ თვეში ერთხელ ან როცა მოგიხერხდეს სანთელი დაანთე-მეთქი. ჩვენგან განსხვავებით, მათ საფლავების მოვლის, იქ გასვლისა და შეკრების ადათი არ აქვთ... ვეცდებიო, მითხრეს, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა. ამ ვიდეოში კი, თვალი მოვკარი, რომ იქაურობა დასუფთავებულია... სულ მინდოდა მეთხოვა მათთვის, მანახე იქაურობა-მეთქი, ისინი პატრონობენ ჩვენ სახლს, უვლიან, მაგრამ თან აქირავებენ კიდეც. სიმართლე გითხრათ, დაობებას და ჩამოშლას, ასე მირჩევნია, ხელს მაინც შეავლებს ვინმე.

ზღვის პირზე იყო ჩვენი სახლი. სასაფლაოც იქვეა... ვერც სახლზე ვუთხარი, გადაუღე-მეთქი, მომერიდა. არადა, რამდენჯერმე მითხრა, რაღაცეები შევცვალეთო... ისიც მიფიქრია, შეიძლება, ინტრიგნების ერიდება და საფლავებსაც არ უვლის-მეთქი. აფხაზებს შორის ქართველების ნასახლარების გამო განხეთქილებაა - ისინი ვერ იტანენ მათ, ვისაც ჩვენი სახლები მისაკუთრებული აქვთ, ქართველების მიმართ ორმაგი სტანდარტები გაქვთო, ესენი ამბობენ... შურთ, მატერიალურ სარგებელს რომ ვიღებთო... ერთი სიტყვით, ვერ გეტყვით, რამხელა ემოცია იყო ჩემთვის ძმის საფლავის ნახვა, თითქოს ცოცხალი ვნახე... ვინ იცის რამდენ ადამიანს ჰქონდა იგივე განცდა..." - ამბობს სოხუმელი მიმოზა ლოგუა.

ალექსეი უშაკოვი პერიოდულად ჩადის აფხაზეთში, ასევე, სხვადასხვა მიტოვებულ რეგიონებში, ქალაქებსა და ქვეყნებში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დაცლილია. ის თითქოს გაოცებული კითხულობს, რატომ არის ასე გაველურებული იქაურობა, ან რას ერჩიან მიცვალებულებს...

ჩამოტეხილი ხის ტოტები, მორყეული ღობეები, გადაშლილი ან გახუნებული საფლავის ქვები, სადაც ქართულ და რუსულ წარწერებიანი გამოსათხოვარი ტექსტების, გვარ-სახელების, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების ამოკითხვა ძნელია, ტყედ ქცეული სასაფლაო – ასეთია სულისშემძვრელ ვიდეოში ასახული რეალობა...

რუსი ბლოგერი ჩამოტეხილ, წაქცეულ ხეებსა და ღობეებს შორის დააბიჯებს და ამბობს, რომ იქაურობას 25 წელზე მეტია ადამიანის ფეხი არ დაჰკარებია. ხმელიძე, ნემსიწვერიძე, ქობალავა, ახვლედიანი, ხარჩილავა, დანელია - როგორც მცირეწლოვანი ბავშვებისა და 100 წელს გადაცილებული ადამიანების საფლავის ქვებზე, თითქოს დროს იქაც გაჩერებულა...