როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი? | Allnews.Ge

როგორ მოხვდნენ ვოლსკები გურიაში და რა ქონებას ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი?

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლიდან მალევე, ისიც მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ, იქცა მმართველი პარტიის ლიდერად, მეტიც, მის "მოლაპარაკე თავად“. გია ვოლსკი “ქართულ ოცნებამდელ” პერიოდში დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა, მის გარშემო მნიშვნელოვანი სკანდალები, ფაქტობრივად, არ ყოფილა, თუმცა იყო მის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი, მაგალითად, 2019 წელს, სოფელ ახატანში მისი აგარაკი გაქურდეს. იმჟამად ამბობდა, რომ სახლში სამუშაო იარაღები ჰქონდა და აღარ დახვდა.

ამბობს, - არც კორუმპირებული ვარ და პოლიტიკით ფული არ მიშოვიაო, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვოლსკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაში მითითებულია მის სახელზე რეგისტრირებული 1 ბინა თბილისში - ხეთაგუროვის 6 ნომერში (75კვმ ფართის), მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში და ერთი - 120კვმ ფართის საცხოვრებელი სახლი ამავე სოფელში. მისი შვილის - გიორგი ვოლსკის სახელზეა რეგისტრირებული 2017 წელს 7000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა “ტოიოტა პრიუსი”. დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაზე არაფერია ნათქვამი. საპარლამენტო საქმიანობას რაც ეხება, მას 1 წლის განმავლობაში (2017.01. 01_2017.31. 12) შემოსავლის სახით მიღებული აქვს 76065 ლარი. დეკლარაციაში ასევე მითითებულია გია ვოლსკის ვაჟის - გიორგისთვის გადახდილი სწავლის საფასური - 5900 ლარი. ამასთან, ოჯახს საქართველოს ბანკებში აქვთ ანგარიშები, რომელზეც მითითებულია თანხები ლარებში, დოლარებსა და ევროებში. მათგან ყველაზე დიდი - 15000 ლარის დანაზოგი მისი მეუღლის, ნინო სოლოღაშვილის სახელზე ირიცხება.

2020 წლის ოქტომბერში "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, ვოლსკის გონიოში მშენებარე სახლის თაობაზე, რასაც ის "ფეისბუკის" პირად გვერდზე სტატუსით გამოეხმაურა: "ტვ პირველს" თუ დავუჯერებთ ეს სახლი მე მეკუთვნის და გონიოში მდებარეობს, ამას ამტკიცებს ორი, ვიღაც მოქალაქე. არადა ყველამ იცის ამ შენობის და არა "ბაითის" მეპატრონეც და კომპანიაც. ნოდარიკომაც იცის. მე გუშინ მითხრეს. აქედან დასკვნა - არ დაუჯეროთ "ტვ პირველს", ცრუობს".

"გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი და ვარ "კატეგორიულად ვორონცოველი", - განუცხადა მან ამ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზას“. სწორედ ამ ინტერვიუდან ამონარიდები გამოვიყენეთ ჩვენს სტატიაში.

  • ვოლსკები საქართველოში

"პირველად ბაბუაჩემის ბაბუა ჩამოვიდა საქართველოში კრაკოვიდან, თუმცა, გარემოებები არავინ იცის, იმ დროს პოლონეთში არეულობა, აჯანყებები იყო. ჩამოვიდა დიდი ბაბუა და დასახლდა გურიაში. მისი მეორე ნახევარი ბოდოკიას ქალი იყო. მეც მაინტერესებს, რატომ მოხვდნენ ვოლსკები მაინცდამაინც გურიაში...

მამაჩემის მამა 1959 წელს დაბრუნდა ვორკუტიდან, სადაც 23 წელი გაატარა (1937 წელს გადაასახლეს). დედ-მამა გეოლოგები იყვნენ და ბავშვობიდან დამატარებდნენ სხვადასხვა კუთხეში, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. მამაჩემის დედამ ბოლო 10 წელი ბაბუაჩემთან გაატარა ციმბირში. ბაბუას ძმა, გრიგოლ ვოლსკი, ილია ჭავჭავაძემ მიავლინა აჭარაში და ბათუმში ყოფნისას, ილია მასთან ჩერდებოდა ხოლმე. მშვენიერ ლექსებს წერდა. მის სახელს უკავშირდება პირველი სკოლა, ქართული გიმნაზია... ბაბუა - დათიკო ვოლსკიც კარგი მწერალი და ჟურნალისტი იყო...

დედაჩემის მამა - შალვა მაჭავარიანი "საირმის" დირექტორი იყო, ძალიან მაგარი კაცი. მოხალისედ წავიდა ომში და აღარ დაბრუნებულა...“ - ამბობს გია ვოლსკი...

ის ასევე იხსენებს ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს:

“ჩემი და მამაჩემის თაობაც ისეთ გარემოში იზრდებოდა, როცა ქუჩა, ოჯახი, მეგობრობა სხვა კრიტერიუმებით იზომებოდა. ახლა სხვა სიტუაციაა. ახალგაზრდები ერთმანეთს წინასწარ უთანხმდებიან, რომ ერთმანეთთან მივიდნენ, ან გასართობად წავიდნენ. ჩვენ ერთმანეთს ქუჩაში ვხვდებოდით, ან გაკვეთილების მერე სკოლასთან ვიკრიბებოდით, არც კომუნიკაციის დიდი საშუალება იყო. ჩვენი სამეგობროს უმეტესობა კარგად ვსწავლობდით. ქუჩასაც თავისი ხიბლი ჰქონდა, მაგრამ მოჩხუბარი არასოდეს ვყოფილვარ, ძირითადად, გამშველებელი ვიყავი. ალბათ ღმერთმა დამიფარა და საწამლავი არ მოვიდა ჩემთან. თან სპორტს მივდევდი, ჩოგბურთში ვვარჯიშობდი და ვერიდებოდი მოსაწევს. მახსოვს, ერთხელ მომაწევინეს მარიხუანა სკოლაში, კლასელმა გოგონებმა. რაღაც, ვერ მიიღო ორგანიზმმა.

17 წლის ვიყავი, როცა დედ-მამა ალჟირში წავიდა სამუშაოდ და ფაქტობრივად, ბებია მზრდიდა. ჩავაბარე უნივერსიტეტში, ეკონომიურზე, ვაჭრობის ორგანიზაციის ფაკულტეტი დავამთავრე, პროფესია ჩემით არ ამირჩევია, მშობლებმა გადაწყვიტეს ასე. მამიდაჩემი, თინა ვოლსკი, კორნელი სანაძის მეუღლე იყო და ალბათ ერთადერთი ჩვენს ოჯახში, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურებში ჰქონდა გავლენა. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, მამიდა ვაჭრობის მინისტრთან მივიდა, გაეცნო და მერე მიმიღეს გამოთვლით ცენტრში, თორემ შეიძლება ფეხსაცმლის მაღაზიის გამგედ წავსულიყავი. არ მახსოვს, ჩემ გვერდით ვინმე მარქსისტ-ლენინისტი ყოფილიყოს, მაგრამ რადგან სახელმწიფო სტრუქტურაში წინსვლის პერსპექტივა იყო, პარტიულ ორგანიზაციაში მოვხვდი”.

პოლიტიკური ოპონენტები ხშირად აძახებენ საბჭოთ აპერიოდში ცკ-ს ინსტრუქტორობას, რაზეც აცხადებს:

"უამრავი ადამიანი ვიცი უპარტიო, რომელმაც კაცად, ან ქალად არ ივარგა და ქვეყნისთვის ბოროტების მეტი არა გაუკეთებია რა. როცა ამას მაყვედრიან, მეცინება. ვიცი, თვითონაც არ ფიქრობენ ჩემზე ასე, უბრალოდ, საზოგადოების თვალში აწყობთ ამაზე აპელირება“.

ვოლსკი შევარდნაძის მმართველობისას იყო საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში. შემდეგ ვაშინგტონში გაიხსნა საქართველოს პირველი წარმომადგენლობა და იქ დასაქმდა. შემდეგ მუშაობდა უშიშროების საბჭოში, ხოლო როდესაც ზურაბ ჟვანია გახდა პრემიერი, დაინიშნა მინისტრ გოგა ხაინდრავას მოადგილედ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

  • მეუღლე

“ნინო 23-ე სკოლაში სწავლობდა, ჩემი უბნელი იყო, ერთმანეთს ერთი ქუჩა გვაცილებდა. ყოველდღე ვხედავდი პატარა გოგონას, ვიოლინოთი ხელში. დამაინტერესა და გავიგე, სად სწავლობდა, მერე სკოლაში ვაკითხავდი. მე უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ მოსწავლე იყო. აღმოჩნდა, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დაამთავრა სკოლა თუ არა, ცოლად მოვიყვანე. ნინო ჩემთან, სახლში ხშირად დადიოდა, ბებიაჩემთან მეგობრობდა და ერთად აცხობდნენ ნამცხვრებს. ერთხელაც, გადავწყვიტე, ჩემთან დარჩენილიყო. უნივერსიტეტისთვის ემზადებოდა და არ იყო იმის დრო, პაემნებზე ევლო. ვამჯობინე, ჩემთან ყოფილიყო და იქ ემეცადინა. ნინო ბეჯითი მოწაფე იყო, კარგად სწავლობდა და ჩემზე უფრო წარმატებითაც ჩააბარა და დაამთავრა უნივერსიტეტი. ახლა შვილიშვილზე უფრო აქვს ყურადღება გადატანილი. არც ისე ხანში შესულები ვართ, რომ ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა დააკლდეს. დღემდე ისეთივე ურთიერთობა და სიყვარული გვაქვს, როგორიც წლების წინ გვქონდა. სამი ვაჟის მამა ვარ. უფროსი - ზუკა 21 წლის გარდაიცვალა... ფიზიკურად ძალიან კარგი ბიჭი იყო, კარგი მონაცემები ჰქონდა. შუათანამ - სანდრომ ნიუ-იორკში საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი დაამთავრა, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და მათი მადლობელი ვარ. სანდრო საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ურთიერთობების სპეციალისტია, დაოჯახდა და შვილიშვილიც გვაჩუქა“, - ამბობს ვოლსკი ჟურნალ "გზასთან".

  • "ჩემი ცხოვრების სამი ტრაგედია"

გია ვოლსკი ე.წ. თვითმფრინავის ბიჭებიდან ერთ-ერთის, მსახიობ გეგა კობახიძის დეიდაშვილია. ეს პირველი დიდი ტრაგედია იყო მის ცხოვრებაში, ამას მოჰყვა დუდუ დადიანის და ვაჟის ზუკას დაკარგვა...

გეგა კობახიძე

“შევარდნაძემ დიდი ბოროტება ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართ. გეგა კობახიძე ჩემი დეიდაშვილი იყო და რომ არა შევარდნაძის თავგამოდება, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. არავის უთქვამს, რომ ამ ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიათ - ადამიანების სიცოცხლე ჩააყენეს საფრთხეში. შეიძლებოდა მსხვერპლი არც ყოფილიყო, დეიდაჩემი - ნათელა მაჭავარიანი და სხვების მშობლებიც იქ რომ ყოფილიყვნენ.. გეგა ჩემზე 3 წლით უმცროსი იყო, სულ ერთად ვიყავით. დროთა განმავლობაში შეგვეცვალა შეხედულებები, სამეგობრო წრე... გეგა ირაკლი ჩარკვიანთან მეგობრობდა, მერე გამოჩნდნენ ძმები ივერიელები, ისინი იდეურად ერთნი იყვნენ და თვითმფრინავშიც ერთად აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ვიცოდი გეგას განწყობა... გეგა შემოქმედებითი ადამიანი იყო, პოპულარული, იღებდნენ ფილმებში, სხვა წრეში, სხვა საზოგადოებაში ტრიალებდა....

როცა გეგას დახვრეტა მიუსაჯეს, ყველაფერი თვალწინ დამიდგა, ჩვენი ბავშვობა - მის დაბადების დღეზე პატარები როგორ ვუშვებდით დიაფილმებს. მე უფროსი ვიყავი და მუდმივად ვმფარველობდი გეგას, ცელქი იყო ძალიან. ეს იყო დიდი ტრაგედია და ყველაფერს, რაც გამოვიარეთ, ერთი სიტყვით ვერ გადმოგცემთ. მერე ნათელა დეიდა რობიკო დადიანზე გათხოვდა და დუდუს ტრაგედია დაგვატყდა თავს. ნიუ-იორკში ვმუშაობდი იმ დროს, როცა დუდუ მოკლეს... როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, სულ ერთად ვიყავით, ვურთიერთობდით, როგორც ნამდვილი დეიდაშვილები. გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა... ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია... ასეთია ცხოვრება”.