"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები | Allnews.Ge

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს, გამოაქვეყნა 2-საათიანი ფილმი სასახლეზე, რომელიც, მისი მტკიცებით, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის და დაფინანსებულია მისი გარემოცვის წევრების მიერ. მას მედიაში "პუტინის სასახლედ“ ადრეც მოიხსენიებდნენ და წერდნენ, რომ მან მისი მშენებლობა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადისას დაიწყო. იტალიური სტილით ნაგები სასახლის კომპლექსი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, კრასნოდარის მხარეში, გელენჯიკის სოფელ პრასკოვეევკასთან.

ფილმის შესავალი ნაწილი გამოქვეყნდა YouTube-ზე, რომელშიც ოპოზიციონერი ხსნის, რომ ეს გამოძიება ჯერ კიდევ ბერლინის რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნისას ჩაიფიქრა. ოღონდ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მას გამოაქვეყნებდა სამშობლოში დაბრუნებისას.

"ეს იმიტომ, რომ არ გვინდა ამ გამოძიების მთავარი გმირი ფიქრობდეს, რომ ჩვენ მისი გვეშინია და რომ მე მის ყველაზე საშინელ საიდუმლოზე უცხოეთში ყოფნისას თუ გავბედავდი მოყოლას“, - ხსნის ნავალნი.

პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მართალია არ გაცნობია პუბლიკაციას სასახლეზე, მაგრამ ეს "ცხადია სიცრუეა“.

"არსებობს ადგილი, სადაც მოხვედრით შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ვლადიმირ პუტინზე, ეს ყველაზე დაცული ტერიტორიაა რუსეთში, ფაქტობრივად, სახელმწიფო სახელმწიფოში და ეს პუტინის ყველაზე დიდი საიდუმლოა. მას იცავს და უვლის ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი - დაწყებული მცველებიდან, მებაღეებიდან და მშენებლებიდან, დასრულებული რუსეთში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანებით.

ერთი საიდუმლო, ერთი შენობა... და ჩვენ იქ მოვხვდებით, სტუმრად პუტინთან, ჩვენი თვალით დავრწმუნდებით იმაში, რომ ეს ადამიანი სიმდიდრისკენ სწრაფვაში სრულიად შეიშალა. გავიგებთ ვისი ფულით და როგორ ფინანსდებოდა ეს დიდებულება... გავიგებთ, როგორ შენდებოდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასახლე“, - ასე იწყებს თავის გამოძიებას ნავალნი.

როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, სასახლეში მიმსვლელებს კატეგორიულად ეკრძალებათ მობილურების შეტანა და ყველა მიმსვლელ-წამსვლელი ავტომობილი რამდენიმე საკონტროლო პუნქტში მოწმდება. სასახლის გარდა, დახურულ ტერიტორიაზე არის ე.წ. "ყინულის სახლი“, ეკლესია, ორანჟერეა, 80-მეტრიანი ხიდი და ამფითეატრი. რადგანაც სასახლე ციცაბო ნაპირთან ახლოს მდებარეობს, ზღვაზე გასასვლელად გათხრილია სპეციალური გვირაბი, რომლის ბოლოს არის სადეგუსტაციო ზღვის ოთახი ხედით, - ნათქვამია ტექსტში.

თვით სასახლის კომპლექსის ფართობი 68 ჰექტარს შეადგენს და ის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარება. როგორც ნავალნის ფონდში ამტკიცებენ, უშიშროების სამსახური თევზაობასაც კი კრძალავს იმ კონცხის ახლოს, სადაც სასახლე დგას, ხოლო მის ზემოთ ცა თვითმფრინავების ფრენისთვისაც დახურულია.

გამოკვლევაში წარმოდგენილია თვითონ სასახლის გეგმა სართულების მიხედვით. როგორც კადრებში ჩანს, იქ არის რამდენიმე საუნა, აუზი, საპარიკმახერო და აქვადისკოთეკა. ასევე სასახლეს აქვს "ზამთრის ბაღი“ და მუსიკალური მისაღები.

ალექსი ნავალნი აქვეყნებს აგრეთვე სასახლის შიგნით მდგარი ავეჯის ფოტოსურათებს, რომელთა ფასი მილიონობით რუბლს შეადგენს. ვიზუალურად ჩანს რამდენიმე სათავსო - ბიბლიოთეკა, რომლის კედლები ოქროს ვენზელებითაა დამშვენებული და ე.წ. "ოჯახური თეატრი“ სცენით. სასახლეში არის კაზინო და "მოსაწევი ოთახიც“. რაც შეეხება მხოლოდ ერთ საძინებელ ოთახს, მისი ფართობი 260 კვადრატულ მეტრს აღწევს.

ვლადიმერ პუტინი ძირითადად სოჭის რეზიდენციაში დადის ხოლმე, მაგრამ ხშირად ცხოვრობს გელენჯიკშიც და სასახლეში თავისი გარემოცვის წევრებს იწვევს ხოლმე.ყინულის სასახლე

სასახლის ახლოს მევენახეობის რამდენიმე მეურნეობა მდებარეობს, შენდება ღვინის ახალი ქარხანა, რომელიც, როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, კომპანია "აქსის ინვესტიციას“ ეკუთვნის - ვლადიმერ პუტინის თანაკურსელს ნიკოლაი ეგოროვს.

სამუშაოებს აწარმოებს კრემლთან დაახლოებული კომპანია, რომელსაც ასია ბორისოვა ხელმძღვანელობს.

გამოკვლევის დასასრულს ავტორები ასაჯაროებენ სასახლის დაფინანსების რთულ სქემას, რომელშიც მოხსენიებულია ვლადიმერ პუტინის ძველი თანამზრახველები - "ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, "როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, ბიზნესმენები იური კოვალჩუკი და გენადი ტიმცენკო. სქემაში ფიგურირებს აგრეთვე სვეტლანა კრივონოგიხი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო ნაცნობია და ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომლის ძალიან ახლო კავშირებზე ვლადიმერ პუტინთან რუსული და საერთაშორისო მასმედია ადრეც წერდა.

იხილეთ ზღაპრული სასახლის ინტერიერის ფოტოები:საიმპერატორო ავეჯი და ოქროს არწივები კედლებზე

 თეატრი სასახლეში