რა დაავადებებზე მიანიშნებს მუქი წრეები თვალების ირგვლივ და როდის უნდა მიმართოთ ექიმს | Allnews.Ge

რა დაავადებებზე მიანიშნებს მუქი წრეები თვალების ირგვლივ და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თვალის უპეების შეშუპება და გაშავება ე.წ. შავი წრეები, საკმაოდ ხშირი პრობლემაა და გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. რა იწვევს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან.

ჟურნალ "ოჯახის მკურნალისა" და mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

- კანი თვალის ირგვლივ საკმაოდ თხელი, ნაზი და მგრძნობიარეა. კოლაგენის ბოჭკოები მასში ბადისებურადაა განლაგებული, რაც კანის წელვადობას უზრუნველყოფს. უშუალოდ კანის თხელი ფენის ქვეშ კი განლაგებულია სისხლძარღვები, რომლებიც ადვილად ხილვადი შეიძლება გახდეს კანის სტრუქტურის მცირე ცვლილების, სისხლძარღვთა გაფართოების თუ მათში ჟანგბადით არასაკმარისად გაჯერებული სისხლის გადინების შემთხვევაში. სწორედ ასეთ დროს ჩნდება თვალის ირგვლივ "მუქი რგოლები". მათ დაფარვას ქალბატონები კოსმეტიკური საშუალებებით ცდილობენ და აზრადაც არ მოსდით, რომ ზოგჯერ ასეთი სიმპტომის მიზეზი სერიოზული დაავადებაც შეიძლება იყოს.

- ხშირად სახელდება მის გამომწვევ მიზეზად ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელები. ამბობენ, რომ თვალის უპეები შესაძლოა, დაღლილობის გამოც გაშავდეს...

- ჩაშავებულ უპეებს რომ ვუმკურნალოთ, მიზეზი უნდა დავადგინოთ. მოდით, ჯერ მარტივი, ფიზიოლოგიური მიზეზებით დავიწყოთ:

ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს - გამოუძინებლობისას სახე ფერმკრთალი ხდება და თვალის თხელი კანის ქვეშ განლაგებული სისხლძარღვები ადვილად შესამჩნევია, რაც ჩაშავებული უპეების შთაბეჭდილებას ქმნის. ასეთ დროს საკმარისია კარგი გამოძინება და ისეთი შინაური მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ყინულის ან უმი კარტოფილის ნიღაბი თვალებზე.

თვალების გადაღლა - მაგალითად, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობის შედეგად, მუდმივი სტრესი და ქრონიკული დაღლილობა თვალის უპეების ჩამუქებას, კაპილარებში სისხლის შეგუბებას იწვევს. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ სამუშაო გრაფიკი, ვეცადოთ, დავასვენოთ თვალები, მივიღოთ მსუბუქი მცენარეული დამამშვიდებლები, ხშირად ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე. თვალებზე კი კიტრის რგოლების ნიღაბი გავიკეთოთ ან ანადუღარ რძეში დასველებული ტამპონები დავიფინოთ დღეში 15 წუთით.

მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებს ხშირად აქვთ ჩაშავებული თვალის უპეები - ეს იმით არის გამოწვეული, რომ მათი ორგანიზმი მუდმივად განიცდის ინტოქსიკაციას. კანი კი ადვილად ბერდება და სტრუქტურა ეცვლება. რაღა თქმა უნდა, ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი ნიკოტინსა და ალკოჰოლზე უარის თქმაა.

არასწორი რაციონი და დაუბალანსებელი კვება, ასევე შეიძლება გახდეს შავი უპეების მიზეზი. თუ თქვენს რაციონში ჭარბობს შემწვარი, დამარილებული, ცხარე პროდუქტი, თუ ხშირად მიირთმევთ გვიან - დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, თუ რაციონში არ არის საკმარისი რაოდენობით მინერალები და ვიტამინები, ეს ყველაფერი აუცილებლად შეცვლის თქვენი კანის სტრუქტურას და თვალის ირგვლივ შავი რგოლების გაჩენას გამოიწვევს. გამოსავალი რაციონის გადახედვა და დიეტოლოგთან გასაუბრებაა.

ახლა კი იმ ქრონიკულ დაავადებებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუკი თვალის ქვეშ სიშავეს შევნიშნავთ:

  • თირკმლის დაავადებები - თუ თვალის უპეების სიშავე თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს უკავშირდება, უპეები ხშირად შეშუპებულიც არის, ადამიანს კი ხშირად სხვა სიმპტომები არც აქვს ხოლმე და სრულიად შემთხვევით აღმოაჩენს ამ დაავადებას. ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის შარდის ანალიზი მაინც უნდა გაიკეთოთ.
  • ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები - ასეთ დროს ჩაშავებულ უპეებს მოყვითალო ელფერიც დაჰკრავს, ადამიანს აწუხებს მწარე გემო პირში და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ.
  • კუჭქვეშა ჯირკვალი - თანამდევი ნიშნებია გულისრევა და ღებინება, ფაღარათი ან შეკრულობა, ტკივილი მარცხენა ფერდქვეშ - ხშირად გადადის ზურგისკენ.
  • ჭიებით ინვაზია - შავი უპეების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. პაციენტი გრძნობს დაღლილობას, ტკივილს ან დისკომფორტს მუცლის არეში, ადვილად ღიზიანდება.
  • ენდოკრინული დარღვევები - ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და უშაქრო დიაბეტი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს უპეების სიშავის დროს.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - თვალის ირგვლივ ჩრდილებს აქვს მოლურჯო ფერი და სისხლის მიმოქცევის დარღვევით არის გამოწვეული.
  • ანემია - სისხლის ჟანგბადით არასათანადო გაჯერებაა ამ დროს უპეების სიშავის მიზეზი. ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, თავბრუ, ადვილად იღლება.

- რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ, თუკი თვალის ირგვლივ შავი რგოლები გაგვიჩნდება?

- პირველ რიგში უნდა მიმართოთ ზოგადი პროფილის ანუ ოჯახის ექიმს და გამორიცხოთ ის დაავადებები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. რომელიმე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში ოჯახის ექიმი შესაბამის სპეციალისტთან გადაგამისამართებთ, კერძოდ, ნეფროლოგთან, კარდიოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, ენდოკრინოლოგთან და სხვა. თუ სომატური პათოლოგიები გამოირიცხება, მაშინ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ კოსმეტოლოგს ან დერმატოლოგს მიმართოთ.

- ბავშვებში რაზე მეტყველებს თვალის ირგვლივ სიშავე?

- განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ ბავშვებში ამ სიმპტომის გაჩენის დროს გვმართებს, რადგან ხშირად ეს ნიშანი გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ინფექციური ან თირკმლის დაავადებების ნიშანია. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ჭიებით ინვაზია და ჰემატოლოგიური დაავადებები. ამიტომ მშობლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

- დაბოლოს, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- გაითვალისწინეთ, რომ თუ გამოძინების, დასვენების, კვების რაციონის მოწესრიგების შემდეგ თვალის ირგვლივ სიშავე მაინც რჩება, აუციელებლად უნდა დაიწყოთ მისი მიზეზის ძებნა და დროულად მიმართოთ ექიმს.