ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია- ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საჯაროდ იშვიათად ჩნდება, იშვიათად აკეთებს კომენტარს და, შესაბამისად, საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლშიც თითქმის არასდროს ხვდება.
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე 1991 წელს დაქორწინდნენ და ოთხი შვილი ჰყავთ - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. რამდენადაც ცნობილია, ეკატერინე ხვედელიძეს არასდროს უმუშავია და მთელი დრო შვილების აღზრდას მოახმარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, ეკატერინე ხვედელიძის თქმით, ამას მისთვის დისკომფორტი არასდროს შეუქმნია.
"გაცნობის პირველ დღეებში ვერც მივხვდი ბიძინას ასაკს და მერეც, არასდროს მიგრძნია ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბიძინას საოცარი ხასიათი აქვს - ძალიან უყვარს იუმორი, მუდმივად ხუმრობს და ნებისმიერ ადამიანთან მისი თანატოლი ხდება. მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ მამამისი არაფრით განსხვავდება მისი ასაკისგან. ამ მხრივ ძალიან მსუბუქი და იოლი პიროვნებაა. არასდროს აქვს დეპრესიული განწყობა, არასდროს მოდიოდა შინ იმ განწყობით, რომ დავიღალე და მომასვენეთო. ყოველთვის ხუმრობს, ლაღია, მსუბუქი, ბედნიერი განწყობა აქვს. რა პრობლემაც უნდა ჰქონდეს, სახლის გარეთ ტოვებს... პირიქით - ისე ცელქობს და ხუმრობს, საკუთარი თავი მასზე უფროსი მგონია, ვაჩერებ და ამაზე ბიჭები სიცილით კვდებიან..." - განაცხადა ქალბატონმა ეკამ ტელეკომპანია "მაესტროსთვის" 2012 წლის სექტემბერში მიცემულ ინტერვიუში.
ეკატერინე ხვედელიძე 1972 წლის 27 აგვისტოს ფედია და ლუდა ხვედელიძეების ოჯახში დაიბადა. მამა ქირურგი იყო და სამტრედიის საავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა, დედა კი - მუსიკის მასწავლებელი იყო.
მშობლებმა გოგონა სამტრედიის #3 საჯარო სკოლაში შეიყვანეს. მოგვიანებით იმავე სკოლაში სწავლობდნენ ძმები - კახა (შემდგომში ბერა ივანიშვილის ნათლია) და ლევან კალაძეებიც. სკოლის დირექტორი, პროფესიით ისტორიკოსი მარინა გედენიძე იხსენებს:
"ხვედელიძეების ოჯახი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა სამტრედიაში. ეკას მამა - ფედია ხვედელიძე დიდებული ადამიანი იყო, თხემით ტერფამდე ინტელიგენტი, რაინდული თვისებების მქონე. იგი რაიონის მთავარ ექიმად დაინიშნა, ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებდა, თანაც - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბატონი ფედია წარსულში კარგი კალათბურთელიც ყოფილა. სამტრედიელები ახლაც სიამოვნებით იხსენებენ, თავისუფალ დროს როგორ თამაშობდა ბატონი ფედია თანაქალაქელებთან.
ქალბატონი ლუდა ხვედელიძე მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ. ეს უკრაინელი ქალბატონი ქართული ადათ-წესების, ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის უზადო გამტარებელი იყო. ამ კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე ოჯახმა უამრავი მეგობარი შეიძინა და სულ მალე სამტრედიის საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.
ბატონ ფედია ხვედელიძეს და ქალბატონ ლუდას ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ირმა და ეკა. ძალიან ყურადღებიანი მშობლები იყვნენ. არ მახსოვს თუნდაც ერთი დღე, ქალბატონ ლუდას გოგონები თავად არ მოეყვანა სკოლაში და თითოეულ პედაგოგს არ გასაუბრებოდა. გოგონები საოცრად მუსიკალურები იყვნენ, ბრწყინვალედ მღეროდნენ, იყვნენ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები. ეკა ძალიან ლამაზი, მშვიდი, გაწონასწორებული, სათნო და მოკრძალებული, პასუხისმგებლიანი ბავშვი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას ეკა, თეთრი წინსაფრითა და თეთრი ბაფთით, უნიჭიერესი და - არა მარტო სწავლით გამორჩეული. იგი აქტიურად მონაწილეობდა ყველა სასკოლო ღონისძიებაში, სასკოლო ექსკურსიებში. ეკა ყველა საგანს თანაბარი მონდომებით სწავლობდა, განსაკუთრებით უცხო ენები, ბიოლოგია და ისტორია უყვარდა. უყვარდა ხელსაქმე და ჩინებულად ქსოვდა.
ერთ ზამთარს გავცივდი და ფილტვების ანთება დამემართა. ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დამისვეს. საკონსულტაციოდ მოსკოვში წავედი. სამტრედიაში დაბრუნებული, შინ ქალბატონმა ლუდამ მომინახულა და მატყლის ძაფით მოქსოვილი, რუხი ფერის ე.წ. შლემი გადმომცა. ვიუხერხულე, მაგრამ ლუდამ მითხრა: - იცით, ეს ეკამ მოგიქსოვათ, მთელი ღამეები ღუმელთან იჯდა და ქსოვდა, მარინე მასწავლებელი გაცივებულა და მისთვის მინდაო. ეს გოგონა სიკეთისა და კეთილშობილების განსახიერება იყო.
2000 წელს ეკამ ჩვენი სკოლის პედაგოგის, ქალბატონ ნანა ივანიშვილისგან შემთხვევით შეიტყო, რომ მე უკვე მისი მშობლიური სკოლის დირექტორი ვიყავი. ძალიან გახარებია. უკითხავს, რა მდგომარეობაში იყო სკოლის შენობა. მოგეხსენებათ, რა დრო იყო, ჩემი და ჩემი კოლექტივის ძალისხმევით ბევრი ვერაფერი შევძელით, შენობა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ჩამსხვრეული ფანჯრები, ამორტიზებული სახურავი, დამტვრეული ავეჯი... ეკამ, ჩემი თხოვნისა და ინიციატივის გარეშე, სკოლის დახმარების ფონდი შექმნა და 11 წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და ტექნიკურ მუშაკებს ფინანსურად ეხმარებოდა. სკოლის 80-კაციანი კოლექტივი ამ დახმარებას უფლის წყალობად მიიჩნევდა, რადგან, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფები, ამ დახმარების წყალობით გადარჩნენ.
დღეს სამტრედიაში, ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის ქ. #29-ში ამაყად დგას თეთრი, ოთხსართულიანი ცოდნის დიდებული ტაძარი - #3 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა და კიდევ, ცალკე ერთი კორპუსი პირველკლასელთათვის, რომელიც სამართლიანად იწვევს მნახველის აღტაცებას. სკოლის ვეებერთელა ეზო სპორტული მოედნებით, არაჩვეულებრივი ხეივნითა და ყვავილნარით, ახალგაზრდობის დასვენების ერთადერთი ადგილია სამტრედიაში". (წყარო)
ფოტო: ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი შვილებთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად
“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკატერინე ხვედელიძე მედიის ობიექტივში ხშირად ჩნდებოდა. ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვედრებზე დადიოდა და ამომრჩევლებს ხვდებოდა, თუმცა მედიასთან კომუნიკაციისა და ინტერვიუს მიცემისგან თავს იკავებდა. 2012 წელს ეკატერინე ხვედელიძე კოალიცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედაც მოიაზრებოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა, შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიასაც ვერ უხელმძღვანელებდა. ეკატერინე ხვედელიძემ კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა მოგვიანებით “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღარ გამხდარა.
ეკატერინე ხვედელიძე თავისი საქმიანობისა და ქონების შესახებ საჯაროდ არ ლაპარაკობს. 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე ხვედელიძე მიწის ნაკვეთებს რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში, ასევე - საჩხერეში, საგურამოსა და სოფელ ჭორვილაში ფლობდა. გარდა ამისა, მის საკუთრებაში ფიქსირდება სოფელ ჭორვილაში 261,50 კვ.მ ფართობის სახლიც. მილიარდერის მეუღლე თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარე ბინის 50%-სა და მოსკოვში, სავრასოვის ქუჩაზე მდებარე ბინის 50%-ის მფლობელიც იყო. გარდა ამისა, ეკატერინე ხვედელიძე ანგარიშებს 460$-დან 305.559$-მდე “ქართუ ბანკსა“ და “პროგრეს ბანკშიც“ ფლობდა.
ფოტო: ეკატერინე ხვედელიძე და ბიძინა ივანიშვილი ქალიშვილ, გვანცასთან ერთად
2013 წლისთვის ექსპრემიერის მეუღლის ანგარიშზე 125.000$; 8.000 ევრო და 25.000 ლარიც იყო. ამავე პერიოდში ფიქსირდება, რომ ეკატერინე ხვედელიძე შპს “აქცეპტის“ აქციონერი (კომპანია საქართველოში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარეობს) და “ეს-სი-აი“-ის აქციონერიც იყო (საფრანგეთი, პრინცესას ქუჩა #29).
ქონებრივ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკატერინე ხვედელიძე, დახმარების სახით, ფიზიკურ პირებზე თანხებს ხშირად გასცემდა.
გარდა მუსიკალური განათლებისა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი მეუღლე მხატვრობაშიც კარგად ერკვევა და ნამუშევრების შეძენისას გადამწყვეტი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.
ვინ ზრუნავს ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმულობაზე
ეკატერინე ხვედელიძე შავ, თეთრ, ვარდისფერ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებს ანიჭებს უპირატესობას. დიზაინერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის სადად, მაგრამ გემოვნებით იცვამს. ის ღონისძიებებზე ღია ფერებით იმოსება, ხოლო როცა შავი კაბა აცვია, ორიგინალური გულსაბნევი უკეთია.
ოფიციალურ გარემოში მუდმივად უკეთია პატარა ზომის საყურე, ხშირად - ბურთის ფორმის, არაოფიციალურში კი - დიდი, ორიგინალური საყურეები. თმას ხშირად აწეულს ატარებს. საათს ეკატერინე ხვედელიძე მარჯვენა ხელზე იკეთებს, ისევე, როგორც მისი მეუღლე. მას დიდი ზომის ბეჭდები მოსწონს, საქორწინო ბეჭდებს კი ივანიშვილ-ხვედელიძის წყვილი არ ატარებს. როგორც ირკვევა, იგი ყოველთვის საკუთარი გემოვნებით იმოსება. ფაქტია, რომ ინფორმაცია მასზე მწირია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ივანიშვილის მეუღლის ტანსაცმელი საქართველოში შეძენილს არ ჰგავს და საკმაოდ ინდივიდუალურია. როგორც ამბობენ, ხვედელიძეს, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ ჰყავს პირადი მკერავი, რომელსაც კაბებსა თუ კოსტიუმებს საკუთარი გემოვნებით აკერინებს.
რაც შეეხება სამეგობრო წრეს, არც ამაზეა ბევრი რამ ცნობილი, გარდა იმისა, რომ ეკატერინე ხვედელიძე მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლესთან, ეკა ჭიჭინაძესთან მეგობრობს. სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის სიაში შეყვანილი ახალი სახეებიდან ორი ქალბატონი ექიმი ხვედელიძის საახლობლო წრიდანაა. ფოტო: ეკა ჭიჭინაძე და ეკატერინე ხვედელიძე
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე აქამდე საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდებოდა და თითქმის არასდროს აკეთებდა კომენტარს. თუმცა იგი “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მედიის ობიექტივში ხშირად ჩანდა. ეკატერინე ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვედრებზე დადიოდა, ამომრჩევლებს ხვდებოდა, მედიასთან კომუნიკაციისგან კი თავს იკავებდა.
პირველად საზოგადოების წინაშე იგი 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა, როდესაც ეკატერინე ხვედელიძემ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. საქმე მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს პრეზიდენტის მხრიდან ეკატერინე ხვედელიძისთვის მიყენებულ ზიანს ეხებოდა. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
ეკატერინე ხვედელიძემ პირველი საჯარო ინტერვიუ 2019 წლის 9 ნოემბერს, მის მიერ დაფუძნებული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის დღეს მისცა. ეკატერინე ხვედელიძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება მათი ოჯახისთვის პოლიტიკური პროექტი არ არის და ეს უნივერსიტეტი კერძო საკუთრება არ იქნება.
“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების რეალურად მიღების საშუალებას მისცემდა. ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი, ისევე, როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა. ესეც სახელმწიფოს გადაეცემა საჩუქრად“, - აღნიშნა ვიდეომიმართვისას ეკატერინე ხვედელიძემ და ცხადია, ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის განათლებაზე ზრუნვა პრიორიტეტულია.