"დაპირისპირებულთა შორის ჩემი მოსწვალეები რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა" - რას ჰყვებიან ბუკნარელი მასწავლებელი და მოსწავლე, რომელთა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა | Allnews.Ge

"დაპირისპირებულთა შორის ჩემი მოსწვალეები რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა" - რას ჰყვებიან ბუკნარელი მასწავლებელი და მოსწავლე, რომელთა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის პედაგოგ მარიამ ხელაძის და მისი ყოფილი მოსწავლის, თემურ ირემაძის ჩახუტებულმა კადრმა გუშინ მთელი სოციალური ქსელი მოიარა. ამ კადრს დღის კადრი უწოდეს. საბედნიეროდ, ამ სოფელში დაძაბული სიტუაციაც განიმუხტდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. როგორც ჩანს, ამაში თავისი წვრილი პედაგოგმაც შეიტანა. თურმე ძალიან განიცდიდა სოფელში არსებულ ვითარებას და ახალგაზრდებთან შესახვედრად ქუჩაში გავიდა.

მარიამ ხელაძე, სოფელ ბუკნარის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: - ამ სოფელში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ყოველთვის ყველაზე ტკბილი და თბილი ურთიერთობები იყო. ეს ბიჭები ბაღში, სკოლაში ერთად იზრდებოდნენ. ყველანი ჩვენს ხელში გაზრდილები არიან. დღესაც ერთნაირი დიალექტით საუბრობენ. იმდენად განსხვავებული სიტუაცია იყო, მიკვირს რაც მოხდა. ღვთის წინაშე შემიძლია დავიფიცო, ამდენწლიანი თანაცხოვრების დროს სოფელში ვერავინ იტყვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე რამე მოხდა. ვფიქრობ, ყველაფერი გავრცელებულმა ჭორებმა გამოიწვია, რასაც მოყვა სოციალურ ქსელში სტატუსები, აგრესია. სულ ტყუილად დაიძაბა სიტუაცია.   - თქვენი ემოციური კადრი დღის ფოტოდ დასახელდა, გვიამბეთ იმ ბიჭზე...   - თემურ ირემაძეა, ჩემი ყოფილი მოსწავლე, ჩემი ბიჭის თანაკლასელი და მეგობარი. სტუდენტობის დროს ბათუმში სწავლობდა, ბათუმიდან რომ ჩამოდიოდა, ჯერ ჩვენს სახლში მოდიოდა, ამის მერე მიდიოდა თავის მშობლებთან. ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ამ სოფელში არასოდეს მომხდარა გარჩევა, ეს ქრისტიანია და ის მუსლიმი. ჩვენს სკოლაში ქრისტიან ბავშვებზე მეტნი მუსლიმი ბავშვები არიან. სულ 216 კომლი ცხოვრობს, მაგრამ ოჯახის წევრთა რაოდენობით გურულებზე მეტნი არიან. ძალიან საყვარლები, წარმატებულები, ბევრი უკვე თავის გზაზე დამდგარია, ამ სოფლის სასახელო შვილები, ჩვენი სოფლის მომავალნი.

ყოველთვის მქონდა მათთან შეხვედრები და ამ გამწვავებულ სიტუაციაშიც ურთიერთობის პრობლემა არავისთან შემქმნია. შეიძლება გული გამხეთქვოდა სხვა დამოკიდებულება რომ დამენახა რომელიმე მათგანის მხრიდან. ალბათ მთელმა საქართველომ დაინახა, რაც ხდებოდა დღეს ბუკნარში, გული მტკივა ძალიან. მოდიოდა ეს აღტკინებული ახალგაზრდები, რომლებიც ვფიქრობ ჩამოსულებმა უფრო დამუხტეს ასე ძალიან. პოლიციის თანადგომით იქაურობას ქრისტიანი ახალგაზრდები გაერიდნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა იმის, რომ იქ შეიძლება რამე ცუდი მომხდარიყო. სხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ ახალგაზრდები, მაგრამ პოლიციამ შეაჩერა ისინი. მე ქუჩაში, ეკლესიის წინ ვიდექი, როცა ამ ახალგაზრდებმა გაარღვიეს კორდონი და წამოვიდნენ. მათ შორის თემურ ირემაძე დავინახე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ განვიცადე ამ ჯგუფში ჩემი ყოფილი და ახლანდელი მოსწავლეების დანახვა. ეკლესიასთან ვიდექი, ვუყურებდი მათ და ვტიროდი, სიახლოვეს რომ მოვიდნენ, მივუახლოვდი და მათ მივმართე, ნუთუ თქვენ მოგწონთ ეს ყველაფერი-მეთქი?

- როგორი იყო თქვენი შეხვედრა? - ჩვენი დიალოგი შეიძლება რომელიმე ტელევიზიამ გადაიღო კიდეც. თემურისთან ერთად ჩემი მეორე მოსწავლე, ნუგზარ ძირკვაძეც იყო. არანაკლებ ემოციური იყო ნუგზართან ჩემი შეხვედრა, ორივეს ვესაუბრებოდი. არც მეგონა თუ ასე გავრცელდებოდა მერე ეს ამბავი და ეს ჩვენი ფოტო, რომელიც გადაუღიათ. ქუჩაში ჩემი გასვლის მიზანი იყო როგორმე სიტუაცია მშვიდობიანად დასრულებულიყო. მართლა უეცრად შემოიჭრა ეს ამბები ჩვენს სოფელში, მანამდე არ იყო დაძაბული სიტუაცია, რომ გვეფიქრა რამე ცუდი შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობ ყველაფერი შემოგდებულ ჭორებს მოყვა. ახსენეს არჩევნები, მეჩეთი, რატომღაც დავეჭვდი სხვა პროვოკაციასთან ხომ არ გვქონდა საქმე. პირველივე დღეს სოციალური ქსელითაც მივმართე ჩემს მოსწავლეებს გაფრთხილებოდნენ ამ ურთიერთობებს, გაფრთხილებოდნენ თავიანთ სოფელს, მომავალს. მთელი სული და გულით მივმართე, მაგრამ ამ მიმართვით ეს ამბები ვერ ავიცილეთ. ერთი მიმართვა არ ეყო, ეტყობა მთელი მანქანა მუშაობდა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო.

რომ დავინახე ჩემი მოსწავლეები, ცრემლები წამომივიდა და ვკითხე, მოგწონთ თქვენ აქ რაც ხდება-მეთქი?. მერე იყო მათი ჩახუტება, ჩვენ გადავუხსენით გული ერთმანეთს..

ვუთხარით რაც გვტკიოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო გონიერება რომ უნდა გამოგვეჩინა. ძალიან დიდხანს გულახდილად ვისაუბრეთ. ეს კადრი რომ გავრცელდა არც კი ვიცოდი, მერე ჩემმა შვილებმა მაჩვენეს და მითხრეს დღის კადრად გამოაცხადესო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. - ამბობთ, თემური თქვენი შვილის მეგობარია, ბიჭების მცდელობა თუ იყო სოფელში, რომ ერთმანეთში გაერკვიათ ეს ამბები? - რამდენი მცდელობაც წამოვიდა, იმდენი გამწვავება მოყვა, ამიტომაც მგონია რომ პროვოცირებული იყო ყველაფერი. ოღონდ ეს არ იყო ასე სახალხოდ და ასე მასობრივად. რამდენიმე კაცი ელაპარაკებოდა ერთმანეთს, უფროსებიც იყვნენ ჩართულები, მაგრამ მაინც საქმე აქამდე მივიდა. ცენტრში პოლიციის კორდონი რომ გაარღვიეს, არ მეგონა ზემოთ რომ წამოვიდოდნენ სოფლის ბავშვები, ამას ვერ წარმოვიდგენდი. იმ ახალგაზრდებს შორის უხუცესებიც იყვნენ. იმათმა გადმორეკეს ტელეფონზე, ვერ ვაჩერებთ, მოდიან და ძალიან გთხოვთ აარიდეთ ბიჭებიო, ჩვენ აქ ესენი ვეღარ გავაჩერეთო.

ჩამოსულებზე იყო უფრო საუბარი, თორემ უხუცესები ადგილობრივ ბიჭებს უფრო დაიმორჩილებდნენ. უცებ შემოვარდა ისეთი მუხტი, ვხედავდით ყველანი აქეთ წამოიყვანეს. რათქმაუნდა ვინც აქ ცხოვრობს ყველას სიმშვიდე უნდა, იმდენხნიანი თანაცხოვრება და სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან, არამგონია რამემ გატეხოს ჩვენი ურთიერთობა. იმდენად ემოციებში ვიყავი არც კი მახსოვს რა სიტყვებით მივმართე ჩემს მოსწავლეებს. ჩანაწერი შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კიდეც, იმდენი ტელევიზია იყო. ის მახსოვს, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადე მათ დიდი სიყვარული და ვუთხარი, მე თავგანწირვა შემეძლო მათთვის და რომ ჩემთვის ერთი სიკვდილი იყო ჩემი მოსწავლეები მათ რიგებში რომ დავინახე. ამას მოყვა მათი მხრიდან ჩახუტება.

- სოფელში მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევდნენ? - ეს სალოცავი ჩვენს სოფელშია. იმიტომ ვამბობ რომ ეს პროვოკაციაა, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. 10 თვეა ეს სახლი შეიძინეს და მთელმა სოფელმა იცოდა, რომ იქ ლოცვა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არავის მათთვის არ დაუშლია და ვერც დაუშლიდა. არ შეუშლია ხელი ვინმეს ლოცვაში. ადამიანს ლოცვა უნდა და ლოცულობს. არავინ არავის შეავიწროვებს აქ, ეს ამდენი წელი არ მომხდარა. ჩამოვარდა საუბარი რომ აპირებენ მეჩეთად გადაკეთებას სოფელთან შეუთანხმებლად, ეს ყველაფერი ხდება თურქული ფულითო. ვიღაც პროვოკატორებმა კი მუსლიმებს უთხრეს დაგინგრევენ ამ სამლოცველოს და არ მოგცემენ ლოცვის უფლებასო. ასეთ ჭორებს აყვა ეს ყველაფერი. წესით არც ერთ მხარეს ეს არ უნდა დაეჯერებიანა. ჩვენ ვიცნობთ კარგად ერთმანეთს და ისიც ვიცით, სოფელთან, სოფლის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად იქ არავინ არაფერს გააკეთებდა. დარწმუნებული ვარ ამაში და სხვებსაც უნდა დაეჯერებინათ. ამდენი ხანი ლოცულობდნენ, არავინ მივარდნილა და ვინ იკადრებდა იმას რომ იქ მივარდნილიყო და მათთვის ლოცვაში ხელი შეეშალა, მაგრამ მოხდა ის, რომ ეს სიცრუე დაიჯერეს, ამას მოყვა მითქმა-მოთქმა, ვისაც არ ეზარებოდა ყველა ყველაფერს წერდა და წამოვიდა აგრესია. აგრესიის გაღვივებაში სხვებიც ჩაერთვნენ, სოციალური ქსელიც დაემატა, ზოგიერთი ტელევიზიაც და სამწუხაროდ საქმე აქამდე მოვიდა. - ადრე წლებში სად ლოცულობდნენ? - სხვა წლებში დადიოდნენ ძირითადად ნასაკირალში, იქ არის მეჩეთი. პარასკევობით მიდიოდნენ მანქანებით და ლოცულობდნენ. სასიხარულოა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღმერთმა ნუ ქნას, ისევ იყოს აქ რამე პრობლემა. ვიღაცისთვის სასიხარულო იყო ეს, ვიღაცეებმა ტაშიც კი დაუკრეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს მოვლენები. ჩვენს სოფელს ეს არ ეკადრებოდა. ეს გაიგო მთელმა ქვეყანამ და მართლა მძიმეა ჩემთვის. შესარიგებელი რა გვჭირდა, ბევრი იყო ჩემს პოზიციაში. ერთმანეთის პირისპირ რომ ვიდექით ეს უმძიმესი იყო ჩემთვის, გულახდილად ვამბობ. მადლობელი ვარ იმ ჟურნალისტების, რომლებმაც პირიქით ხელი შეუწყვეს სიტუაციის დასტაბილურებას და სიმშვიდეს. იყვნენ ისეთებიც რომლებმაც ცუდად გააშუქეს და თქვეს მუსლიმი დედები არიან ქუჩაში გამოსულები, რომ თავიათ შვილებს გადაეფარონო. მშობლები გამოვიდნენ იმიტომ რომ თავიანთი შვილები რომ მოდიოდნენ, რამე არ მომხდარიყო, ამიტომ ვიდექით ყველანი იქ. სატელეფონო საუბრები სულ იყო სოფელში მუსლიმ და ქრისტიან დედებს შორის. საბედნიეროდ გურულმა ბიჭებმაც შეიგნეს, იქ რომ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, ესენიც რომ არ შეჩერებულიყვნენ, შეიძლება ცუდი ვიტარება შექმნილიყო, მაგრამ გაჩერდნენ. ჩემდა საუბედუროდ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურ ნიშნებს ვხედავ, თავიდანვე ახსენეს არჩევნები და თავიდანვე ვფიქრობდი ამაზე. დრო გამოაჩენს რა იყო რეალურად და გამოძიებაც დაადგენს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამიმტკიცა ეს ეჭვი.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ თემური ირემაძეს, რომელიც ამ ფოტოშია ასახული. თემური ირემაძე: - ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ, გაიმარჯვა საღმა აზრმა, სწორმა გადაწყვეტილებამ. ორივე მხარემ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს გასახარია. რაც შეეხება ჩემს პედაგოგ მარიამ ხელაძესთან გადაღებულ ჩემს ფოტოს, გადამეტებულად არ გეტყვით, მაგრამ ის ჩემი მეორე დედაა, ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი. წინა დღეებშიც პირველი მასთან გავდიოდი კავშირზე და ვცდილობდი საქმე აქამდე არ მისულიყო. უკვე მრცხვენია ასეთი რამე რომ მოხდა, საბოლოო გადაწყვეტილებამ გამახარა. ჩვენმა თანაცხოვრებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ამ პრობლემას და ისევ მშვიდად და წყნარად უნდა გავაგრძელოდ ურთიერთობა და თანაცხოვრება ერთმანეთთან, როგორც ეს წლები ვცხოვრობდით. ლოცვის აღსრულებისთვის ძალადობა არ უნდა დაგვჭირდეს. რაც შეეხება ფოტოს, მოლაპარაკების პროცესშია გადაღებული. პედაგოგი წამოვიდა ჩემსკენ, ხელს იშვერდა და მიუთითებდა სხვებს, ეს ჩემი გაზრდილიაო. მართლაც ასეა, სტუდენტობის დროს ბათუმიდან სოფელში რომ ავდიოდი, მარიამ მასწავლებელი გზის პირას ცხოვრობს და ჩემს სახლში არასოდეს ისე არ მივსულვარ მის სახლთან რომ არ გამეჩერებინა მანქანა და არ მოვსიყვარულებოდი. მან თქვა კიდეც, ჩემს შვილებში არ ვარჩევო და მისგან სულ დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ყველა მეგობარი ვინც კი მიცნობს, ყველა ამ ფოტოს მიგზავნის.

თბილი ფოტოა. ეს ფოტოც ამბობს, რომ უნდა ვიცხოვროთ სიყვარულით, რწმენით და არ არსებობს ორ ადამიანს შორის რელიგია დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ეს პროვოცირების შედეგია. იმ გაუნათლებელი ადამიანების პროვიცირებას მოყვა ყველაფერი, ვისაც ეკლესიის კარი არ შეუღია და ბიბლია არასოდეს გადაუშლია, სწორედ იმათმა წამოიწყეს სამლოცველო აქ როგორ იქნებაო. მითუმეტეს, არანაირ პომპეზურ მეჩეთზე არ არის საუბარი, საუბარია სახლ-სამლოცველოზე და ყველა ჟურნალისტმა ნახა ეს ადგილი, არავის აწუხებდა. ეს ფოტო მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დარწმუნებული ვარ გაჩენილ ბზარს დრო გამოასწორებს და ისევ ისე დალაგდება სიტუაცია სოფელში, როგორც იყო. ამ სოფელში ბევრი შეგნებული ადამიანი ცხოვრობს და ერთ-ორი ადამიანი ჩვენს ამდენწლიან ურთიერთობას ვერ გააფუჭებს. - ქალბატონი მარიამი ამბობს ვტიროდი, რომ დავინახე ჩემი მოსწავლეები, თქვენ რომ ნახეთ თვალცრემლიანი მასწავლებელი რა რეაქცია გქონდათ? - სათუთი თემაა, ეს ცრემლი მოდიოდა გულიდან, ეს არ იყო ფარსი. ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი თვალცრემლიანი რომ დავინახე, მეც ამიჩუყა ამან გული, შემდეგ რომ გადავეხვიეთ ერთმანეთს ეს ზეემოცია იყო, იმდენად თბილი, ეს სითბო, ეს პოზიტივი, ყველაფრით დადებითი და კარგი ემოცია დიდხანს გამყვება.

ეს კადრია მაჩვენებელი იმის, რომ ასე სიყვარულში უნდა ვიყოთ.

- ადრე სოფელში იყო კონფლიქტები? - ოჯახი არ არსებობს, სადაც მცირე პოლემიკა და დისკუსია არ იყოს, მაგრამ არსებობს ამ ყველაფრიდან გამოსავალი, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. რელიგიური საკითხი სათუთია, ბოლო დროს იყო უმნიშვნელო, ნასვამზე რომ ვიღაც რამეს იტყოდა ასეთი რამ. არ ყოფილა არასოდეს შეურაცხყოფები ჩემ ბუკნარელ თანამოძმეებს, ჩემს მართლმადიდებელ ძმებს იმ 2-3 ადამიანის ქმედებით არ განვსჯი. 14 წლის ბავშვს რომ ქვებს ესვრი, ეს არაადამიანურობაა, მერე აქეთა მხრიდანაც წავიდა აგრესია და შეცდომები იყო ორივე მხარეს. სამლოცველოს რომ ვაკეთებ, ამაში ხელი არ უნდა შემიშალონ, გვყავს უხუცესები, ჩვენგან 30 კილომეტრშია მეჩეთი და მათ იქ რომ არ ევლოთ, ჩვენი სახსრებით შევიძინეთ ეს სახლი და იქ ვლოცულობთ. სამწუხაროდ რამდენიმეს ნათქვამმა აიყოლია სხვები და საქმე აქამდე მივიდა, ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა დაინახეთ როგორ დასრულდა. ამის მაგალითია ეს ფოტო.

ნუგზარ ძირკვაძე ადგილობრივი: - ძალიან ემოციური იყო ყველაფერი. ჩემი პედაგოგი მარიამი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენთვის. გუშინ ჩემს წინ იდგა ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, რომელიც ახლა ჩემს შვილებს ასწავლის და ჩვენს შორის პოლიციელი იდგა, ეს ემოციურად ძალიან მძიმე იყო ჩემთვისაც. მართლა სტრესული. ღმერთს მადლობა, რომ მოკლე დროში, ორ დღეში დასრულდა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო. ეს საჭირო იყო სოფლისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა იმათ, ვინც გადმოდგა ეს ნაბიჯი. ორივე მხარის მხრიდან გადაიდგა სწორი ნაბიჯი. ზოგი მოეგო გონს და მიხვდა, ყველასთვის გასახარი ნაბიჯი გადაიდგა.

- ნუგზარ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო სპეციალურად აგორებული კონფლიქტი? - ნამდვილად. მშვიდი ურთიერთობა იყო ყოველთვის ამ სოფელში. აქ დავიბადე და გავიზარდე და არასოდეს მქონია პრობლემა. ვიღაც პროვოკატორის გამო მივიდა საქმე აქამდე. ვფიქრობ ვიღაცამ ილაყბა, რომელიც თავის ენას ვერ აკონტროლებს და უნდოდა ისტორიის ერთი ფურცელი გადაეშალა ასეთი სამარცხვინო, რომ ქართულ სოფელში ეს მოხდა. თავიდან იმით დაიწყო ეს არის ქართული მიწა და აქ არ უნდა იყოს მეჩეთიო. რეალურად ორი ადამიანის გამონახტომს მოყვა ეს ხმაური. მერე მედია ჩაერთო, ვიღაცამ რაღაც მიამატა, ვიღაცამ რაღაც მოაკლო, ამას დაემატა პოლიტიკა, რამაც ყველაფერი საბოლოოდ დაამახინჯა და საქმე აქამდე მივიდა. პროვოკაციაზე წამოგვაგეს, ყველაფერი დამშვიდდა, ახლა მოვედი სოფლიდან და სრული სიმშვიდეა, პოლიცია პატრულირებს და არანაირი პრობლემა არ იყო. სიწყნარე და სიმშვიდეა გარეთ. ვისაუბრეთ ადგილობრივებთან ისე, როგორც ადრე ვსაუბრობდით. ეს იყო უაზრობა, იმაზე შევთანხმდით, რომ ეს არასოდეს არ უნდა განმეორდეს.

- სხვა რეგიონებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლამ ხომ არ დაძაბა ურთიერთობა? - არა, მე ასე არ ვფიქრობ. ეს დღეები ერთ წრეზე დავდიოდით, სახელმწიფო, ადგილობრივი მმართველობა ჩაერთო მოლაპარაკებებში, საპატრიარქოც, ჩვენგან უხუცესებიც, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მე პირიქით ვფიქრობ, გარედან შემოსულმა ხალხმა და დიდმა ხმაურმა დააჩქარა შერიგების პროცესი, თორემ შეიძლება უფრო უარესისკენაც წასულიყო ვითარება. ან შეიძლება შიგნითაც მოგვარებულიყო, მაგრამ ამას უფრო დიდი დრო დასჭირვებოდა. 10 თვეა ეს სამლოცველო გვაქვს, არასოდეს ყოფილა ხელის შეშლა ლოცვისთვის. თუ რამე იყო სოფლის ცენტში თანასოფლელების დონეზე იყო საუბარი.

- როგორც ქალბატონი მარიამი ამბობს, თქვენც მოგმართათ მან თხოვნით - დიახ, იმ მომენტში ცრემლი მეც გადმომივარდა, როცა დავინახე მარიამ მასწავლებელი ტიროდა. ის ჩემთვის მარტო ქართულის მასწავლებელი არა არის. ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა სულ. მე რომ ადამიანად ვარ ჩამოყალიბებული, ეს მისი დამსახურებაა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. არ შემეძლო ხვალ და ზეგ შევხვედროდი მარიამ მასწავლებელს ქუჩაში და მისთვის გვერდით ჩამეარა იმის გამო რომ მე ვიღაცამ ხელი შემიშალა ლოცვაში. ლოცვაში ხელის შეშლა არ არის სწორი. მე ვლოცულობ, თორემ ხომ არ ვიგინები. იმ ლოცვით ჩვენ არც მიწას წავბილწავთ, არც ხალხს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მორალურად ვაშავებთ რამეს. ამდენი წელი ერთად ვცხოვრობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.