შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში 1-ელ თებერვლამდე დარჩება | Allnews.Ge

შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში 1-ელ თებერვლამდე დარჩება

ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, რომ 1-ელ თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი, რაც ახლა გვაქვს. ჩვენი ამოცანა არის, რომ 1-ელ თებერვლამდე დარჩენილი 1-2 კვირა კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან, რათა 1-ელ თებერვლიდან მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც ვაჭრობის სექტორის, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მის მოადგილეებს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ შეხვედრები სხვადასხვა ბიზნესებთან და მსჯელობენ უსაფრთხო გახსნაზე.

„ახალი წლის წინა პერიოდმა აჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუქსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება არსებულ სტანდარტებს. შეიძლება იყოს დამატებითი მოთხოვნები გახსნისთვის და იმედია ეს გახსნა 1 თებერვლიდან მოხდება“, - აღნიშნა თურნავამ.