"თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა" - რომელ პრეპარატს ცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორია პირველადი შედეგები | Allnews.Ge

"თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა" - რომელ პრეპარატს ცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორია პირველადი შედეგები

ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია ანტივირუსულ მედიკამენტ მოლნუპირავირის შესახებ. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, იგი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, თუმცა როგორც ირკვევა, მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კვლევის მხოლოდ პირველადი ეტაპია ჩატარებული, რომელიც იმედისმომცემი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. არის მოლოდინი, რომ მედიკამენტმა, შესაძლოა, მოახერხოს და 24 საათში გაწყვიტოს ვირუსის რეპლიკაცია და გადაცემა.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ სამედიცინო საზოგადოება ამ მედიკამენტის მიმართ დიდი ოპტიმიზმით არ არის განწყობილი, რადგანაც მას იყენებდნენ სხვა კორონავირუსების წინააღმდეგ და რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოუღია. თუმცა ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ის შედეგი, რაც კვლევის საწყის ეტაპზე მოლნუპირავირმა აჩვენა, იმედის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

"ეს ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოირჩევა რომელიმე ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას იყენებდნენ sars-ის mers-ის წინააღმდეგ, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი ეფექტი არ უჩვენებია. ამის გამო დიდი ოპტიმიზმით ამ მედიკამენტს ვერ ვუყურებთ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ეფექტურიც აღმოჩნდეს, რადგან ეს სხვა კორონავირუსია, სხვა აგებულების. კვლევამ პირდაპირ აჩვენა, რომ მოლნუპირავირს აქვს კარგი ეფექტი sars cov 2 - ის წინააღმდეგ - იგი 24 საათში წყვეტს მის რეპლიკაციას. თუმცა ეს მხოლოდ იმედისმომცემი ინფორმაციაა და ჯერჯერობით მეტი არაფერი. საჭიროა, კვლევის დასრულება და საბოლოო ფაზაშიც იგივე შედეგის მიღება. თუ ამან ბოლომდე გაამართლა, ეს იქნება ნამდვილი გარდატეხა", - გვეუბნება ალექსანდრე გოგინავა.

მისი თქმით, იმის საბოლოოდ და უტყუარად დადგენას, გახდება თუ არა მოლნუპირავირი პირველი ეფექტიანი მედიკამენტი covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ნახევარი წელი მაინც დასჭირდება.