ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი | Allnews.Ge

ახალი წლის ახალი სკანდალი - კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ: რა გახდა განშორების მიზეზი

რეალითი შოუების ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი თავის რეპერ მეუღლეს, ქანიე უესტს დაშორდა. აღნიშნულის შესახებ წერენ გამოცემები - People და E! News.

“ისინი თვეებია უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ ისე, როგორც ცოლ-ქმარი, თუმცა ბავშვების გამო ერთმანეთის გვერდით დიდი დროის გატარება უწევთ. კიმმა ახლობლებს ქორწინების დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ შეატყობინა“, - უყვება მედიას კარდაშიანების ოჯახთან დაახლოებული წყარო.

როგორც ცნობილია, განქორწინებაზე სასამართლოსთვის ჯერჯერობით კიმს ოფიციალურად არ მიუმართავს და რადგანაც წყვილს 4 შვილი ჰყავს, ამ ეტაპზე თითოეულ ნაბიჯს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დგამს.

გამოცემა People-ის ცნობით, ქანიემ უკვე იცის, რომ კიმი მალე შეიტანს სასამართლოში ოფიციალურ განცხადებასაც გაყრის შესახებ. რეპერთან დაახლოებული პირის თქმით, ქანიე ამ ამბის გამო მოწყენილია, მაგრამ თვლის, რომ ასე აჯობებს.

მედიაში უკვე დიდი ხანია წერენ კიმისა და ქანიეს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ. ზაფხულში ქანიე უესტმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, კიმ კარდაშიანი სახლში ჩაკეტვას უპირებდა. ამავდროულად, რეპერმა არ გამორიცხა, რომ ცოლს განქორწინება მოენდომებინა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, დასავლურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა მოსალოდნელი ვარსკვლავური განშორების შესახებ.

მოგვიანებით კარდაშიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა ქანიე ვესტის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და წერდა, რომ მის ქმარს ბიპოლარული აშლილობა აქვს.

"როგორც იცით, ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ყველამ, ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი მსგავსი დარღვევით, იცის, როგორი რთული და მტკივნეულია მათი გაგება. ის შესანიშნავი, მაგრამ ძალიან რთული ადამიანია, რომლის სიტყვებიც ზოგჯერ არ ემთხვევა მის ზრახვებს“, - ამბობდა კიმი.

კარდაშიანის განცხადებითვე, ქანიეს ფსიქიკური პრობლემები დიდ გავლენას ახდენდა ოჯახზე. მისივე თქმით, აქამდე აღნიშნულ საკითხზე იმიტომ არ საუბრობდა, რომ ცდილობდა ბავშვებისა და ქანიეს პირადი სივრცე დაეცვა (წაიკითხეთ სრულად).

ქანიემ და კიმმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს და მას შემდეგ, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდათ. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა და 4 შვილი ჰყავთ.