რა ახალი პრობლემები შეიძლება გააჩინოს კორონავირუსის ახალმა შტამმა და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას? | Allnews.Ge

რა ახალი პრობლემები შეიძლება გააჩინოს კორონავირუსის ახალმა შტამმა და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას?

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა. ახალი შტამი Sars cov-2 - ის მუტირებული ვერსიაა, რომლის შესახებაც მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოებას ამ ეტაპზე მწირი ინფორმაცია აქვს. რა ვიცით კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულ შტამზე და რამდენად საშიშია იგი? - ambebi.ge ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველს, ზაზა წერეთელს ესაუბრა.

- რას წარმოადგენს ე.წ. ბრიტანული შტამი და როგორ ხდება ვირუსის მუტაცია?

- ეს ახალი ვირუსი არის sars cov2-ის სახეცვლილი, ანუ მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი. ვირუსის მუტაციის დროს ცვლილება ხდება ვირუსის DNM-ის ან RNM-ის მიმდევრობაში. როდესაც ის ხვდება ადამიანის ორგანიზმში იქ იწყებს გამრავლებას, ამ დროს შესაძლოა, რომ რომელიღაც RNM ან DNM შემთხვევით შეიცვალოს, რაღაც შეცდომა მოხდეს ვირუსის რეპლიკაციის დროს (როგორც ჩვენ შეიძლება ქსეროქსის დროს შეგვეშალოს და ფურცელი სხვანაირად დავდოთ და გამოვიდეს სხვანაირი ვარიანტი) ამიტომაც არის მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენა.

- რა ვიცით ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალ სახეობაზე?

- ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის უფროსმა ლექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი გენეტიკური ვარიანტის (Rt) გავრცელება დაახლოებით 1,74 ჯერ მეტია, ვიდრე წინა SARS-CoV-2– ის შემთხვევაში. ეს პარამეტრი აჩვენებს, ერთი დაავადებული ადამიანი მის იზოლაციამდე, საშუალოდ, რამდენი ადამიანის დაინფიცირებას ახერხებს. მისივე თქმით, კორონავირუსის "ბრიტანული" შტამი, განსხვავებით წინასგან, უფრო ინფექციური აღმოჩნდა 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ამიტომ, მუტირებული ვირუსი უფრო სავარაუდოა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოიწვევს შემთხვევების (მათ შორის ასიმპტომურის) ზრდას. ბავშვებსა და მოზარდებში ინფექციის გაზრდის გამო, კორონავირუსის ახალი შტამი შეიძლება უფრო სწრაფად გადავიდეს მოზრდილებშიც, რაც იწვევს დაავადების დაჩქარებულ გავრცელებას.

- მსოფლიოს ჯერ წინამორბედი კორონავირუსი არ დაუმარცხებია და კიდევ ერთი, უცნობი სახეობის ვირუსი იწყებს გავრცელებას. შეიძლება თუ არა საგანგაშო ვუწოდოთ შექმნილ ვითარებას?

- ეს, რაც საქართველოში დაფიქსირდა პირველად, ბრიტანული შტამის ვარიანტია და საგანგაშო შეიძლება იყოს იმ მხრივ, რომ თუკი არ შევწყვეტთ ხალხმრავალ შეხვედრებს და ღონისძიებებს და მობილურობას, უფრო სწრაფად გავრცელდება და შემთხვევების რაოდენობაც მოიმატებს, განსაკუთრებით ამ საახალწლო და საშობაო შეხვედრების გამო. ეს ვირუსი, როგორც ცნობილია, ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია შეზღუდვების გამკაცრება, განსაკუთრებით, მასობრივი შეკრებების აკრძალვები.

- გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი ნაკლებად აგრესიული და საშიშია. ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ჯერჯერობით ასე ჩანს, კი. არ არის მძიმე შემთხვევები, მაგრამ, როგორც იცით, ახალგაზრდებში ის ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაბამისად, თუ კი ამ ჯგუფში გაიზარდა უსიმპტომო შემთხვევები, ეს გაზრდის მისი გავრცელების სისწრაფესაც სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე და ამიტომაც უნდა მოვერიდოთ თავშეყრებს.

- როგორ ფიქრობთ, დაემორჩილება ახალი შტამი covid-19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებს თუ ახალი ვაქცინა გახდება საჭირო?

- შეუძლებელია ახალა ამის გადაჭრით თქმა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი შეიძლება განვითარდეს მუტაციის პროცესი, თუმცა ვაქცინის შემქმნელები ცდილობენ მაქსიმალურად გაითვალისწინონ შესაძლო ცვლილებები და საჭირო არ გახდეს ახალი ვაქცინების გამოგონება.

- ნორვეგიაში რა ვითარებაა კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების თვალსაზრისით?

- კორონავირუსის მართვის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე წარამტებული ქვეყანაა. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გავქვს გავრცელების თვალსაზრისით. ახალი შტამი ნორვეგიაში ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ფინეთში გამოვლინდა, დაახლოებით, 10 შემთხვევა უკვე.

- რა რეკომენდაციები გაქვთ ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობისთვის მთავრობისა და საზოგადოებისთვის?

- უპირველესად გვახსოვდეს, პანიკა არასდროს ვარგა და არც ახლაა საჭირო. უნდა ვადევნოთ თვალ - ყური როგორ განვითარდება მოვლენები და რა ახალს აღმოაჩენენ მეცნიერები. ამავე დროს, უნდა გავაგრძელოთ ყველა დამცავი საშუალების და შეზღუდვის მაქსიმალურად დაცვა და თუ საჭირო გახდება, ქვეყანამ ახალი შეზღუდვები უნდა შემოიღოს და მოსახლოებაც ამას გაგებით უნდა შეხვდეს და დაემორჩილოს. ამავე დროს, მან, ვინც მართავს პანდემიას საქართველოში, მაქსიმალურად ღიად და დროულად უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მოსახლეობას, რათა თავიდან ავიცილოთ ჭორები და გადაუმოწმებელი ინფორმაციები, რაც ძალიან ხელშემშლელია პანდემიის მართვის დროს.