ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი | Allnews.Ge

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 2021 წლის ვრცელ ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს:

"მოდის თეთრი (ლითონის) ხარის წელიწადი! ხარის წელიწადი 2021 წლის 11 თებერვალს იწყება და 2022 წლის 30 იანვრამდე გასტანს.

ხარი, აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვით მეორე ნიშანია და დასავლურ ასტროლოგიაში კუროს შეესაბამება.

ხარის წლებია: 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021, 2033…

  • როდის შემოდის ახალი წელი?

რადგან ბევრი ვერსია ვრცელდება და ერთგვარი დაბნეულობაა საზოგადოებაში ხარის წლის შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით, განიხილება 3, 11, 12 თებერვალი და გაუგებარია, რომელია სწორი ვერსია, შევეცდები მოკლედ ავხსნა: ჩვენთან ხარის წელი ახალმთვარეობაზე, 11 თებერვალს ვირთხის საათზე (23:05) შემოდის ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით. ჩინელები ახალი წლის, ახალი ციკლის დაწყებას ითვლიან ახალმთვარეობიდან და ამ დროს იმართება ხოლმე ეს სადღესასწაულო ცერემონიალები და ზეიმები, მაგრამ ეს ახალმთვარეობა და ხარის წლის დაწყება ჩინეთის დროით 03:05 წუთზე ხდება, ანუ, მათთან არის 12 თებერვალი, ჩვენთან კი 11 თებერვალი) (გადავამოწმე და გადმოვთვალე) რაც ეხება 3 თებერვალს - ეს თარიღი კავშირშია ისევ აღმოსავლურ, მაგრამ ახლა უკვე მზის ათასწლიან კალენდართან (ორივეთი ხელმძღვანელობენ) და მის მიხედვით 3 თებერვალს იწყება ხარის ენერგიის შემოსვლა, უბრალოდ ფიქსაციაა მომენტის, მეტი არაფერი და არც არანაირი აღვნიშვნა და დღესასწაული ამას არ ერთვის თან.

უფრო გასაგებად რომ ავხსნა, რაღაც ამდაგვარია - ჩასახვა და დაბადება. ჩასახვაში ვგულისხმობ 3 თებერვალს და დაბადებაში - 11-ს. სულ ესაა).

  • როგორი იქნება ხარის წელი?

როგორც აღვნიშნე 2021 წელი ლითონის, თეთრი, ხარის წელია. ხშირად მეკითხებიან, რატომ თეთრი? ჩინურ მეტაფიზიკაში ცნობილია აღმოსავლური ზოდიაქოს 12 ნიშანი და ასევე, სტიქიის 5 ელემენტი, ესენია: მიწა, წყალი, ცეცხლი, ხე, მეტალი და თითოეული წელი რომელიღაც ელემენტს შეესაბამება 2021 წელს, თეთრი ხარის წელი დგება, რადგან წლის ელემენტის მიხედვით ეს არის მეტალის ელემენტი, მეტალის ფერი კი თეთრია, აქედანაა სწორედ ხარის თეთრი ფერი. კონკრეტული ნიშნის ელემენტი მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ მეორდება, მანამდე კი, შესაძლოა იგივე ნიშნის წელი იყოს, მაგრამ წლის მიხედვით მას სხვა ელემენტი ჰქონდეს. ანუ, 60 წლის წინ, 1961 წელს, ასევე, თეთრი ხარის წელი გვქონდა, შემდეგი, ისევ თეთრი (ანუ მეტალის) ხარის წელი - 2081 წელს გვექნება და ა.შ.. სხვა წლებში კი ხარს, მეტალის ენერგიის ნაცვლად, სხვა ელემენტი ექნება და შესაბამისად, ფერსაც სხვას ვიტყვით (მაგ.: წითელი ხარი, ანუ ცეცხლის სტიქიის, ლურჯი ხარი - წყლის და სხვ.).

ეს "ფერები", ანუ ელემენტები, ხარისხობრივად, მუხტით, ბუნებით სრულიად განსხვავებულ ხასიათს ატარებენ. ა.მ. მეტალის თეთრი ხარი, - მეტად მდგრადი, ამტანი, ნაკლებად ემოციურია, ვიდრე, ვთქვათ, წყლის და ა.შ. რა სტიქიისაც არ უნდა იყოს ხარი, ის აღმოსავლურ ასტროლოგიაში ცნობილია როგორც რაციონალური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, კონსერვატორული და მშვიდი ბუნების მატარებელი. მას არ უყვარს ზედაპირულობა და ხშირად, ზედმეტად სერიოზული, ცოტა მძიმეა. და რადგან ხარი 2021 წლის მბრძანებელია, ადამიანებისგან სწორედ ამ თვისებებს მოითხოვს: მხოლოდ რაციონალური გადაწყვეტილებები, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნაკლები დროსტარება და ზედაპირულობა, ნაკლები არაპრაქტიკულობა და ღრუბლებში ფრენა. ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი, გაანალიზებული, თითოეული ნაბიჯი რაციონალური - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვაძლევს წარმატებას. მას არ უყვარს სიზარმაცე, სპონტანურობა და დაუფიქრებელი ნაბიჯები. პასუხისმგებლიანი და ორგანიზებულია. უდიდესი მოთმინების და ატანის უნარით გამოირჩევა, ამიტომ, სხვებისგანაც იგივეს ითხოვს. ამიტომ შემდეგ წელს რაც მეტად წინდახედული, რაციონალური, პრაგმატული გათვლებით ვიცხოვრებთ, არ ვიზარმაცებთ, გამოვიჩენთ შრომის მოყვარეობას, - მეტად წარმატებული წელი გვექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ხარი თავშეკავებული და ხშირად რომანტიკას მოკლებულია, ეს წელი კარგია ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ვინაიდან ხარი არაა არაპროგნოზირებადი, უყვარს სიმყარე, ერთგულება, სტაბილურობა, ამიტომ ამ წელს შექმნილი ოჯახებიც სიმყარითა და სტაბილურობით იქნება დასაჩუქრებული.

ეს კარგი წელია ასევე აგრარული სფეროსთვის, სოფლის მეურნეობის დარგებისთვის, ყველა ადამინისთვის, ვინც ბუნებასთან, მეცხოველეობასთან დაკავშირებულ სფეროებშია, ვინც მიწასთან მუშაობს ან უბრალოდ, ვისაც ფიზიკური შრომა უწევს - მათ ამ წელში წარმატების იმედი უნდა ჰქონდეთ.

ჯანმრთელობის მხრივ - 2021 წელს ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. ვისაც ვენების, სისხლძარღვების პრობლემები გაწუხებთ, ხშირად გადაიმოწმეთ სისხლი, გაიკეთეთ კოაგულოგრამა, შეამოწმეთ ჰემოგლობინი, ჰორმონები. ასევე, ყურადღებაა საჭირო ყელის ზონის დაავადებების მიმართ, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან ყურადღება მართებს სასუნთქ და ნერვულ სისტემას.

  • როგორი იქნება 2021 წელი?

2021 წლის მთავარი ტენდენციაა ცვლილებები, ოღონდ ეს ცვლილებები იქნება მშვიდი, თანდათანობითი, ეტაპობრივი. ძველს ენაცვლება ახალი და ეს, შესაძლოა ერთი შეხედვით ვერც კი შევამჩნიოთ 2020 წელთან შედარებით 2021 წელი შედარებით მსუბუქი იქნება ბევრი მიმართულებით. შეგახსენებთ, 2020 წელს ვირთხის წლით დაიწყო სამყაროში ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი. მართალია, 2020 წელი გლობალური მასშტაბით საკმაოდ მძიმე, კრიზისული წელი აღმოჩნდა და ბევრ ადამიანს უმძიმესი და რთული პერიოდი ჰქონდა (თუმცა ბევრმა სწორედ ამ დროს მოახერხა ახალ ეტაპზე გადასვლა, წარმატების მიღწევა, გამდიდრებაც და საკმაოდ დიდი კაპიტალის დაგროვებაც, რაც წლის ტენდენციაში იდო), მაგრამ ამ სირთულეებს მხოლოდ ვირთხის წელს ნუ დავაბრალებთ. ჩვენ, ადამიანებმა, მთლიანად სამყარომ საკმაოდ რთული პლანეტარული ასპექტები გაიარა, ასევე გვქონდა 6 (!) დაბნელება, რაც ძალიან იშვიათობაა და ამასთან, თუ ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ საუკუნის დასაწყისი ყოველთვის რადიკალურ ცვლილებებთან, მსოფლიო მასშტაბის მოვლენებთან არის ხოლმე დაკავშირებული, სამყაროში კი ყველაფერი გარკვეულ ციკლს ემორჩილება. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წელს შეზღუდვების მთავარი პლანეტა, სატურნი თავისუფლების ნიშანში, მერწყულში იმოძრავებს და კვლავ შეეცდება გარკვეულწილად ჩვენთვის თავისუფლების შეზღუდვას, 2021 მაინც შედარებით მსუბუქი წელი იქნება 2020 წელთან შედარებით, მით უფრო სექტემბრის შემდეგი პერიოდი, მანამდე კი, შესაძლოა ცოტა დაძაბული იყოს ზოგადად სამყაროსთვის იანვრის თვე, მაგრამ მჯერა, რომ ამასაც ადამიანები წარმატებით გავუმკლავდებით!

რაც ეხება შეზღუდვების მოხსნას, კორონავირუსის გავრცელების შესუსტებს, - ეს ყველაფერი გაზაფხულზეა მოსალოდნელი, აპრილიდან ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები შესაძლოა დრო და დრო მაინც გვქონდეს. რაც ეხება საბანკო - საფინანსო სფეროს, - ამ მხრივ წლის პირველი ნახევარი ჯერ კიდევ რთულია, მით უფრო მარტის ბოლო და შესაძლოა ზოგადად გაზაფხული. მოსალოდნელია ბევრი მოულოდნელობა და ცვლილებები მსოფლიო საბანკო სისტემაში, ფინანსებში. ზაფხულის ბოლოდან, თანდათანობით, ეს სფერო დაიწყებს გამოსწორებას, მაგრამ მანამდე, შესაძლებელია გარკვეული ხასიათის მოულოდნელობების მომსწრენი გავხდეთ - შეგახსენებთ, კუროს ნიშანში ამჟამად იმყოფება მოულოდნელობების პლანეტა ურანი, ასევე, ფიქტიური პლანეტა ლილიტი, რასაც ცოტა ხანში უერთდდება მარსი და ასევე, სამომავლოდ დგება სატურნი - ურანის კვადრატი, რაც გარკვეულ კრიზისულ მდგომარეობას შექმნის საფინანსო სფეროში, არამარტო ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში, ამიტომ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ეკონომიურობა, მოვერიდეთ სპონტანურ საყიდლებს და საეჭვო გარიგებებს.

შემოდგომიდან სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, მაგრამ კრიზისის საბოლოოდ დაძლევის შესაძლებლობა, უფრო წლის ბოლოდან, 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი. მოკლედ, ცოტა დრო გვიჭირდება და ემოციურად შემზადებულები უნდა დავხვდეთ წლის ტენდენციებს, გამოვიჩინოთ მოთმინების უნარი და არ დავკარგოთ უკეთესი მომავლის რწმენა! რომელიც, აუცილებლად იქნება!

  • ზოდიაქოს რომელი ნიშანს რას პირდება 2021 წელი?

ვინაიდან, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდია ინტერესი ამ თემის მიმართ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუმცა მაინც შეგახსენებთ - ვის როგორი წელი ელის, ეს მხოლოდ მის პირად ჰოროსკოპში ჩანს. რაც არ უნდა ვთქვა, ეს მაინც ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი პასუხი გამოვიდეს, რადგან ალბათ გესმით, რომ ყველა კუროს ერთნაირი წელი ვერ ექნება, ან ყველა ლომს. ამის პროგნოზირება მხოლოდ ინდივიდუალური რუკის შედგენის შედეგადაა შესაძლებელი. ზოგადად, კი შემიძლია, გითხრათ რომ, მომავალი 2021 წელი კარგია ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნებს არ გაუმართლებთ! შესაძლოა მათთან სწორედ ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებშია გადანაწილებული პლანეტათა უმრავლესობა, რაც უკვე სრულიად ცვლის სურათს და წარმატების მაღალ ალბათობას გვაძლევს.

ვერძისთვის ბოლო წლები საკმაოდ რთული იყო, მეტად კონფლიქტური, ტრავმული, აგრესიული აღმოჩნდა და განსაკუთრებით 2020 წლის მეორე ნახევარი. 2021 წელი, ამ მხრივ, უფრო მსუბუქი, მეტად წარმატებული იქნება, მთავარია ხარის პრინციპების დაცვა - სიბეჯითე, საქმის ბოლომდე მიყვანა, მუყაითობა და არა სპონტანური ან ზერელე გადაწყვეტილებები. ვერძებს ეძლევათ საშუალება შეიძინონ ახალი მეგობრები, გაზარდონ თანამოაზრეთა წრე, მეტად დაკავებულნი და რეალიზებულნი იყვნენ სოციალურ სფეროში, მოახდინონ გარკვეული ცვლილებები, განახორციელონ რეფორმები, მოკლედ, ბევრად უკეთესი, ბევრად დინამიური წელი დგება მათთვის.

კუროსთვის საკმაოდ კარგი წელია კარიერული და პროფესიონალური თვალსაზრისით, თუმცა, ამავდროულად საყურადღებო წელია, ვინაიდან თითქმის აგვისტომდე კუროს ნიშანში იმყოფება ე.წ. ლილიტი, მაცდუნებელი პლანეტა, ასევე, ურანი, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებს ამ ნიშანს ფულთან, კაპიტალდაბანდებებთან, მსხვილ ფულად გარიგებებთან მიმართებით, მაღალია მატერიალურ საკითხებში შეცდომების დაშვების ალბათობა და სამომავლო დანაკარგების თავიდან ასაცილებლად წინდახედულობის გამოჩენა სჯობს. არ დაგავიწყდეთ ეკონომიურობა, მოერიდეთ სპონტანურ საყიდლებს და ფულის ფლანგვას. სხვა მხრივ, მშვიდობაა.

ტყუპებისთვის საკმაოდ სასიკეთო, ჰარმონიული პერიოდი დგება მერწყულში მდგარი პლანეტების ჰარმონიული ასპექტის დამსახურებით. კარგი პერიოდია შემეცნების, განათლების მიღების, მოგზაურობის თვალსაზრისით. მათ გადადებული პროექტების, ჩანაფიქრის მარტივად განხორიელების საშუალება ეძლევათ, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ შემდეგი წელიწადი. თუმცა, 24 ივლისიდან ტყუპების ზოდიაქოში გადმოდის ე.წ. შავი მთვარე, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან გარკვეულ სიფხიზლეს მოითხოვს - აუცილებელია გაცხრილოთ არასაჭირო კონტაქტები, გადაამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, წაუკითხავად არც ერთ დოკუმენტს არ მოაწეროთ ხელი, გააკონტროლოთ საუბარი და მეტი იმუშაოთ ურთიერთგაგებაზე, მაშინ წელი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის.

კირჩხიბისთვის შედარებით ამოსუნთქვის, უფრო მსუბუქი წელი მოდის, რომელიც ისევე, როგორც თხის რქა, სატურნის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა ამ ბოლო წლების მანძილზე, რადგან სატურნი (შეზღუდვები) მის ოპოზიციურ ნიშანში, თხის რქაში იდგა, რაც თავისთავად, მასზეც აისახა. 2021 წელი არ იქნება მათთვის ასეთი სტრესული და დამქანცველი და უფრო მარტივად გამოვა ჩანაფიქრების რეალიზება. ეს არის მათთვის ტრანსფორმაციის, სულიერი ზრდის წელი, ბევრთან შესაძლოა მემკვიდრეობის, სხვისი ფინანსების, ქონების საკითხებიც კი დადგეს დღის წესრიგში.

ლომებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, მოვლენები შესაძლოა სწორედ ამ სფეროში განვითარდეს. დაუოჯახებელ ლომებს ეძლევათ დაოჯახების შანსი, დაოჯახებულებს კი - პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეტი ყურადღების და დიპლომატიის გამოვლენა მართებთ პარტნიორების მიმართ, ეხება ეს საქმიან, თუ სასიყვარულო პარტნიორებს, არ აქვს მნიშვნელობა. თუ ხდება ამ მხრივ ყურადღების გამახვილება, ამასთან, თუ ლომები არ იზარმაცებენ, მაშინ საკმაოდ წარმატებული წელია მოსალოდნელი.

ქალწულისთვისაც არ იქნება ცუდი შემდეგი წელი, განსაკუთრებით სამსახურისა და პროფესიონალური ზრდის კუთხით. თუმცა, რადგან მათ ისედაც უყვართ მუშაობა და 2021 წელს, კიდევ უფრო მეტად დაიხარჯებიან ამ სფეროში, შესაძლოა გადააჭარბონ და ზიანი მიაყენონ საკუთარ ჯანმრთელობას, ამიტომ აუცილებელია ისწავლონ ბალანსის დაცვა, დასვენება, არ გადაიტვირთონ თავი. ზომიერების დაცვით - ყველაფერი კარგად იქნება.

სასწორისთვის საკმაოდ კარგი, ჰარმონიული წელია, რადგან ისიც ჰაერის ნიშანს განეკუთვნება, ამიტომ წარმატებები მოსალოდლელია ბევრი მიმართულებით. ეს წელი შესაძლოა ბავშვის გაჩენის, ან სასიყვარულო, რომანტიკული ურთიერთობების წელიც აღმოჩნდეს. სასწორებისთვის, 2021 - შემოქმედებითი რეალიზების, თვითგამოხატვის წელია. გამოიყენეთ შანსები.

მორიელისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება სახლის და სახლთან დაკავშირებული სფეროებისთვის, შესაძლოა ბევრმა მიწა, ან სახლი შეიძინოს, ან სხვა სახლში გადავიდეს საცხოვრებლად. შესაძლოა სახლში მატებაც მოხდეს, მოკლედ, სახლი - აქცენტირებული თემა იქნება მათ ცხოვრებაში, თუმცა არც სხვა სფეროებისთვის იქნება წელი ცუდი.

მშვილდოსნისთვის - პერსპექტიული წელია! ამ ნიშანში მფარველი ანგელოზის გადასვლის შედეგად, ბევრი მათგანისთვის ახალი ჰორიზონტები იხსნება. მშვილდოსანი ისედაც არ უჩივის ხოლმე იღბალს, მაგრამ ამ ინგრესიის შედეგად, მათი იღბლიანობა კიდევ მეტად მოიმატებს. მათ ელით ახალი ნაცნობობა, ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და გადაადგილებებები. ეძლევათ შანსი დაამყარონ საჭირო კონტაქტები, მიაღწიონ წარმატებას კომერციულ სფეროებში, რაღაც ახალი ისწავლონ, რაც ისედაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს თითოეულ მათგანს.

თხის რქა 2021 წელს ბევრად მსუბუქად იგრძნობს თავს. მან ჩააბარა სამყაროსეული გამოცდები და ახლა უკვე გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ნიშანში 2020 წელს გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი იმყოფებოდა და წესით, ახალი პერპექტივები და შესაძლებლობები უნდა მოეტანა ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, ბევრისთვის წელი მაინც არ აღმოჩნდა განსაკუთრებით იღბლიანი, ვინაიდან ბოლო 3 წლის მანძილზე თხის რქის ნიშანში ასევე იმყოფებოდა მთავარი შემზღუდველი პლანეტა სატურნი, რომელსაც უფრო ძლიერი სტატუსი აქვს თხის რქაში, ვიდრე იუპიტერს, რამაც დაბლოკა ამ იუპიტერის შეპირებული სიმსუბუქე და იღბლიანობა, თუმცა ბევრისთვის, გასულ სამ წელში სერიოზულ სასიკეთო ცვლილებები მოხდა, ე.ი. სატურნმა დაუფასა შრომა. ის სამართლიანია და არასდროს დაუკარგავს ადამიანს ძალისხმევას და სატურნის კეთილგანწყობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იუპიტერის მოტანილი საჩუქრები.

მერწყულისთვის ეს ყველაზე წარმატებული წელია, რადგან სატურნთან ერთად, მასთან გამარჯვების პლანეტა, იუპიტერიც გადავიდა, ამიტომ მერწყულებს ეწყებათ ახალი ეტაპი, ეძლევათ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების საშუალება. არ გაუშვათ მოცემული შანსები ხელიდან. დაიწყეთ რაიმე ახალი! მთავარია პრაგმატიზმი, რაციონალური ხედვა და რეალისტური გეგმები, დანარჩენში უკვე იუპიტერი დაგეხმარებათ.

თევზებისთვის 2021 მნიშვნელოვანი წელია. მათთვის და წყლის სხვა ნიშნებისთვის იდეალური უფრო 2022 წელს იქნება, როდესაც გამარჯვების პლანეტა იუპიტერი უკვე თევზების ნიშანში გადაინაცვლებს, თუმცა არც 2021 წელი იქნება ურიგო - ეს არის სულიერი ზრდის, ჩაღრმავების, საკუთარი თავთან შეხვედრის წელი. შესაძლოა ბევრმა მათგანმა საკუთარ თავში რაიმე ფარული უნარები აღმოაჩინოს. ბევრი თევზისთვის ეს სულიერი ძიებების პერიოდია, რის შედეგადაც სულიერი სიმშვიდე, ჰარმონია ისადგურებს, მთავარია შეინარჩუნონ ოპტიმიზი და არ აყვნენ აპათიურ განწყობებს.

  • რაც ეხება აღმოსავლურ ნიშნებს:

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია თვითონ ხარისთვის. მათთვის იწყება განვითარების 12 წლიანი ციკლი. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა სასურველია დაიწყონ რამე ახალი, თუნდაც ის, რაც დიდი ხანი სურდათ და არ ჰქონდათ განხორციელების ენერგია ან იმედი. მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენეთ მომდევნო წელი, რომლის მოსავლის აღებაც, შემდეგი 12 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

ეს სასიკეთო წელია ასევე: ვირთხის, მაიმუნი, მამლის, ტახის, დრაკონისა და კატის წელში დაბადებულთათვის.

სხვა ნიშნებისთვის - მეტ-ნაკლებად. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და პირად რუკაზეა დამოკიდებული.