ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში ახალი წლიდან ამოქმედდება | Allnews.Ge

ცვლილებები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში ახალი წლიდან ამოქმედდება

ხვალიდან, 2021 წლიდან ქვეყანაში სხვადასხვა ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება. მათ შორის, ძალაში ბრუნდება გარკვეული შეზღუდვებიც, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესდა.

კერძოდ, უკვე 3 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით კვლავ დაიკეტება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ( საუბარია, არასასურსათო მაღაზიებზე). ამასთან, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები - უქმე, ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდება. ამ პერიოდში არ მუშაობენ საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.   რაც შეეხება სხვა ცვლილებებსა და რეგულაციებს, გთავაზობთ, რამდენიმე სიახლეს, რომელიც ქვეყანაში მომავალ 2021 წელს უნდა ამოქმედდეს:

გაზრდილი ტარიფები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები. კერძოდ, „თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. თუცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება. კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.

მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი გაეზრდება 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ.

1-ლი იანვრიდან იზრდება პენსიები 2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში პენსიები გაიზრდება. კერძოდ, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

ხვალიდან მოქალაქეები ქვეყნიდან გამგზავრებამდე შემოწმდებიან 1-ლი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შენგენის ზონაში შესვლის შემდეგ, არამედ ქვეყნიდან გამგზავრებამდე შეამოწმებენ. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით.

ახალი მოთხოვნები კლინიკებისთვის 2021 წლის 1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნების/რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

რეგულაციები სათამაშოების იმპორტიორებისთვის მომავალი, 2021 წლიდან დაგეგმილია ახალი რეგულაციის ამოქმედება სათამაშოების იმპორტიორებისთვის, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება.

განაგრძეთ კითხვა