რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე სამსახური, რომელიც არ გვიყვარს | Allnews.Ge

რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე სამსახური, რომელიც არ გვიყვარს

“უსამართლობა სამსახურში-განსაკუთრებული ტოქსიკური ფაქტორია, რადგან ის პირდაპირ ჩვენს არსს ურტყამს. როცა უსამართლოდ მექცევიან, შეურაცხყოფენ ჩემი, როგორც პიროვნების ღირსებას, ფიქრობენ რა, რომ არ ვიმსახურებ პატივისცემას"-ასე ჩამოაყალიბა დამთრგუნველი სამსახურის პრობლემა კანადელმა ფსიქოლოგმა კევინ კელოიმ.

შრომითი ურთიერთობები არა მარტო ჩვენს დღის განწყობაზე მოქმედებენ, არამედ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ფიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. ამჯერად თქვენს ყურადღებას რამდენიმე საფრთხეზე შევაჩერებთ:

1.იცვლება თქვენი კვებითი ჩვევები

შიმშილის გრძნობა და მადა მჭიდრო კავშირშია ჩვენს ემოციებთან. ძლიერი სტრესის დროს ადრენალინის გამოყოფა ხდება. სტრესს ორგანიზმი საფრთხედ აღიქვამს და ადრენალინის გამოყოფით ძალას გვაძლევს გასაქცევად . ამ დროს კი ისეთი შეგრძნებები ითრგუნება, როგორიცაა შიმშილი. ამით აიხსნება, რომ ზოგიერთი ადამიანი სტრესის დროს წონაში იკლებს.

ზოგს კი პირიქით, საწინააღმდეგო პროცესი უაქტიურდება: სტრესის დროს გამოიყოფა კორტიზოლი, რომელიც მადას აძლიერებს და ადამიანს გამუდმებით ჭამის სურვილი აქვს, განსაკუთრებით-ტკბილეულის.

2.ზიანდება თქვენი სხეული

როცა სამუშაო არა მარტო უინტერესო, არამედ აუტანელიცაა, თქვენი სხეული შესაბამისად რეაგირებს. გრძნობს რა თავს დაჩაგრულად, ზოგიერთი ადამიანი ამ დროს იხრება და თავს მხრებში რგავს, რომ უფრო შეუმჩნეველი გახდეს. ისინი კი, ვინც დაცვის აგრესიულ პოზიციაზეა, გამუდმებით დაჭიმულები არიან და კუნთები მუდამ დაძაბული აქვთ.

ორივე შემთხვევაში ჩვენი სხეული ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს იმყოფება. ამ დროს კი ჩვენი რეაქციები ავტომატურია, მაშინაც კი, თუ ვიცით რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ფსიქოლოგიურად არაჯანსაღი სამსახურის შედეგებია: კისრის ოსტეოქონდროზი, შაკიკი და ბრუქსიზმი.

3.საჭმლის მომნელებელი სისტემის შეფერხება

სტრესი ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც უარყოფით ზეგავლენას ახდენს. უკეთეს შემთხვევაში-საჭმლის მიღების შემდეგ შესაძლოა განწყობის ცვლილება შეამჩნიოთ, უარეს შემთხვევაში კი-საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, შეკრულობა და მეტეორიზმი.

4.ხშირად ავადმყოფობთ

თუ ხშირად ავადმყოფობთ, ეს შესაძლოა თქვენს აუტანელ სამსახურს უკავშირდებოდეს. კვლევები ამტკიცებს, რომ ქრონიკული სტრესი, ხანმოკლე სტრესისგან განსხვავებით, ასუსტებს ჩვენს იმუნიტეტს.

ყოველდღიური სტრესის დროს ხდება ჰისტამინების გამოყოფა, რამაც შესაძლოა ასთმიანების მდგომარეობა გაართულოს. ინსულინის ცვალებადობა კი ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით-მძიმეწონიან ადამიანებში.

5.გრძნობთ, რომ სულელდებით

როცა უსიამოვნო სამუშაოს გამუდმებით ასრულებთ, ამ დროს თავს იჩენს ე.წ. “თავში ფაფის" სინდრომი: გამუდმებული და გამომფიტავი დაღლილობა, მეხსიერების გაუარესება, ყურადღების და ტვინის აქტივობის დაქვეითება.

6.ძილის დარღვევა

ქრონიკული სტრესის სიმპტომია ასევე ძილის დარღვევა. ამ დროს გიჭირთ ჩაძინება, რადგან თქვენი ტვინი მშვიდად არაა, ან კიდევ ხშირად გეღვიძებათ შუაღამისას. დილით კი შფოთვით გეღვიძებათ და იმ აზრით ხართ შეპყრობილი, რომ სამსახურში არ დააგვიანოთ.

უძილობაში ორ-სამ უძილო ღამეს როდი ვგულისხმობთ, არამედ ძილის სისტემატიურ დარღვევას.

7. ფსიქოლოგიურ ხაფანგში ხართ

საქმე ისაა, რომ ამ ხაფანგიდან თავის დაღწევა არც ისე ადვილია. ახალი სამსახურის მოძებნას დრო, ძალა, მოტივაცია და რესურსი უნდა, სწორედ ის, რაც არ გაგაჩნიათ.

პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ ფსიქოთერაპევტსაც მიმართოთ. თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომელთაც ფსიქიკური დარღვევები აქვთ, ხშირად უფრთხიან ჭორებს და სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს მათ აიძულებს გადადონ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება და დახმარებას საიდანღაც ელიან, რაც ფრიად არარეალურია.

8.ანადგურებთ საკუთარ მომავალს

საკუთარი სამსახურის მიმართ სიძულვილმა შესაძლოა წლების შემდეგ იჩინოს თავი. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრეულ ასაკშივე იმედგაცრუებულნი იყვნენ საკუთარი სამსახურით, 40 წლის ასაკში მერყევი ფსიქიკით და დეპრესიისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდნენ. კვლევის ავტორ ჰუეი ჟინის თქმით, ასეთმა ფსიქიკურმა მდგომარეობამ შესაძლოა სხვადასხვა ფიზიკური დაავადებების პროვოცირებაც მოახდინოს, ისეთების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება და ა.შ.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს?

რა თქმა უნდა, ყოველი სტუაცია თავისებურ მიდგომას მოითხოვს, თუმცა არსებობს რადენიმე უნივერსალური რჩევა, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:

1. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი მდგომარეობა ნამდვილად არასასურველი სამუშაოს შედეგია. თუ ხშირად იცვლით სამსახურებს და ხშირად აწყდებით “ცუდ კოლექტივს", შესაძლოა პრობლემა კოლექტივში კი არა თქვენშია.

2.გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ სამუშაოს მოსწყდეთ. შესვენებისას თუ ლანჩის დროს გამოდით სამსახურიდან, შეიცვალეთ გარემო. საღამოობით და დასვენების დღეებში კი დიდი დრო დაუთმეთ თქვენს საყვარელ საქმიანობას.

3.ილაპარაკეთ თქვენს პრობლემებზე. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები ახლობლებს და მეგობრებს. ზოგჯერ ის, რაც გჭირდებათ, გულახდილი საუბარია.

4.მიმართეთ ფსიქოლოგს. ეს შეგიძლიათ ანონიმურადაც გააკეთოთ.

5.დაბოლოს, გათავისუფლდით სამსახურიდან! თუ ამ სტატიის კითხვისას ბევრი პუნქტი მიიჩნიეთ აქტუალურად, შესაძლოა სიტუაცია უკვე ჩიხშია შესული და დროა პრიორიტეტებს გადახედოთ.