"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი? | Allnews.Ge

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგებული ბინა გავყიდე, დავამატე თანხა და დავიწყე ძებნა" - როგორ გამოიყურება ქეთი ხატიაშვილის ახალი სახლი?

ქეთი ხატიაშვილის გვარ-სახელი და პირველი წარმატება ფართო საზოგადოებისთვის მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უკავშირდება. ქეთი დღესაც აქტიურია. პანდემიის პერიოდში „ტელესკოლის“ ფარგლებში პატარებს ტანვარჯიშს ასწავლიდა, სახლში კი შვილთან ერთად იღებდა ვიდეოებს, რომლებსაც ინსტაგრამზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა. არც ისე დიდი ხნის წინ ქეთიმ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგებული სახლი გაყიდა, გარკვეული თანხა დაამატა და დიდი დიღმიდან საცხოვრებლად ვერაზე გადავიდა. სახლის შერჩევის, რემონტისა და მოწყობის ამბების გასაგებად ქეთის ახალ სახლში ვეწვიეთ.

- ამ სახლში დაახლოებით 6 თვის წინ გადმოვედი, მანამდე დიდ დიღომში ვცხოვრობდი დედასთან და ჩემს შვილთან    - ანასტასიასთან ერთად. ქალაქის ცენტრში გადმოსვლა სულ მინდოდა. ბინა, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოვიგე, გავყიდე, დავამატე გარკვეული თანხა და დავიწყე ძებნა. ახალ კორპუსებშიც მთავაზობდნენ ბინას, მაგრამ მე უფრო ძველი სახლები მიზიდავდა - მაღალი ჭერით, ხის დარაბებით, პარკეტით. ამიტომაც არჩევანი თბილისური ეზოს ტიპის სახლზე შევაჩერე, რომელიც მეორე სართულზეა, აქვს იზოლირებული შესასვლელი და კარი, მაგრამ ამავდროულად - საერთო ეზო. როცა მაკლერმა ეს სახლი მაჩვენა, ვერც კი აღვიქვი, აქ როგორ შეიძლებოდა საცხოვრებელი მოწყობილიყო, რადგან ეს იყო მეკლდეურების სკოლა, კედლები არ ჩანდა, სულ საცოცი ბილიკები იყო მოწყობილი, ძირს კი - ლეიბები გაფენილი, ფანჯრების მდებარეობაც ვარაუდით „გამოვიცანი“, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინაც კი ჩანდა, რომ ნათელი ბინა იყო. მართალია, ასეთი მდგომარეობა დამხვდა აქ მოსულს, მაგრამ ხომ ხდება ისეც, რომ გრძნობ, შენია. მეც ეს შეგრძნება დამეუფლა და გადავწყვიტე, მეყიდა.

რემონტს დაახლოებით 9 თვე ვაკეთებდი. ხშირად მიწევდა ქვეყნიდან გასვლა, თან ბევრი საქმე მქონდა და ესეც ხელს უწყობდა რემონტის გაწელვის პროცესს. ავიყვანე დიზაინერი, რომელიც ძალიან დამეხმარა, რენდერებამდე მიიყვანა ყველაფერი და შემდეგ უკვე ხელოსნებმა სისრულეში მოიყვანეს ჩანაფიქრი. ფერებზე, განლაგებასა და სხვა დეტალებზე ბევრი ვიმსჯელეთ. უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი იქნებოდა ჩემი სახლი, სად რა ავეჯი იდგებოდა და ა.შ.

ძალიან მინდოდა, ახალ წელს ამ სახლში შევხვედროდი, მაგრამ ისევ და ისევ ბევრი საქმის გამო, ვერ მოხერხდა დასრულება. 2020 რომ დადგა, ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამასობაში კორონავირუსიც წამოგვეწია, დაიხურა დარბაზები და მთელი ყურადღება სახლზე გადავიტანე. ბევრი რამ ახლაც გასაკეთებელი და დასასრულებელია, მაკლია დეტალები, ნახატები და ა.შ. მაგრამ ესეც ნელ-ნელა იქნება.

ბინა 4 ოთახისგან შედგება, დიდი თეთრი ჰოლიდან, სადაც მცენარეები სარკის წინ იწონებენ თავს, მისაღები მოჩანს. ინტერიერი კონტრასტულ, მაგრამ პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. მისაღებში ლურჯი დივანი დგას, კედელს ეტყობა, რომ ნახატებისთვისაა „გამზადებული“, ტორშერი კი მედიდურად დაჰყურებს მაგიდას. დივნის წინ კედელზე ტელევიზორია ჩამოკიდებული, კონსოლზე კი საინტერესო ნამუშევრებია მოთავსებული.

- ეს გახლავთ ორი ავსტრალიელი დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრები, რომლებიც ძალიან უფრთხილდებიან ბუნებას, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში რიცხავენ სოლიდურ თანხას, მსგავსი თემები მათთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ აკეთებენ ქანდაკებებს ადამიანის ტანითა და ცხოველის თავით. ამ შემთხვევაშიც ასეა: ერთს ძაღლის თავი აქვს, მეორეს - კურდღლის.

- აქამდე იმის ფუფუნება არ იყო, რომ ჩემი ოთახი მქონოდა, მე და ანასტასიას ერთად გვეძინა. როცა ეს სახლი ვიყიდე, ვთქვი, ახლა დროა, მქონდეს დიდი საძინებელი-თქო და ავისრულე კიდეც სურვილი. დედას და ანასტასიას საკუთარი ოთახები აქვთ, თუმცა ჩემი ყველაზე დიდია, აივანიც აქვს და ძალიან მომწონს. ჩემი ოცნება იყო, დიდი საწოლი და დიდი სარკე მქონოდა ოთახში და ავისრულე ეს ოცნება. ის სარკე, რომელიც ოთახში მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ფუნქციით, არამედ დიზაინითაც, ზუსტად ისეთ ჩარჩოშია და ისეთმა ადამიანებმა გამიკეთეს, რომ დადებითი მუხტი შემოაქვს სახლში.

ქეთის საძინებელში დიდი ლურჯი საწოლი დგას, რომელსაც შინდისფერი ფარდები კარგად ეხამება და საერთო ჯამში ეფექტურ გარემოს ქმნის. ქეთის საძინებელში ერთი კუთხე მის მიერ მოპოვებულ თასებს, მედლებსა და ჯილდოებს ეთმობა.

- ჩემი მედლები, თასები ყოველთვის დამალული და შეყრილი იყო სადღაც, არადა, თითოეულ მათგანს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქ კი მომეცა საშუალება, საპატიო ადგილი მიმეჩინა და ასეც მოვიქეცი.

მისაღებიდან პატარა ჰოლის გავლით, სადაც მთელი კედელი სარკეს უკავია, ანასტასიას საძინებელში გადავინაცვლეთ. მოგეხსენებათ, ანასტასიაც დედის გზას მიჰყვება, მასაც, ისევე როგორც ქეთის, კედელზე მედლები აქვს გამოფენილი.

- ანასტასიას განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია მისი ოთახის მოწყობისას, უნდოდა საწერი მაგიდა, დიდი საწოლი და სათამაშოების ჩასალაგებელი, ეს ყველაფერი შევუსრულე. სხვათა შორის, ანასტასიას კარგად გამოსდის ყვავილების მოვლა, სულ პატარები მოგვიტანეს და ისე მოუარა, სწრაფად გაიზარდა. ზოგადად, მეც მიყვარს ყვავილები, მაგრამ ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მიჭირს მათი მოვლა, შეიძლება სამი დღე ვერ მოვიდე სახლში, დილას გავიდე და გვიან ღამით დავბრუნდე და ასეთ დროს ყვავილები კი არა, ჭამა არ მახსოვს.

დედა უვლის ძირითადად. რაც აქ გადმოვიტანეთ, ყველაფერმა კარგად გაიხარა, რადგან ნათელი და მზიანი სახლია. ერთადერთი კატა ერჩის ხოლმე, თორემ კარგად იზრდებიან.

ჰოლში ძველებური საკიდი დგას, რომელსაც ქეთისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს:

- ხის საკიდს ვეძებდი, რომელიც ვერ ვიშოვე, სულ შემთხვევით მამაჩემის მეგობარმა სერგომ მითხრა, მე მაქვს, გაჩუქებო, და მომიტანა. მამა დაახლოებით 4 წლის წინ გარდამეცვალა და ამ საკიდს ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ბოლოს თეთრ სამზარეულოს ვესტუმრეთ, ამ სითეთრეში ფერადოვნება სხვადასხვა ფერის სკამებსა და ფარდებს შეაქვთ.

- სამზარეულო პატარაა და ამაზე პრეტენზია არ მქონია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცოტას ვჭამთ (იღიმის) და მეორე, ძირითადად გარეთ ვართ. როცა მცალია, ვაკეთებ ხოლმე იმას, რაც გამომდის. მაგალითად, პიცას, კარბონარას, ბრინჯს ქათმით. აქვე ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ, ხშირად ვიკრიბებით და სასიამოვნოდ ვატარებთ დროს.

shin.ge