ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს | Allnews.Ge

ცნობილი წყვილების "პანდემიური" ქორწილები - ვინ დაოჯახდა საქართველოში 2020 წელს

ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში თითოეული ადამიანის ცხოვრების დღის წესრიგი შეცვალა და უამრავი გეგმა ჩაშალა. სწორედ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულმა "ლოქდაუნმა" და შეზღუდვებმა ჩააგდო დეპრესიაში მილიონობით წყვილი, რომელიც წელს გრანდიოზული ქორწილის გამართვას აპირებდა. ტელევიზიები, განსაკუთრებულად პანდემიის პირველ პერიოდში ხშირად ამზადებდნენ სიუჟეტებს ატირებულ პატარძლებზე. ზოგი საქორწილო კაბის შეკვეთას აუქმებდა, ზოგმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ უარი ეთქვა ქორწილზე და ჯვარი მხოლოდ პირბადიანი მეჯვარეების თანხლებით დაეწერა.

პატარა ქორწილები მაინც შედგა და წყვილებმა ოჯახები შექმნეს. მათ შორის გამონაკლისი არც ცნობილი ქართველი სახეები ყოფილან. მოდით, გადავხედოთ, ვინ გარისკა პანდემიის დროს ქორწინება.

  • ქეთა თოფურია და ლევ ძენგოვი

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი და მილიონერი ბიზნესმენი ლევ ძენგოვი, ნოემბრის ბოლოს დაქორწინდნენ. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ A Studio-ს ქართველი სოლისტი, შვიდი თვის ორსული გახლდათ და ბავშვს ძენგოვისგან ელოდებოდა. ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა, ძენგოვისთვის კი მესამე. ქორწილმა უხმაუროდ ჩაიარა. მართალია, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები ძველებურად ერთობიან და პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებს მათზე დიდად არ უმოქმედია, მაგრამ ქეთას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ქორწილს ბევრი სტუმარი არ დასწრებია.

  • ბუბა მირცხულვა და სოფო ანდღულაძე

ქართული სერიალების მოყვარულთა საყვარელი პერსონაჟი "ბაქარი" რეალურ ცხოვრებაშიც დაოჯახდა. ბუბა მირცხულავა საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან, "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გმირი, "ბაქარი" შექმნა. ბუბას პირად ცხოვრებაში პანდემიის დროს სასიამოვნო სიახლეა - მსახიობმა ცოლი შეირთო. რამდენიმე თვით წინ თავის გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" საშუალებით ხელის მოწერის საკმაოდ მოკრძალებული ცერემონიის ფოტოები გაუზიარა.

თუმცა უფრო შთამბეჭდავი წვეულება ოქტომბერში მოაწყო. მართალია, მხოლოდ უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ ქორწილი მაინც შედგა. ბუბას რჩეული სოფო ანდღულაძეა.

  • გიორგი ბარამიძე და ანიუტა

ნოემბერში დაოჯახდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე. მისი რჩეული უკრაინელი ქალი გახდა. დაოჯახების შესახებ ბარამიძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია და ხელი იუსტიციის სახლში მოაწერეს.

ცნობისთვის, გია ბარამიძის პირველი მეუღლე ეკა ჯაფარიძე გახლდათ, რომელთანაც საერთო შვილი, უფროსი გოგონა ჰყავს. ეკა ჯაფარიძე გია ბარამიძემდე ქორწინებაში იმყოფებოდა მხატვარ ნიკუშა შენგელაიასთან, წყვილს საერთო შვილი, გოგონა ჰყავთ.

  • ალექსანდრე გოგინავა და ელენე ხარაშვილი

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ საყვარელ ქალზე დასაქორწინებლად სექტემბერის თვე შეარჩია. 32 წლის ალექსანდრე გოგინავამ ცხოვრება 28 წლის უმშვენიერეს ელენე ხარაშვილს დაუკავშირა და როგორც პანდემიას შეჰფერის, წყვილი ვიწრო წრეში ნიშნობით შემოიფარგლა. როგორც ექიმმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, "პანდემიამ კი არ დაგვაშორა, დაგვარწმუნა იმაში, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო და იმ პერიოდში მივიღეთ ერთად ყოფნის გადაწყვეტილება. თითქმის სამი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მართლაც ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. ჯერ ის, რომ ერთად მოგვიწია დარბაზში ვარჯიში და იქ ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთი კარგად გავიცანით და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად ახლობელი ადამიანები ვხდებოდით ერთმანეთისთვის. ბოლოს ასე დაგვირგვინდა ჩვენი ურთიერთობა".

  • ჯეიჰუნ მუჰამედალი და ლეკუნა ჯაფოშვილი

დეკემბერში იქორწინა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ და მისმა რჩეულმა, ლეკუნა (ლამარა) ჯაფოშვილმა. გრანდიოზული ქორწილი გაზაფხულისთვის გადადეს და იუსტიციის სახლში ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.

როგორც ჯეიჰუნი AMBEBI.GE-ს უყვება, მათი სიყვარულის ამბავი წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ დაიწყო.

"ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შეიძლება ითქვას, ჩვენს შორის კომუნიკაცია გაჩნდა თუ არა, იმავე დღიდან ვუთხარი, რომ მომწონდა და ავუხსენი, რომ მას მხოლოდ როგორც მეგობარს ისე არ ვუყურებდი. ცოტა გაუკვირდა, მერე ცოტაც მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ. მართლა კარგი გოგოა, უზომოდ მიყვარს", - გვიყვება ჯეიჰუნი.

  • გენო პეტრიაშვილი და ნინი მშვიდობაძე

სახელოვანი სპორტსმენი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ივნისში დაქორწინდა. მისი რჩეული ნინი მშვიდობაძე გახლავთ. წყვილმა ჯვარი დღეს ურბნისის საკათედრო ტაძარში დაიწერა, თუმცა გრანდიოზული ქორწილი არ გადაუხდია.

  • ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე ერთი წლის წინ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ კი 2020 წლის სექტემბერში წყვილმა ჯვრისწერა გადაწყვიტა. ნანუკამ და ნიკამ ჯვარი კახეთში, ალავერდის ტაძარში დაიწერეს და ქორწინება ვიწრო წრეში აღნიშნეს.

  • თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია

მომღერალმა თემო საჯაიამ და მოდელმა მარიტა ჯანაშიამ აგვისტოში იქორწინეს. ივლისში მომღერალმა მოდელს პირდაპირ ეთერში სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო. მარიტა ჯანაშიამ და თემო საჯაიამ ერთმანეთი ტელევიზიაში (PosTV) გაიცნეს, სადაც ერთად მიჰყავდათ დილის გადაცემა. სწორედ აქედან დაიწყო წყვილს შორის რომანტიკული ურთიერთობა. ახლა კი მათ ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანეს და ოფიციალურად იქორწინეს. ქორწილში პოპულარულ სტუმრებს შორის მარიტა ჯანაშიას მამიდა, მსახიობი მარი ჯანაშიაც იყო. ასევე ქორწილს დაესწრნენ მოდელი ანა შელია, მომღერალი გიორგი გილიგაშვილი და სხვა ცნობილი სახეები.

  • შოთიკო ტატიშვილი და მარიამ ხულელიძე

ცნობილი ექიმისა და ტელეწამყვანის ოთარ ტატიშვილის მომღერალმა ვაჟმა, შოთიკო ტატიშვილმა ოქტომბერში იქორწინა. შოთიკომ ჯერ კიდევ ივნისში ჩანიშნული ქორწილი, პანდემიის გამო გადადო. 31 აგვისტოს ნიშნობა ვიწრო წრეში აღნიშნა. შოთიმ და მარიამ ხულელიძემ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს, ქორწილი კი მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადეს. მარიამი კავკასიის ბიზნესსკოლის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. შოთი 2015 წელს მუსიკალური შოუს, "X ფაქტორის" მონაწილე გახლდათ ბიჭების კატეგორიაში, რომელიც პროექტს ოთხი სკამის ეპიზოდიდან გამოეთიშა. შემდეგ "ვოისის" ფინალისტიც გახლდათ.