საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან | Allnews.Ge

საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინში - პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონები პირველ შვილს ელოდებიან

ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია.

მის ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა და 2018 წელს,მეორე ქორწილი გადაიხადეს და სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს. ქორწილს ევროპული სამეფო ოჯახებიდან მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ... ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ სამეფო ოჯახი ორ თვეში პირველ შვილს ელოდება.   - ქრისტინე, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან სიახლეს, თქვენი და იოანეს ცხოვრებაში, როდის ელოდებით ბავშვს? - ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლეა რაც ძალიან გვახარებს, მე და იოანე თებერვალში ველოდებით ბავშვს.

- რამდენიმე წელია თქვენ და იოანე დაოჯახებულები ხართ, ალბათ მეუღლე ემოციურად შეხვდა, როდესაც გაიგო მამა გახდებოდა... - ჩვენ ერთმანეთს შევხვდით საქართველოში 2014 წელს და ძალიან მალე სამოქალაქო ქორწინება გვქონდა სამხრეთ ესპანეთის ქალაქ რონდაში. შემდეგ მოგვიანებით, 2018 წლის 3 ივნისს, საქართველოში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქორწინო ცერემონია გაიმართა. დღეს უკვე ველოდებით ჩვენს პირველ შვილს. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურად ვართ ორივე, პირველი შვილისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ერთ საღამოს, ჩვენს ოჯახურ შეკრებაზე სიურპრიზი გავუკეთე, მაშინ გავუმხილე, რომ შვილს ველოდებოდით. რამოდენიმე წამი თითქოს ვერაფერი თქვა, შემდეგ კი ძალიან ემოციურად მიიღო ეს სიახლე.

- როგორ ემზადებით დედობისთვის, სად დაიბადება ბავშვი, ვინ დაგეხმარებათ გაზრდაში? - ჩვენი შვილი საქართველოში დაიბადება, რაც ყოველთვის იყო ჩვენი სურვილი. მართლაც ამაღელვებელი და განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ბავშვის დაბადების მოლოდინი გაქვს. ვემზადები ჩვეულებრივად ისე, როგორც ყველა დედა მოემზადებოდა. დედაჩემი მეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში სულ დამეხმარება, ასევე იოანეს დედა კარმენს სურვილი აქვს, რომ სულ ჩვენთან იყოს და მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება იგი აპირებს ჩვენთან ჩამოსვლას.

- იოანე ევროპული და ქართული სამეფო დინასტიების მემკვიდრეა, ბავშვის დაბადება ევროპულ და ქართულ სამეფო დინასტიების ერთგვარი გაგრძელებაა... - იოანეს ქართულ-ევროპული დინასტიური ისტორია თითქოს ყველამ იცის,მაგრამ რადგან მეკითხებით, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ იოანე ორი სამეფო დინასტიის ბაგრატიონების და ბურბონების შთამომავალია. იოანეს ბაბუა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანი, 1946 წელს მეორედ დაქორწინდა ესპანეთის და ბავარიის პრინცესაზე, ინფანტა მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დებორბონზე, რომელიც იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის დის მარია-ტერეზას შვილი. მათ შეეძინათ ორი შვილი მარიამი და ბაგრატი. იოანე არისბაგრატის და კარმენ დე ულოა ი სუელვესის შვილი. ასევე, ევროპული მხრიდან იოანე არის ბავარიის პრინცი ლუი-ფერდინანდის და ესპანეთის პრინცესა მარია დე ლა პაზ შვილთაშვილი, ისევე როგორც ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს და ავსტრიის ერთ ჰერცოგინიას მარია-ქრისტინა ჰაბსბურგის შვილთაშვილი. შესაბამისად, იოანე და დღევანდელი ესპანეთის მეფე ფილიპე VI არიან ბიძაშვილები. - ქრისტინე, სად ცხოვრობთ თქვენ და იოანე, როგორია თქვენი ყოველდღიურობა? - ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ უკვე 6 წელია, ძალიან გვიყვარს აქ ყოფნა. იოანე თავის სამუშაო დღეს დილადრიან იწყებს, მიდის ოფისში დაგეგმილი შეხვედრებისთვის. საღამო საათებს ყოველთვის ერთად ვატარებთ, სახლში. ახლა ყველა ჩვენგანს და მთელ მსოფლიოს რთული პერიოდი აქვს. კოვიდ-19-ის პანდემიამ ძალიან იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე, მთელ სამყაროზე. ყოველდღე შეძრული ვუსმენ ინფორმაციებს. ხშირად ვკითხულობ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს. ვაფრთხილებ მათ, ისევე, როგორც საკუთარ თავს, რომ აუცილებელია რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. თითქოს პანდემიამ ყველა შეგვცვალა, ერთად ველოდებით პოსტკოვიდ პერიოდს, როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, როცა ადამიანებს ერთმანეთთან მიახლოვება არ შეეშინდებათ და სიმშვიდე დაისადგურებს ყველგან. ასევე, აუცილებელია მალე აღდგეს ტურიზმი, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება, რომ უსაფრთხო გარემოში ვუმასპინძლოთ ისევ მილიონობით საერთაშორისო ვიზიტორს და მსოფლიოს კიდევ უკეთესად გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა. - ხშირად გამოდიხართ საქველმოქმედო ინიციატივებით, მახსოვს პანდემიის დროს თქვენი და იოანეს იდეა იყო, რომ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებოდით... - დიახ, საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩვენ შევქმენით საქველმოქმედო ფონდი სახელად "ქართული ფონდი", ვმუშაობთს ხვადასხვა აქტივობის კუთხით, ძირითადად დაკავშირებული განათლებასთან, კულტურასთან და საქართველოს პოპულარიზაციასთან. უკვე განხორციელებული გვაქვს ამ მიმართულებებით რამოდენიმე წარმატებული პროექტი, რაც ჩვენს ვებ-გვერდზეა ასახული "www.georgianfoundation.ge". კოვიდ-19-ს მიერ გამოწვეული გლობალური კრიზისის შედეგად ბევრი საქართველოს მოქალაქე დარჩა ჩვენს საზღვრებს მიღმა ფინანსური შესაძლებლობების გარეშე. პანდემიის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ჩვენი ფონდის გუნდთან ერთად ვაწარმოეთ სოციალურიკამპანია #დავეხმაროთ დაბრუნებაში. კამპანია დავიწყეთ 12 მარტს, ჩაერთო ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი და ასევე, საზოგადოების წევრები, ისეთი ადამიანებიც კი რომელთაც არც კი ვიცნობდით. ერთიანი ძალისხმევით მალევე შევაგროვეთ 70 000 ლარამდე, რის შედეგადაც ყველამ ერთად შევძელით 124 საქართველოს მოქალაქის დახმარება, შევუძინეთ თვითმფრინავის ბილეთები ევროპის 9 ქალაქიდან, მათ შორის დავეხმარეთ 14 დღიანი საცხოვრებლი პირობებით და საკვებით. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვინც ამ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა მათი ასეთი ჩართულობა ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად. - ქრისტინე, როგორც სამეფო ოჯახის წევრს, რაიმე განსაკუთრებული წესების დაცვა თუ მოგეთხოვებათ? - არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული წესები, გარდა ჩვეულებრივი პროტოკოლისა. იოანემ მითხრა, რომ საქართველოს სამეფო ოჯახის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს დაწინაპრების სიყვარულსა და პატივისცემას. ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერია საქართველოში ცხოვრებით, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა დამისი ნაწილია, არა მარტო ისტორიულად. მუდამ ფიქრობს, რომ ყოველთვის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოსთვის. - როგორი ქმარია იოანე, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, ვიცით, რომ ბიზნესით არის დაკავებული... - იოანე ძალიან მზრუნველი და გულისხმიერი მეუღლეა. მას ძალიან უყვარს სტუმრების მასპინძლობა, არაჩვეულებრივად ესმის სამზარეულო,როგორც ეროვნული კულტურა და, რა თქმა უნდა, ღვინო. ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა დაჯილდოვებულია უდიდესი პოტენციალით. საქართველოში მისი ძირითადი ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია ქართული ღვინის წარმოებასთან კახეთში, ბრენდის ქვეშ, რომელიც ატარებს მის სახელს "პრინცი იოანე ბაგრატიონი". ასევე, იგი თანამშრომლობს ევროპის წამყვან კომპანიასთან, როგორც "BPO", რაცნიშნავს ბიზნეს პროცესების აუთსორს კომპანიას საქართველოში, რომელმაც დაარსებისთანავე 4 თვის წინ საქართველოს 200 მოქალაქე დაასაქმა თბილისში. შემდეგი წლისთვის იოანეს და მისი პარტნიორების სურვილია კომპანიის კიდევ გაზრდა 500 თანამშრომლამდე. იოანეს ძალიან უყვარს მუშაობა, ჩემთვის საინტერესო სანახავია, როგორ ქმნის ბიზნესურთიერთობებს საქართველოს და სხვა ქვეყნებს შორის. მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს ქვეყანას, მოგილოცოთ თქვენ, თქვენს რედაქციას, ყველას, ვისაც აქვს ნატვრა, რომ უკეთესი იყოს 2021 წელი, მინდა აგისრულდეთ საუკეთესო სურვილები.