"ყველა მედიკამენტი, რასაც იმუნიტეტის ამაღლების დანიშნულება აწერია, ხალხის უგუნურებაზე აგებული ბიზნესია" - კომაროვსკის 3 პასუხი იმუნიტეტთან დაკავშირებულ თემებზე | Allnews.Ge

"ყველა მედიკამენტი, რასაც იმუნიტეტის ამაღლების დანიშნულება აწერია, ხალხის უგუნურებაზე აგებული ბიზნესია" - კომაროვსკის 3 პასუხი იმუნიტეტთან დაკავშირებულ თემებზე

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი იმუნიტეტის გაძლიერების ძირითად საკითხებს შეეხო. "3 პასუხი იმუნიტეტის შესახებ" - ასე ჰქვია მის ახალ ვიდეობლოგს, რომელშიც ბევრი საგულისხმო ინფორმაციაა მოწოდებული.

ევგენი კომაროვსკი:

"როცა პაციენტი იმუნიტეტის ამაღლებაზე საუბარს იწყებს, გულწრფელად გეტყვით, სულიერ ტკივილს განვიცდი. თქვენი კითხვები, საუბრები და ზოგადად, იმუნიტეტის თემის განხილვა მარწმუნებს, რომ ვიღაცებისთვის ეს ძალიან კარგი ხერხია დიდი ფულის საშოვნელად. პაციენტებსაც ჰგონიათ, ძალიან ბევრი რამ იციან იმუნიტეტეზე. "ექიმო, რა დავლიო, რომ იმუნიტეტი ავიმაღლო", "რა გავაკეთო, რომ ძალიან კარგი იმუნიტეტი მქონდეს?"

მარტივად რომ ავხსნათ, იმუნიტეტი არის სისტემა, რომელიც ორგანიზმში შეჭრილი ყოველგვარი დამაზიანებელი ფაქტორის წინააღმდეგ იბრძვის. ვთქვათ, რაღაც ბაქტერია მოხვდა ჩვენს ორგანიზმში და იმუნური სისტემა იწყებს მის განადგურებას. იწყება ორგანიზმის ბრძოლა. როცა საფრთხე განადგურებულია, ჩაირთვება სისტემა, რომელიც წყვეტს ბრძოლას. თითქოს ამბობს, "გავანადგურეთ ყველაფერი საშიში და ახლა დროა, დავმშვიდდეთ, დავლაგდეთ და განვაგრძოთ ძველებული ცხოვრება". ანუ გვაქვს სისტემა, რომელიც იბრძვის და გვაქვს ასევე სისტემა, რომელიც ბრძოლას წყვეტს და სიტუაციას ამშვიდებს. ეს ორივე სისტემა იმუნიტეტია. იმუნიტეტის გაძლიერებას რომ ითხოვთ, რომელი სისტემის გაძლიერება გსურთ, რომელიც ანადგურებს თუ რომელიც განადგურების პროცესს აფერხებს? ძალიან რთულია იპოვო წამალი, რომელიც ასე ჰარმონიულად იმოქმედებს. თუ მიიღებთ ბრძოლის გამაძლიერებელს, ინფექციური დაავადებების რისკი გაიზრდება, თუ მიიღებთ შემაფერხებელს, სხვაგვარი დაავადებების რისკი გაჩნდება. მოკლედ, ძალიან სევდიანი თემაა.

დღეს ვუპასუხებ 3 კითხვას, რომელიც პაციენტებისგან მივიღე:

1. – 17 წლის ბავშვი პატარობისას ხშირად ავადობდა და ბევრი ანტიბიოტიკი აქვს მიღებული, ახლაც ვირუსების გამო ხშირად გვიწევს ანტიბიოტიკების გამოყენება, რამაც იმუნიტეტი დაუსუსტა. რას გვირჩევთ მის გასაძლიერებლად? - იმუნიტეტის ასამაღლებელი ფარმაკოლოგიური საშუალება არ არსებობს. ყველა მედიკამენტი, რასაც იმუნიტეტის ამაღლების დანიშნულება აწერია, გახლავთ "ფუფლომიცინი", ხალხის უგუნურებაზე აგებული ბიზნესი და ერთ რამეს უხდება მხოლოდ - მწარმოებლისა და გამყიდველის ჯიბეს. რა აძლიერებს იმუნიტეტს? ფიზიკური დატვირთვა, კონტრასტული შხაპი, კარგი განწყობა, დივნიდან ერთი ადგილის აწევა და სირბილი, სუფთა ჰაერი. ამ გზით იარეთ. ბოდიშს გიხდით, თუ იმედები გაგიცრუეთ.

2. - რატომ არასოდეს ახსენებთ იმუნიტეტის ბუნებრივ გამაძლიერებლებს, მაგალიტად, ნიორს, ხახვს, ჯანჯაფილს... ხალხის უმეტესობა არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს. ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი ხომ იმუნიტეტის გამაძლიერებელია? მათ ხომ ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ? - ვირუსების წინააღმდეგ მოქმედებს სანიტაიზერი, მზის ულტრაიისფერი სხივები, ორპირი განიავებაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს იმუნიტეტმა უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა. რატომ არ ვქადაგებ ნივრის, ხახვის და მსგავსი პროდუქტების გამოყენებას? მე და სხვა ექიმებმა რომ მოგიწოდოთ, ხახვი და ნიორი ვირუსებს ანადგურებსთქო, ძალიან მალე აღმოვაჩენთ, რომ ამ პროდუქტებზე ფასი გაორმაგდება ან გასამმაგდება. გჯერათ ნივრით და ხახვით გაზრდილი იმუნიტეტის? მიირთვით, ღმერთმა შეგარგოთ.

ახლა წარმოვიდგინოთ სასწორის ერთ მხარეს ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი, მეორე მხარეს კი უბედური მაკდონალდსი, რომელიც ყველაფერში მთავარ დამნაშავედ გამოჰყავთ. იქ ბევრია არამავნე ვეგეტარიანული საკვებიც, მაგრამ ყველას რატომღაც ყველაზე დიდი ჰამბურგერი ნებავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი საკვების გარდა სხვა უამრავი ფაქტორი გვიქვეითებს იმუნიტეტს: ტკბილი, გაზიანი სასმელები, ცხოვრების წესი, სადაც ორპირი ნიავი პირდაპირ მომაკვდინებელ საშიშროებად მიგაჩნიათ ბავშვის ჯანმრთელობისთვის, როცა არავითარი ფიზიკური აქტივობა არ არსებობს - ბავშვები არ სეირნობენ, საათობისთ სხედან სმარტფონებით ხელში და ფიზიკურ შეჯიბრში კი არ იწვევენ ერთმანეთს, არამედ იმაში, ვის უფრო მაგარი ტელეფონი აქვს და ვის აცვია უკეთესი ბოტასები. ამის ფონზე გამოვაცხადო, რომ ხახვი, ნიორი აჭამეთ და ყველაფერი კარგად იქნება? ვერ მოგართვით.

ადამიანურად იცხოვრეთ, ფიზიკურად დაიტვირთეთ, გაიღიმეთ, მოცილდით მაგ ოხერ დივანს და ტელევიზორს, ატარეთ ბავშვები სკოლაში, სადაც მარტო საგნებს კი არ ასწავლიან, არამედ ჯანსაღ გარემოს ყურადღებას აქცევენ, კლასებში ზომავენ და არეგულირებენ ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას, სათანადო ყურადღება ექცევა სპორტს, სადაც ხშირად დადიან ლაშქრობებში, ბოტანიკას და გეოგრაფიას სუფთა ჰაერზე ასწავლიან. იგივეს ვიტყვი ბაღებზე, სადაც ნებისმიერ ამინდში ბავშვი 4 საათის განმავლობაში გარეთ უნდა იყოს. აქაც გნებავთ ნიორი და ხახვი შემოგთავაზოთ? არ გამოვა. სიმართლე ვთქვათ, ბევრ თქვენგანს ეზარება ერთი ადგილის განძრევა. მოხვედით სამსახურიდან დაღლილი, საოჯახო საქმეებს მიხედეთ, მერე დაჯექით, ტელევიზორი ჩართეთ რომელიღაც დებილურ სერიალზე ან ტელეფონში ჩაიძირეთ. ამ დროს თქვენი შვილიც ზის და რაღაცას უყურებს, თან რამე სასუსნავს მიირთმევს. მესმის, რთული ცხოვრება აქვთ მშობლებს, მაგრამ აბრძანდით დივნიდან, ჩააცვით ბავშვს და გარეთ გაიყვანეთ. შემდეგ ვირუსების სეზონი რომ მოდის, გინდათ ნიორი აჭამოთ ან აბი დაალევინოთ და მშვიდად იყოთ? ასე არ გამოვა.

3.- რძემჟავა ბაქტერიებისა და იმუნიტეტის კავშირზე რას იტყვით? ხშირად გვესმის, რომ მაწონი, იოგურტი ძალიან სასარგებლოა იმუნიტეტისთვის.

- რძემჟავა ბაქტერიები, მაწონი თუ იოგურტი, ყველაფრისთვის სასარგებლოა. საჭმლის მომნელებელ სისტემაში უამრავი ბაქტერიაა საჭირო, რომ იმუნიტეტის მოქმედების და საკვების მონელების პროცესი სწორად წარიმართოს. ამ ბაქტერიულ ბალანსს ხელს უწყობს ხსენებული პროდუქტები. ორი ხელით და ფეხით მომხრე ვარ მაწვნის, კეფირის, იოგურტის. მაგრამ ჩვენი ბავშვების მთავარი პრობლემა იცით რა არის? სტერილური და ზედმეტად გაფილტრული გარემო. დაბადებიდანვე ათასგვარი დასაბანი, სადეზინფექციო საშუალება მათ ყოველდღიურად ბაქტერიებთან ურთიერთობაში ხელს უშლის. ბავშვი ყოველდღიურად მილიარდობით ბაქტერიას უნდა ხვდებოდეს, რომ მისი იმუნიტეტი ამუშავდეს, სინამდვილეში ხვდება მხოლოდ მილიონებს, რის გამოც იმუნიტეტი ბოლომდე ვერ ფუნქციონირებს. ამიტომ გვაქვს აფეთქებები სხვადასხვა დაავადებების. ამიტომ თუ საკვების საშუალებით ბავშვის ორგანიზმს გავამდიდრებთ დამატებით არამავნე მიკროორგანიზმებით, ამით მისი იმუნიტეტი მეტად "გავარჯიშდება" და ერთგვარ პროფილაქტიკად ჩაითვლება.

თუმცა მთავარი პროფილაქტიკურ საშუალებად რძემჟავა ბაქტერიები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლებიან. ძირიტადი პროფილაქტიკა გახლავთ მრავალფეროვანი კვება, სტერილურ გარემოზე უარის თქმა, საკვების არდაძალება, როცა არ შია, ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერი, რომ მადა ჰქონდეს. ჩემო ძვირფასებო, იმუნიტეტზე კითხვები კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ჩემს პასუხებში დიდად განსხვავებულს ვეღარაფერს მოისმენთ. ისიც დაიმახსოვრეთ, იმუნიტეტის გასაძლიერებელ წამლებს არ მოგყიდით, ჩემგან ამის იმედი არ გქონდეთ."

myquiz