როგორ იყოფა ქონება ოჯახის წევრებს შორის განქორწინების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ - იურისტის პასუხები | Allnews.Ge

როგორ იყოფა ქონება ოჯახის წევრებს შორის განქორწინების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ - იურისტის პასუხები

მეუღლეებს შორის განქორწინებისას ხშირია ქონების გაყოფასა და ალიმენტის დაკისრებაზე დავა. ზოგჯერ, მხარე თავიდან ირიდებს ვალდებულებას. როგორ იყოფა განქორწინებისას ქონება, რა აუცილებელი წინაპირობა არსებობს და რა შემთხვევაში დაეკისრება მშობელს ალიმენტი, თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი შორენა ლოლაძე გვესაუბრება:

- განქორწინებისას მეუღლეებს შორის ქონება თანაბრად იყოფა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. მხოლოდ ის ქონება იყოფა, რომელიც თანაცხოვრების დროსაა შეძენილი. თუ ერთმა მეუღლემ მემკვიდრეობით მიიღო ან ამ კონკრეტულ პირს აჩუქეს, ნაჩუქარი და მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ გაიყოფა. სხვა დანარჩენი თანაბრად იყოფა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქორწინებად ითვლება მხოლოდ სამოქალაქო რეესტრში ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი. ხშირად გვისვამენ შეკითხვებს, თუ ადამიანები ერთად ცხოვრობენ ან ჯვარი აქვთ დაწერილი, ამ შემთხვევაშიც გაიყოფა თუ არა ქონება თანაბრად, რაზეც პასუხია - არა. როგორც აღვნიშნე, ქორწინებად, სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამოქალაქო რეესტრში ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი განიხილება. ამდენად, თუ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ არიან, უბრალოდ ცხოვრობენ ერთად, ჰყავთ საერთო შვილები და ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას, ასეთი ქონება არ გაიყოფა.

- თუ სახლი თანაცხოვრებისას არ არის შეძენილი, განქორწინებისას არ გაიყოფა?

- თუ სახლი ქორწინებამდეა შეძენილი, არ გაიყოფა. გამონაკლისი ამ კუთხით არის ის, რომ თანაცხოვრების დროს თუ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნული ქონების მდგომარეობა და ღირებულებაც ბევრად გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება თანამესაკუთრეობაზეც ვისაუბროთ. მაგალითად, თუ ერთ მეუღლეს ბინა ქორწინებამდე ჰქონდა და რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ეს სახლი გარემონტდა, გაიზარდა ფართი, გაკეთდა დაშენება ან იმგვარი გადაგეგმარება, რომ ამან მნიშვნელოვნად გაზარდა სახლის საბაზრო ღირებულება და მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეს ქონება გაიყოს. მაგრამ, სტანდარტულად, თუ ქონება რომელიმე მეუღლეს ქორწინებამდე აქვს შეძენილი, ამ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლება არ გავრცელდება.

- როგორ ხდება ალიმენტის მოთხოვნა?

- როდესაც მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და ბავშვი რომელიმე ერთ მშობელთან საცხოვრებლად რჩება, ასეთ შემთხვევაში ამ მშობელს აქვს უფლება, რომ მეორე მშობლისგან ალიმენტი მოითხოვოს. მაგალითად, თუ ბავშვი დედასთან რჩება, მას შეუძლია შვილის სახელით მამას ალიმენტი მოსთხოვოს. ასევეა პირიქით. ვისთანაც ცხოვრობს ბავშვი, ის მშობელი ითხოვს ალიმენტს. კარგ ვარიანტში შეიძლება მეუღლეები თავადვე შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, გადახდის წესსა და პერიოდულობაზე. მათ შორის, ფორმაზე, საბანკო ანგარიშზე დაირიცხება თანხა, ხელზე მისცემენ თუ სხვა. მაგრამ, თუ მხარეები ამაზე ვერ თანხმდებიან, მშობელს, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, უფლება აქვს, რომ მეორე მშობლის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. ასეთ შემთხვევაში საქმეს მოსამართლე განიხილავს. ალიმენტის დადგენილი ოდენობა კანონში პირდაპირ არ წერია. მხედველობაში მიიღება მამისა და დედის ქონებრივი მდგომარეობა, ასევე ბავშვის საჭიროებები და ასე შემდეგ. ალიმენტის გადახდა 18 წლამდე ხდება. თუმცა, თუ ბავშვი შშმ პირია, არ აქვს იმისშესაძლებლობა, რომ თავად იზრუნოს საკუთარ თავზე, გადახდის ვალდებულება შეიძლება 18 წლის შემდეგაც გაგრძელდეს. გააჩნია შვილის ჯანმრთელობასა და შესაძლებლობებს.

- რა ბერკეტი არსებობს, თუ მშობელი ალიმენტს არ იხდის?

- თუ მშობლები ალიმენტის თემაზე თანხმდებიან, მაშინ ისინი არეგულირებენ საკითხს. მაგრამ, თუ რომელიმე მათგანი არ იხდის, საქმე სასამართლოში მიდის, მოსამართლე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით იძულებითი აღსრულების წარმოება ხდება. თუმცა, არის პრობლემა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით. თუ მშობელს არანაირი ქონება არ აქვს, არ უფიქსირდება შემოსავალი, ფიზიკურად ვერ ხდება მისგან ალიმენტის ქონების ამოღება და იძულებითი აღსრულებაც ვერ ხერხდება.

- ალიმენტის დაკისრების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა? - ქონების გაყოფისგან განსხვავებით, ალიმენტის დანიშვნისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან თუ არა. თუმცა, ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ალიმენტის დაკისრებისთვის აუცილებელია, მშობლობის ფაქტი დადგინდეს. დედის შემთხვევაში ეს პრობლემა ნაკლებადაა ხოლმე, რადგან, როდესაც იმშობიარებს, საავადმყოფოდან შესაბამისი ფურცელი გაიცემა და იმთავითვე დადგენილია, ვინ არის ბავშვის ბიოლოგიური დედა. რაც შეეხება მამას, თუ მეუღლეები ქორწინებაში არ არიან, ასეთ შემთხვევაში, დაბადების მოწმობის აღებისას მამამ იუსტიციის სახლში უნდა განაცხადოს, რომნამდვილადაა ბავშვის ბიოლოგიური მამა. თუ დადგენილია მამობა, რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს მნიშვნელობა არ აქვს.

- თუ ქმარი თავის წილს არ აძლევს ცოლს, აქვს თუ არა ქალს უფლება მეუღლის ოჯახს მოსთხოვოს ქონება ან პირიქით? - არა, მხოლოდ მეუღლეების ქონება იყოფა. პირობითად, თუ დედამთილის ან მამამთილის სახელზეა ქონება, მასზე არავითარი უფლებები არ ვრცელდება. ამიტომ, ვერაფერს მოითხოვს. ერთადერთი, რაც კანონში პირდაპირაა მითითებული, არის ის, რომ თუ არასრულწლოვანი ბავშვი მშობლისგან ვერ იღებს ალიმენტს და ამ დროს ბებიასა და პაპას საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება სასამართლომ მამის ან დედის გარდა, ალიმენტი მათ დააკისროს. ამით მოხდეს ერთგვარად ჩანაცვლება, რომ ბავშვი უსახსროდ არ დარჩეს და ბებიამაც და პაპამაც თავიანთ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღონ.

- განქორწინების გარეშე, შეიძლება ქონებისა და ალიმენტის მოთხოვნა? - განქორწინების ორი გზა არსებობს, ერთი უფრო მარტივია და მხარეთა ერთობლივი განაცხადით ხდება. მეუღლეები იუსტიციის სახლში უნდა მივიდნენ და განქორწინების აქტზე ხელი მოაწერონ. თუ ეს ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში, სასამართლოში უნდა შეიტანოს იმ მხარემ სარჩელი, რომელსაც განქორწინების სურვილი აქვს. შესაბამისად, თუ სარჩელი შევა, შესაძლებელი იქნება დააყენოს როგორც განქორწინების, ასევე ქონების გაყოფისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა. გაერთიანებული საქმე იქნება. განქორწინების გარეშე და მასთან ერთადაც შესაძლებელია ქონების გაყოფა.

- განქორწინებიდან რამდენ ხანში შეუძლიათ მხარეებს ქონების წილის მოთხოვნა? - თუ განქორწინება მოხდება, ასეთ შემთხვევაში, ვისაც უნდა, რომ ქონებიდან წილი მიიღოს, მოთხოვნის გარკვეული ვადა აქვს. ეს ვადა განქორწინებიდან 3 წელია. მაგალითად, თუ ქმრის სახელზეა მთელი ქონება რეგისტრირებული და მხარეები განქორწინდებიან, ცოლმა ქმრის წინააღმდეგ განქორწინებიდან 3 წლის ვადაში უნდა იდაოს.

- რა წესი არსებობს შვილებსა და მეუღლეზე ქონების გადანაწილების კუთხით, როგორც სიცოცხლეში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ? - მეუღლეებს შორის საკითხებზე უკვე ვისაუბრეთ, ბავშვებთან მიმართებით დავამატებ, მშობელს მხოლოდ იმის ვალდებულება აქვს, რომ მანამ, სანამ მისი შვილი სრულწლოვანი გახდება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ქონების ნაწილი ავტომატურად გადაფორმდეს მასზე. უნდა შეუქმნას პირობები, რომ ბავშვმა იცხოვროს. შესაძლებელია, ალიმენტთან ერთად დაეკისროს ქირის გადახდის ვალდებულება. მაგალითად, თუ მამის სახელზე იყო ქონება, დედა წამოვიდა, ბავშვები წამოიყვანა და საცხოვრებელი ფართი არ აქვთ, შეიძლება ალიმენტის გამოანგარიშებისას ქირის თანხაც იყოს მხედველობაში მიღებული, რომლის გადახდაც მოუწევს დედას იმისათვის, რომ ბავშვი ღია ცის ქვეშ არ დარჩეს. რაც შეეხება გარდაცვალებას, შვილს სავალდებულო წილი ეკუთვნის. ამიტომ, რა ქონებაც ექნება მშობელს გარდაცვალებამდე, მისი შვილი გარკვეულ წილს ყველა შემთხვევაში მიიღებს. თუნდაც მშობელმა ანდერძი დატოვოს და სხვა ადამიანზე ითხოვოს ქონების გადაცემა. თუ ანდერძი არ იარსებებს, ცხადია, შვილი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ ითვლება.

- თუ მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას და სხვებს არა, ან კიდევ თუ სხვებთან შედარებით გაცილებით მეტს აძლევს, აქვთ თუ არა სამართლებრივი დავის უფლება? - თუ მამა ქონებას სიცოცხლეში აჩუქებს რომელიმე შვილს, ამაზე ვერაფერს გავაკეთებთ. უკვე გაჩუქებულ ქონებაზე სამკვიდრო აღარ იხსნება. ხოლო, თუ მშობელმა სიცოცხლეში არ განკარგა ქონება, ორი შემთხვევაა, მაგალითად, მამასა და დედას ორი შვილი ჰყავთ და მეტი არავინ პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის წრიდან, თითოეული მათგანი თანაბარ წილს მიიღებს. მეორე შემთხვევაც შეგვიძლია განვიხილოთ: მაგალითად, სიცოცხლეში არ განუკარგავს მშობელს ქონება, მაგრამ დატოვა ანდერძი. თუ ერთს დაუტოვა და მეორეს არა, ვისაც არ დაუტოვა, ის მაინც მიიღებს წილს, უბრალოდ შემცირებულს. ჩვეულებრივ შემთხვევაში ქონების 1/2 -ს მიიღებდა, ხოლო ამ შემთხვევაში 1/4-ს მიიღებს. 3/4 წილი ქონებაზე კი დარჩება იმ პირს, ვინც ანდერძშია მოხსენიებული.