საშიშია თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ არ ცრიან ქვეყნების ლიდერებს - პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე | Allnews.Ge

საშიშია თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ არ ცრიან ქვეყნების ლიდერებს - პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკები, მოხუცები ან სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე სხვა რისკ-ჯგუფები იცრებიან. მაგრამ ვაქცინა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, ყველგან მოთხოვნადი არ აღმოჩნდა.

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინაციის წინააღმდეგია. კომპანიამ Superjob გამოკითხა 1,6 ათასი რესპონდენტი, რომელთაგანაც 44% ვაქცინაციის წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო აცრისთვის მზად მხოლოდ 22%-ია.

შეერთებულ შტატებში, სადაც 300 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, Associated Press-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა თითქმის ნახევარი მზად არის ვაქცინაციისთვის. 26% კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. გამოკითხულთა კიდევ ერთ მეოთხედს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ექსპერტების თქმით, იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭიროა ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 70%-ის ვაქცინაცია.

  • საშიშია თუ არა ვაქცინა?
 

იმის დასადასტურებლად, რომ კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება საშიში იყოს, ამჟამად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თეორიულად, მას შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

აშშ-ში Moderna-ს ვაქცინის საგანგებოდ გამოყენების რეკომენდაცია გასცეს - რა უპირატესობა აქვს მას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინასთან შედარებით ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტის პროგნოზირების მიზნით, მეცნიერები აქტიურად აწარმოებენ ტესტირებებს. პირველ ეტაპზე სინჯები ტესტირებას გადის ცხოველებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანებზე.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის ტესტირებაში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგების დამატებით გადამოწმებას ახორციელებენ მარეგულირებლები - მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს წამლებისა და ჯანმრთელობის მარეგულირებელი სააგენტო (MHRA), აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო რუსეთის შემთხვევაში.

  • რაც შეეხება გვერდით ეფექტებს...

ყველა მედიკამენტს და ვაქცინას თან ახლავს გვერდითი ეფექტები. გვერდითი მოვლენების გარეშე არანაირი პრეპარატი არ არსებობს. გვერდითი მოვლენები ნორმაა. ყველაზე ხშირად, ეს არის მოკლევადიანი მსუბუქი რეაქციები, რომლებიც სერიოზული გართულებების გარეშე ქრება. მაგალითად, ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სიცხე, დაღლილობის შეგრძნება. როგორც წესი, ყველა ეს გვერდითი ეფექტი რამდენიმე დღეში ქრება.

სამეცნიერო ჟურნალი Science წერს, რომ ცდებში მონაწილე ადამიანთა უმეტესობას სერიოზული გვერდითი მოვლენები, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ დაფიქსირებიათ. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღების შემთხვევაში, სიცხე 39-40 გრადუსი 2%-ზე ნაკლებს გამოუვლინდა.

გვერდითი მოვლენების შესახებ საუბრობენ რუსული ვაქცინის - "Sputnik V"-ის შემქმნელები. ამ შემთხვევაშიც გამოხატული იყო სიცხე, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტი, რომელიც ორ დღეში გაქრა.

"ვაქცინების უმეტესობა მცირე გვერდით მოვლენებს იწვევს. ძირითადად, ეს არის სხეულის იმუნური და ანთებითი რეაქცია ვაქცინაზე", - აცხადებს სტენფორდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ივონ მალდონადო.

  • რაც შეეხება ალერგიულ რეაქციებს...

ვაქცინაციის დაწყებისთანავე, ცნობები გავრცელდა მწვავე ალერგიული რეაქციების, "ანაფილაქსიური შოკის" შესახებაც.

ყველაზე განხილვადი დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის (NHS) ორი თანამშრომელის შემთხვევაა, რომლებსაც Pfizer და BioNTech-ის ვაქცინების მიმართ მწვავე ალერგიული რეაქციები გამოუვლინდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ადამიანი ალერგიულია, მათ თან სპეციალური ადრენალინის შპრიციც კი დააქვთ. გარდა ამისა, იმავე დღეს, დაახლოებით ათასმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის იგივე დოზა და ასეთი რეაქცია არავისთან დაფიქსირებულა.

მსგავსი ამბავი მოხდა ალასკაზე. თუმცა ამ შემთხვევაში, ვაქცინაციამდე მამაკაცს ალერგია არ აღენიშნებოდა. ეპინეფრინის (ადრენალინი, რომელიც გამოიყენება ანაფილაქსიური შოკის დროს) ინექციის შემდეგ, ალერგიული რეაქცია შემცირდა.

Pfizer და BioNTech ვაქცინის მწარმოებლები მიუთითებენ, რომ ის არ უნდა გაუკეთდეს ვაქცინის რომელიმე ნივთიერებაზე დადასტურებული ალერგიის მქონე ადამიანებს. ალერგია ვლინდება ქავილით, გამონაყარით, ქოშინით, სახის ან ენის შეშუპებით.

ამგვარი აღწერა შეიძლება აფრთხობს პაციენტს, მაგრამ მსგავსი სიმპტომები ხშირად გვხვდება მძიმე ალერგიის მქონე ადამიანებში. რაც მთავარია, არსებობს ამ ხალხის გადაუდებელი დახმარების დადასტურებული გზები.

ინდივიდუალური ალერგიული რეაქციები შესაძლებელია არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინაზე, არამედ ნებისმიერ პრეპარატზე გამოვლინდეს.

  • რატომ არ ხდება ქვეყნების ლიდერების ვაქცინაცია?

მსოფლიოს არცერთი ლიდერი ჯერ არ არის აცრილი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ საჯაროდ არავის განუცხადებია.

ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ ვაქცინები, რომლებიც დღეს ბაზარზე იყიდება, "გათვალისწინებულია გარკვეული ასაკის მოქალაქეებისთვის".

"ვაქცინებმა ჩემნაირ ადამიანებამდე ჯერ ვერ მოაღწიეს. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, აუცილებლად ავიცრები", - განაცხადა პუტინმა, რომელიც 68 წლისაა.

თუმცა მოსკოვის 62 წლის მერი, სერგეი სობიანინი უკვე აცრილია.

ზოგიერთმა ლიდერმა, რომელიც ჯერ არ აცრილა, პირობა დადეო, რომ მოქალაქეებში შიშის გასაქრობად პირველები აიცრებოდნენ.

მსგავსი პირპობა დადო არგენტინის ლიდერმა, ალბერტო ფერნანდესმა. ევროპაში მრავალი ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პრიორიტეტულ ჯგუფს არ განეკუთვნებიან და პირველ რიგში ვაქცინა ექიმებმა უნდა მიიღონ.

  • რატომ შეიქმნა კორონავირუსის ვაქცინა ასეთ მოკლე დროში?

ზოგადად ვაქცინის შემუშავებას, ტესტირებას, გამოცდას და დამტკიცებას როგორც წესი, რამდენიმე წელი სჭირდება.

Covid-19-ის ვაქცინების შემუშავება წარმოუდგენლად ჩქარა მოხდა და დეველოპერებს ბევრი აუცილებელი ფორმალობის უგულებელყოფა მოუხდათ.

მაგალითად, ისინი პრაქტიკულად არ ატარებდნენ ექსპერიმენტებს ცხოველებზე - თითქმის მაშინვე გადავიდნენ ადამიანებზე. მსხვილმა დეველოპერებმა (მაგალითად, AstraZeneca) პრეპარატის მასობრივი წარმოება კლინიკური გამოკვლევების დაწყების პარალელურად დაიწყეს.

ვაქცინის სწრაფ შემუშავებაში ფარმაცევტულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი რესურსი ჩადეს იმიტომ, რომ პრობლემა გლობალური იყო. მაგრამ ვაქცინის წარმოების სიჩქარე არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა გზა უსაფრთხოების პროტოკოლების გვერდის ავლით გაიარეს.

  • შეიძლება თუ არა სხვა ქვეყანაში გამგზავრება ვაქცინაციისთვის?

ეს ჯერ არ არის შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცედურას, სადაც პრეპარატი უკვე ხელმისაწვდომია, ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს.

მაგალითად, რუსეთში Sputnik-ით ვაქცინაცია მოსკოვიდან დაიწყო და ახლახან შეიტანეს რეგიონებში. ვაქცინაციას უკეთებენ პირებს, რომლებიც პირველადი რისკის ჯგუფში შედიან. ესენია, ჯანდაცვის მუშაკები, ვაჭრობისა და მომსახურების, ურბანული სოციალური მომსახურებების თანამშრომლები.

  • რით განსხვავდება ვაქცინები ერთმანეთისგან?

როგორც რუსული, ასევე ბრიტანული (ოქსფორდის უნივერსიტეტი და AstraZeneca) ვაქცინების შემქმნელები ე.წ. ვექტორულ ტექნოლოგიას იყენებენ. ეს ვაქცინების შემუშავების დადასტურებული ტექნოლოგიაა, ამ გზით შეიქმნა "ებოლას" ვაქცინაც.

Moderna-ს და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინები სხვა ტიპისაა - ორივე იყენებს "მესინჯერის" ინოვაციურ RNA ტექნოლოგიას. კორონავირუსამდე, ამ ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა არ იყო დამტკიცებული.

  • რა განსხვავებაა Sputnik-ისა და Oxford-ის ვაქცინებს შორის, თუ ისინი ერთნაირი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შემუშავებული?

განსხვავება იმაშია, რომ Sputnik-ის დეველოპერები ე.წ. გარსად ადამიანის ადენოვირუსს იყენებენ, ხოლო ოქსფორდის მეცნიერები - შიმპანზეს ადენოვირუსს (და ერთ ვექტორს).

არა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის დროს თქვენ დაინფიცირდებით ადენოვირუსით. ეს არის ადამიანის ორგანიზმისთვის უსაფრთხო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს იმუნურ სისტემას რეაგირება მოახდინოს და შეიმუშაოს ანტისხეულები, რაც ინფექციისგან დაგიცავთ.

ორივე ამ ვაქცინას აქვს თავისი ღირსება და უარყოფითი მხარე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რუსები და დიდი ბრიტანეთის მწარმოებლები კომბინირებული ვაქცინის დატესტვას ცდილობენ.

ambebi.ge