Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი" | Allnews.Ge

Covid 19 და მარიხუანა - რა პრობლემები ექმნებათ ინფიცირებულ მწეველებს: "მატულობს გულის შეტევის, ბრონქიტის რისკი, ქვეითდება იმუნიტეტი"

კოვიდინფექცია ადამიანს არაფრის მიხედვით ასხვავებს, რადგან ის ნებისმიერს შეიძლება შეხვდეს. მისი მკურნალობის პროცესში ხშირად ქრონიკული დაავადებები სახელდება, როლებსაც კოვიდვირუსი ამწვავებს. საინტერესოა, მარიხუანის მომხმარებელ პაციენტებში ეს ვირუსი როგორ მიმდინარეობს, რა დაავადებებს ამწვავებს, რა კატეგორიის ადამიანები ხდებიან მისი მომხმარებლები და საერთოდ, როგორ შეიძლება მისი მოხმარებისგან გათავისუფლება.

ამ კითხვებს პასუხობს შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ნარკოლოგიური სტაციონარული განყოფილების უფროსი ნინო გონგლიაშვილი.

ექიმის თქმით, როგორც აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, - კორონავირუსი შესაძლოა, განსაკუთრებით რთული ფორმით თამბაქოს და მარიხუანის მომხმარებლებში გამოვლინდეს. იმის გამო, რომ ის დაბალ ტემპერატურაზე იწვის, მწეველი დაუწვავ ნაწილაკებსაც შეისუნთქავს, რომლებიც ალერგიის მსგავსად, ფილტვებს აღიზიანებს. ამან შესაძლოა, მშრალი ხველა გამოიწვიოს, რომელიც კორონავირუსის ინფექციის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. ასეთ დროს დაავადების დიფერენცირება ძალიან რთულია.

კვლევის: Canadian Centre on Substance Use and Addiction - 2020 მიხედვით - კანაფის კვამლი ქიმიურ ნივთიერებებს შეიცვას, რომლებიც, როგორც ცნობილია, ფილტვებზე უარყოფითად მოქმედებს. რეგულარულმა მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ხიხინი და შეამციროს ფილტვის ექსკურსი. კანაფის ხანგრძლივად მოწევას ქრონიკული ბრონქიტის გამოწვევაც შეუძლია, იმუნური სისტემის დათრგუნვა, რაც ადამიანს ინფექციისადმი უფრო დაუცველს ხდის.

როგორც ექიმი აღნიშნავს, ვეიპინგისთვის საჭირო კანაფის პროდუქტები, რომლებიც არალეგალურ ბაზარზე იშოვება, ფილტვის მძიმე დაავადებებს იწვევს და მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ამასთან, მარიხუანა გულისცემის გახშირებას იწვევს. გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგების შემცირების გამო მატულობს სტენოკარდიული შეტევევბის სიხშირე. ხშირად მომხმარებლებში კარდიომიოპათია, ტახიკარდია, ბრადიარითმია ვლინდება.

 

- რატომ და როგორ ხდებიან საერთოდ ადამიანები მარიხუანის მომხმარებლები?

- ყველაფერი ბავშვობიდან იწყება - განსაკუთრებით გამოხატული ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი, აგრესიულობა, მიდრეკილება იმპულსურობისკენ, საზოგადოებრივი ნორმების უგულებელყოფისკენ სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, რადგანაც კვლევებით დამტკიცებულია, რომ ასეთი ბავშვები მომავალში ხშირად ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ საშუალებაზე ხდებიან დამოკიდებულები. მოგვიანებით, მოზარდობის პერიოდში გაჩენილი დაბალი თვითშეფასება უკვე პრობლემას აღრმავებს და რთულად გადასალახი ბარიერი ჩნდება თვითშეფასებას, მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის. მოზარდი გარემოს ვერ ერგება და ცხოვრების საზრისის არ მქონე ადამიანები თავშესაფარს წამალდამოკიდებულებაში ან რაიმე სხვა დამოკიდებულებაში ეძებენ.

დღეისთვის ახალაგაზრდები ყველაზე ხშირად მოიხმარენ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფსიქოდელირიული თვისებების მქონე ნარკოტიკულ საშუალებას - კანაბისს.

- რა არის ის?

- კანაბისი კრებითი ცნებაა, რომელიც მცენარე კანაფიდან წარმოებულ რამდენიმე ფსიქოაქტიურ ნივთიერებას აერთიანებს, როგორიცაა მარიხუანა, ჰაშიში, ჰაშიშის ზეთი...

მარიხუანის მავნედ მოხმარებას ახლგაზრდა, მოზარდობის ასაკში იწყებს. ძირითადად ეწევიან ჯგუფურად, თავიდან კვირაში 1-2-ჯერ. საშუალოდ 1-2 წლის განმავლობაში ყალიბდება ე.წ. ჯგუფური ფსიქიკური დამოკიდებულება, როდესაც მოწევის სურვილი ჩნდება მხოლოდ ჩვეულ წრეში მოხვედრისას. მოგვიანებით კი, 6-8 თვეში მოწევა ყოველდღიურ ხასიათს იღებს, რაც ფსიქიკურ დამოკიდებულებად ყალიბდება, ანუ ინდივიდი მაქსიმალურ ფსიქიკურ კომფორტს ინტოქსიკაციაში აღწევს...

- რა ხდება მოხმარების შეწყვეტისას?

- აღინიშნება ასთენია, მოდუნება, ძილიანობა, გუნება-განწყობის დაქვეითება და აფექტური გამოვლინებები. დროთა განმავლობაში ქრება შიშის და ძილის ფაზები, აღქმის დარღვევა ძველებურად მკვეთრ ხასიათს აღარ ატარებს. შორსწასულ შემთხვევებში, ტონუსის შესანარჩუნებლად, ნარკოტიკს დღის მანძილზე მრავალჯერადად მიმართავენ. ხშირად ეწევიან მარტო, ამხანაგებისგან მალულად. მას შემდეგ, რაც მარიხუანა მასტიმულირებელ თვისებებს იძენს, ინტოქსიკაცია არამარტო ფსიქიკური, ფიზიკური კომფორტის ერთადერთი პირობაც ხდება. ბოლო წლების გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ კანაბისის მოხმარბის შეწყვეტა ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას იწვევს.

კანაბისის მაღალი დოზების ხანგრძლივი მოხმარებისას ყალიბდება ე.წ. „ამოტივაციური სინდრომი“. მომხმარებელი ყველაფრის მიმართ გულგრილია. ინტერესს მხოლოდ მარიხუანას შოვნისადმი იჩენს. არის აპათიური, არაპროდუქტიული, პასიური. არ სურს და არ ძალუძს სწავლა, მუშაობა, ან რაიმე ქმდება, რაც ძალისხმევას მოითხოვს. ქვეითდება გეგმების შესრულების უნარი, ყურადღების კონცენტრაცია, მეხსიერება, გაძნელებულია ჩვეული აქტიურობის შენარჩუნება.

კანაბისის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს - ენერგეტიკული რესურსების პროგრესულ დაქვეითებას, სოციალური ფუნქციებისა და კავშირების დაკარგვას, ჭკუასუსტობას, ფსიქოპატიზაციას, ინტელქტუალურ - მნესტიკური ფუნქციების დაქვეითებას, მორალურ დეგრადაციას და ქრონიკულ ფსიქოზებს...

- პაციენტები რა მიზეზით, ჩივილებით გაკითხავენ?

- ბოლო 3 წელია, განსაკუთრებით, ბოლო წლის განმავლობაში სტაციონარში საგრძნობლად იმატა პაციენტების (17-30 წლამდე) მომართვიანობამ კანაბინოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობებით (ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები, გუნება-განწყობის აშლილობა, რომელიც გამოიხატება მანიაკალური ან დეპრესიული მდგომარეობით, აბნეული აზროვნება, აარადექვატური ემოციები და სხვ.).

დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება ასეთი პაციენტების მკურნალობას - დეტოქსიკაცია, ანტიფსიქოზური თერაპია და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. პირველ რიგში სირთულე გამოიხატება იმაში, რომ ეს პაციენტები არ აკრიტიკებენ საკუთარ მდგომარეობას, მარიხუანას ნარკოტიკული საშუალებად არ მიიჩნევენ, არ თვლიან, რომ მათი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ნივთიერების მოხმარებით და ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფენ სტაციონარიდან გაწერისას ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებას, რეაბილიტაციის კურსის გავლას, რაც რეციდივის საწინდარია.

რიგ შემთხვევებში, კანაბისი იწვევს ფსიქიკური აშლილობების (შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და სხვ.) მანიფესტაციას. ამ დროს გასათვალისწინებელია თანდაყოლილი მიდრეკილების არსებობა. ასეთი ტიპის პაციენტებს, ცხოვრების განმავლობაში ერთობლივად მართავს ფსიქიატრი და ნარკოლოგი.

***

ნინო გოგნლიაშვილის თქმით, კანაბინოიდების მომხმარებლებში, სხვადასხვა პათოლოგიის განვითარების რისკი დამოკიდებულია: მოხმარებული მარიხუანის რაოდენობაზე, მოხმარების სიხშირიზე და ხანგრძლივობაზე.

მარიხუანას ქრონიკულ მომხმარებლებში განსაკუთრებით ხშირია სასუნთქი ორგანოების დაავადებები. ხშირია ქრონიკული ბრონქიტები, ხველა, ნახველის გაძნელებული გამოყოფით; მძიმე, ხმაურიანი სუნთქვა. მარიხუანის რეგულარული გამოყენებისას აღწერილია ქრონიკული სინუსიტების, ფარინგიტების შემთხვევები.

მარიხუანა ტოკსიკურად მოქმედებს ღვიძლზე. ხშირად ვლინდება ქრონიკული ტოკსიკური ჰეპატიტი. დროთა განმავლობაში შესაძლოა, განვითარდეს ღვიძლის ციროზი.

დადასტურებულია, რომ ტჰკ-ს ქრონიკულ მომხმარებლებში იწვევს სპერმის პროდუქციის შემცირებას. მამაკაცებში ასევე აღნიშნება სათესლე ჯირკვლებისა და პროსტატის ზომის შემცირება, ქალებში ოვულაციის ბლოკირება. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები მამაკაცებში ვლინდება ლიბიდოს დაქვეითებით, იმპოტენციით, უნაყოფობით, ქალებში კი ამენორეით. თუმცა ეს ცვლილებები შექცევადია მარიხუანის მავნედ მოხმარების შეწყვეტისას.

- ორსულლების შეთხვევაში რა ცვლილებები მიდის მათ ორგანიზმში?

- ორსულობის პერიოდში მარიხუანას მავნედ მოხმარება იწვევს ნაყოფის ჰიპოქსიას, აფერხებს მის ზრდას. ამან შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს ბავშვის ქცევის დარღვევა და გონებრივი შრომის უნარის დაქვეითება.

მარიხუანის მძიმე მომხმარებლებში გამოვლენილია ჰორმონალური დარღვევები.

- რა საპრევენციო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ?

- ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია პრევენცია, განათლება და მოზარდების ინფორმირება ფსიქოაქტიური საშუალებების შესახებ, მათი მოხმარების შედეგად დამოკიდებულების ჩამოყალიბების და გამოწვეული გართულებების შესახებ. მხოლოდ ამის შემდგომ, მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: რა არის მისთვის მნიშვნელოვანი - ჯანმრთელობა, პერსპექტივები თუ დამოკიდებულება და ავადმყოფობა.

ამ პრობლემების აღმოფხვრაში, ფხიზელი ცხოვრების სწავლაში, მომავალი პოზიტიური გეგმების დასახვაში, ბენეფიციარებს დაეხმარებიან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები (ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსები) ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრებში.

სამწუხაროდ, საქართველოში ამჟამად არ არის რეზიდენტული (24-საათიანი) რეაბილიტაციის ცენტრები.

ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემების მქონე პირებს, შეეძლიათ მოგვმართოთ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ გამოცდილი პროფესიონალი ექიმები და ფსიქოლოგები.