კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომლის ფოტომ “ფეისბუქი” მოიცვა | Allnews.Ge

კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომლის ფოტომ “ფეისბუქი” მოიცვა

თბილისის მერი კახა კალაძე მამა-შვილს, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა, ბინა აჩუქა. ამის შესახებ კალაძე "ფეისბუქზე" წერს.

"ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო- მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო.... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ , ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.

ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი" - წერს კალაძე.

"მათთვის არაფერი დაუნგრევიათ.... ამ ბავშვის ძმა ჩვენი მოსწავლეა" - რა ვიცით მამა-შვილზე, რომელთა ფოტომ "ფეისბუქი" მოიცვა

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, გუშინ ხმაური იყო. სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. თუმცა საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს.

ადგილზე დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს მწვავე შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. საზოგადოების დიდი ნაწილი თბილისის მერიას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ზამთარში და მითუმეტეს პანდემიის და ვირუსის არსებობის პირობებში ადამიანების ღია ცის ქვეშ დატოვება დაუშვებელია.

"ფეისბუქზე" განსაკუთრებით ბევრი ადამიანი აზიარებს ფოტოს, რომელზეც მამა-შვილია გადაღებული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დემონტაჟისას მათი საცხოვრებელი სახლიც დაინგრა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.