მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების კრიტიკულ მდგომარეობაში- ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების კრიტიკულ მდგომარეობაში- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

„მომავალი 2 კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის. საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო, როგორც წესი 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა როდესაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, 49 გარდაცვლილი, რომელიც დღეს დაფიქსირდა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში.

„49 გარდაცვლილი რაც დღესაა, არის საკმაოდ მაღალი. 49 გარდაცვლილი არის ის მაჩვენებელი, როდესაც შემზღუდველი ღონისძიებები არის აუცილებელი ქვეყანაში. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.