ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები | Allnews.Ge

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

მსოფლიოში ჭარბი წონა და სიმსუქნე პანდემიად არის გამოცხადებული, რაც ადამიანების ჯანმრთელობას ახალ კორონავირუსამდეც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, თუმცა ამ უხილავი მტრის გამოჩენის შემდეგ, ის განსაკუთრებული საფრთხე აღმოჩნდა ამ დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ვინაიდან ისინი რისკჯგუფში მოხვდნენ და სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც სამწუხაროდ, ამ ადამიანებში საკმაოდ მაღალია.

„როდესაც ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა, იქვე 21 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გარკვეული რეკომენდაციები გამოაქვეყნა, სადაც მკაცრად იყო გაწერილი, რომ „კოვიდ 19“-ის შემთხვევაში, მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ ქრონიკული დაავდებების მქონე პაციენტები, მათ შორის, ენდოკრინული დაავდებების მქონენი. გასაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ჭარბი წონითა და სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებზე. მარტის მონაცემებით, როგორც აზიაში, ისე აშშ-ში ინფიცირებულთა 40-45% სწორედ ჭარბი წონით და სიმსუქნით იყვნენ დაავადებულები, რამაც მეცნიერების ყურადღება მიიქცია.

ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ისინი ქრონიკული დაავდებებია, რომელიც თავის მხრივ, ორგანიზმში სხვა დაავდებების განვითარებას იწვევს, კერძოდ, - შაქრიან დიაბეტს, გუსისხლძარღვთა სისტემის დაავდებებს, მეტაბოლური დარღვევებს (მეტაბოლურ სინდრომს), რაც ცხიმოვანი, ასევე ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით ვლინდება. ეს ყველაფერი კი ძალზე სააყურადღებოა“ - გვეუბნება ლაშა უჩავა.

მისი თქმით, კოვიდინფექციის გავრცელების პირველ ეტაპზე, საინტერესო იყო ფაქტი, როცა ახალი კორონავირუსით დაავადებულები საავადმყოფოს მიმართავდნენ, ყველაზე ხშირ სიმპტომად მკვეთრად გამოხატული ქოშინი და სუნთქვითი უკმარისობა სახელდებოდა. ეს კი სხვადსხვა მიზეზით იყო გამოწვეული - ერთ-ერთი, ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი რაოდენობით გულმკერდის არეში დაგროვებაა, რაც დიაფრაგმის მდგომარეობას ცვლის, ამის გამო კი ფილტვებში, განსაკუთრებით ქვემო ნაწილში, ჟანგბადის უკმარისობა იქმნება.

„ეს არის მექანიკური პრობლემა, როცა სიმსუქნის დროს ფილტვების ჟანგბადით სრული ავსება ვერ ხდება, ეს გარკვეულ სიმპტომატიკას იწვევს. ამასთან, ვიცით, რომ ახალი კორონავირუსის ე.წ. სამოქმედო არეალი სასუნთქი გზები და ფილტვებია. ყველაფერი კი ხელს უწყობს ფიბროზული ქსოვილის განვითარებას და პაციენტის სასუნთქ აპარატზე გადაყვანა აუცილები ხდება. სწორედ ამიტომაც, აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში დიდი კვლევები მაშინ ჩატარდა, როცა იქ ეს ვირუსი მძვინვარებდა. იმ მონაცემების მიხედვით, 1-ელ ადგილზე არტერიული ჰიპერტენზიის მქონენი მოხვდნენ, მე-2-ზე - შაქიანი დიაბეტიანები, ჭარბი წონა და სიმსუქნე მე-5 ადგილზე აღმოჩნდა. მაგრამ სტატისტიკურად ცალკე არ იყო გამოტანილი, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებში სიმსუქნით დაავადებული რამდენი იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. საბოლოოდ კი, როცა ეს მონაცემები შეიკრიბა, სიმსუქნე საერთოდ, პირველ ადგილზე აღმოჩნდა, რადგანაც მისგან იყო გამოწვეული როგორც გულსისხლძარღვთა დაავდებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი“ - აღნიშნავს ექიმი.

- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ც რისკჯგუფს წარმოადგენს და ამ პაციენტების სტატსტიკა თუ არსებობს, მათშიც ხშირია ლეტალური გამოსავალი?

- პანდემიის დაწყებიდან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ბევრი კვლევა ჩატარდა და ვიმეორებ, რომ ყველაზე მეტი ავადმყოფი ჭარბწონიანი იყო. ეს ბეტაანალიზმაც (ბევრი მონაცემის ერთობლიობა) აჩვენა, რაც არაერთ ქვეყანასა და კლინიკაში ჩატარდა. 26 აგვისტოს ერთ-ერთ ცნობილ სამედიცინო გამოცემაში გამოქვეყნდა მკვლევართა მიერ შეგროვებული ინფორმაცია, სადაც 400.000 პაციენტის მონაცემი იყო თავმოყრილი, რომელთაც ახალი კორონავირუსი შეეხოთ. სიმსუქნით დაავდებული ადამიანებიდან დაახლოებით 86%-ით იყო გაზრდილი გართულებების რისკი, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში, 74%-ით იყო გაზრდილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანილი ჭარბი წონისა და სიმსუქნით დაავდებულების რიცხვი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების. 48% - უფრო მეტი იღუპებოდა სიმსუქნით და ჭარბი წონით დავადებული, ვიდრე ჯანმრთელი.

რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, აქ გარდაცვალების დაახლოებით 33% იყო, ანუ ლეტალური გამოსავალი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების, რაც საკმოად მაღალი სტატისტიკური მონაცემია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე სიმსუქნისა და ჭარბი წონისას, გარდა მექანიკური დაზიანებისა, რაც უკვე აღვნიშნეთ, ფილტვებში ჟანგბადის მომარაგების პროცესი სხვა შემთხვევაშიც, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ დროს დარღვეულია მეტაბოლური ცვლა, რაც ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების განვითარებას იწვევს. ვიცით, რომ ცხიმოვანი ქსოვლის წარმოქმნა, რაც ცხიმოვანი ქსოვლის ანთებითი პროცესია, რაც მთელი რიგი ფაქტორების მიზეზია, ორგანიზმში ასევე თავისუფალი რადიკალების, ტოქსინების დიდი რაოდენობა გროვდება. ეს გულსისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, კონკრეტულად, სისხლძარღვების კედლებში არსებულ უჯრედებზე, რაც მათი ანთებითი პროცესის განვითარებას იწვევს, ამით კი თრომბის ჩამოყალიების რიკები იზრდება.

- „კოვიდ 19“-იც ხომ უფრო ართულებს კუაგულაციის პროცესს...

- კი, სისხლის შედედების ფაქტორებზე მოქმედებს. „კოვის 19“-ით ინფიცირება ერთი ორად ზრდის სისხლის შედედებას და თრომბის ჩამოყალიბების რისკებს. ისიც ვიცით, რომ გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი სწორედ თრომბოემბოლიებზე მოდის.

უნდა ისიც ვთქვათ, რომ საქართველო არ ჩამორჩება მსოფლიოს მონაცემებს და სიმსუქნის განვითარების მიმართულებით ხუთეულში ვართ, რაც საკმაოდ მაღალი მონაცემია. თვითონ გულსისხლძარღვთა დაავდებები, დიაბეტი ართულებს აგრეთვე სიმსუქნის მიმდინარეობას, ამას, როცა ახალი კორონავირუსიც ემატება, სიტუაცია მეტად მძიმდება და ამ პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი მაღალია... ჯერ კიდევ პირველი ტალღის პერიოდში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ასევე კარგი კვლევა დაიდო, იზოლაციაში მყოფ ადამიანებში 32%-ით გაიზარდა სიმსუქნის მაჩვენებელი, კვების კალორაჟის გაზრდამ, ეს რიცხვები აჩვენა, ანუ ჭარბ წონიანები კიდევ უფრო სახიფათო ზონაში გადავიდნენ. ამიტომ, მათთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მკაცრ რეკომენდაციად რჩება, რომ უნდა მიმარონ ექიმებს, დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

- ეს მათ ჯანმრთელობაში ასე სწრაფად დიდად ვერაფერს შეცვლის, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ ეტაპზე ოდნავ შეუმსუბუქებთ პრობლემას...

- კი, და შეამცირებს ინფიცირებისას მაღალი რისკის ჯგუფში ყოფნას...

- ჩვენი ორგანიზმის წყლით უზრუნველყოფაზე ასევე ბევრჯერ გვისაუბრია. წყლის დალევა გვჭირდება იმისთვის, რომ ორგანიზმში არ მოხდეს დეჰიდრატაცია. „კოვიდ 19“-ის დროს განსაკუთრებულდ მითითებად სწორედ ეს ითვლება. კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ, - რატომ უნდა დალიოს ადამიანმა წყალი, „კოვიდ 19“-ის შემთხვევაში...

- ეს მრავალი ფაქტორით არის განპირობებული - იმისთვის, რომ ნორნალური იყოს ნივთიერებათაცვლა, ორგანიზმში აუცილებელია წყლის საკმარისი რაოდენობა, ორგანიზმი არ უნდა განიცდიდეს დეჰიდრატაციას. დეჰიდრატაცია სისხლის შედედების ფაქტორების მომატების მაპროვოცირებელი ფაქტორია, ხელს უწყობს თრომბის მარტივად ჩამოყალიბებას. ამიტომ, სითხეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სითხის მიღებისას საკვების რაოდენობის მიღებაც თავისთავად მცირდება, რაც ხელს უწყობს წონის კორექციას, სითხის ნორმალური რაოდენობით მიღება ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაგროვილი ნარჩენების გამოატანას, ის როგორც ანტიოქსიდანტი ისე მოქმედებს. გარდა ამისა, ვიცით, რომ ვირუსი სისხლში ცირკულირებს და წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნასაც.

- მისი მიღების აუცილებლობა მრავალი ფაქტორით მტკიცდება, რაც ყველამ უნდა გავითვალისიწინოთ...

- დიახ და ეს რეკომენდაცია არა მარტო წყალთან, კვებასთან დაკავშირებითაც საგულისხმოა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ძალიან ნათლად, კონკრეტულად, მაგალითებით, სლაიდებზეა დასურათებული და ახსნილი. დიახ, იქ ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე წერია, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების წილი, რომ პანდემიის პირობებში ინფექციის პრევენცია შევძლოთ და ინფიცირებისას, მკურნალობის პეიოდში მისგან თავი დავიცვათ:

  • დღის განმავლობაში 10-12 ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ, რაც 2 ლიტრამდე წყალს უდრის (აქ საუბარია სუფთა წყალზე და არა სხვა სითხეზე).
  • რაც შეეხება კვებას, ყურადღება უნდა მიექცეს ბალანსირებულ კვებას, სადაც შედის როგორც ცილები, ასევე ნახშირწყლები, ცხიმები, ის, რაც აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემის აქტიური მუშაობისთვის. მაგალითად, დღის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს 200-300 გრამი ხორცი, კვირაში სამი დღე აუცილებელია რძის პროდუქტების მიღება (დაახლოებით 400-600 გრამი), 400-600 ბოსტნეული და ამდენივე ხილი და 150 გრამი ბურღული. სწორედ, ამ პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს ჩვენი კვების რაციონი, იმისთვის, რომ დაბალანსებული იყოს.

- კოვიდპანდემიის დროს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ვიტამინები - C და D სახელდება. რატომ არის მისი მიღება აუცილებელი?

- კოვიდპანდემიისას ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული მიკროელემენტებისა და ვიტამინების მიღება. ეს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ არის მოწოდებული, რომ მათი მიღება აუცილებელია. D ვიტამინის დეფიციტი ყოველ მეორე ადამიანს აქვს და ამიტომაც მიიღო ეს სტატუსი. კვლევებით დადგენილია, რომ მისი დეფიციტის მქონე პაციენტების 58% კოვიდინფიცირებულია, გარდა ამისა, აღნიშნული ვიტამინი კალციუმით ამარაგებს ძვლებს, ორგანიზმში ბევრი დადებით ფუნქცია აქვს.

იმუნური სისტემისთვის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია C, მას დიდი ხანია, სხვადასხვა ვირუსის თავიდან ასაცილებლად ვიყენებთ, დადგენილია, რომ დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ოგანიზმს სხვდასხვა ვირუსისა და ინფექციისგან იცავს.

ასევეა მნიშვნელოვანია მიკროელემენტები - სელენი და თუთია, მისი გამოყენება "კოვიდ 19“-ის შემთხვევაში სიახლე იყო, თუმცა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დიაგნოსტირებაში ნახშირწყლოვანი ცვლის მოწესრიგებაში ვიყენებდით. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. ასევე ალბათ გვსმენია „ციტოკენური შტორმის“ შესახებ, რაც „კოვიდ 19“-ის დროს გართულებების ერთ-ერთი სერიოზული გამომწვევი მიზეზია, თუთია კი ორგანიზმში ამ „შტორმის“ მოწესრიგებას ახერხებს, ხელს უწყობს დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობას. „სელენი“ ჩვენს ბაზარზე ანტიოქსიდანტური თვისებების გამო გამოიყენება, რაც მავნე უჯრედებს ჯანსაღ ქსოვილებზე ზემოქმედებას ხელს უშლის და ხელს უწყობს იმუნური სისტემის აქტიურ მუშაობას.

- თითოეული, საპროფილაქტიკოდ, რა რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა?

- D ვიტამინი უნდა იყოს 800-1200 საერთაშორისო ერთეული, რაც 200 მკგ-ია დღის განმავლობაში, თუთია დაახლოებით - 50-75 მკგ, სელენი - 200 მკგ, ხოლო C ვიტამინი 1000 მლგ დღის. მაგრამ თუ ვსაუბრობთ ორგანიზმში D ვიტამინისა და თუთიის დეფიციტზე, საპროფილაქტიკო დოზები საკმარისი არ იქნება და ეს უკვე ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს, რასაც ლაბორატორიული კვლებები დასჭირდება. ასე რომ, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას და ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ.

ambebi.ge