როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს | Allnews.Ge

როდის და რომელ ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ - ამირან გამყრელიძე სავარაუდო თარიღს ასახელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის მიღების დაახლოებითი დროა მარტი- აპრილის თვეები. მისივე თქმით, ქვეყანას 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შეძენა ჯამში 17 მილიონი დოლარი უჯდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს არჩევანს საქართველო, თუმცა სამი შესაძლო სცენარი მზადდება, სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად ქვეყნის მომზადებისთვის.

"ჩვენ უკვე წინასწარი შენატანი 4 მილიონი დოლარის ოდენობით გადარიცხული გვაქვს, სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი 700 ათასი ადამიანის ანუ მოსახლეობის 20%-ის აცრა, ვყიდულობთ 1 400 ათას დოზას კოვაქს პლატფორმით. ჩვენ არ ვიცით ჯერ, რომელს შევისყიდით ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან. როგორც ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია კოვაქსი შეისყიდის, დაახლოებით 4-5 ვაქცინას და ჩვენ ისეთი კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ 4-5-დან შეგვიძლია ავარჩიოთ, რომელი შემოვიტანოთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს, სადღაც მარტი-აპრილის თვეები. ჩვენ ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე და სხვადასხვა ვაქცინებთან მიმართებით მუშავდება სამი სცენარი, რომ ცივი ჯაჭვისა და აცრის პროცედურა ქვეყანაში აწყობილი იყოს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.   მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო არხების ჩართულობით, მიმდინარეობს პარალელური პროცესი, რათა ქვეყანამ მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ვაქცინის, დაახლობით, 200 – 300 ათასი დოზა იანვრის ბოლოსთვის ან თებერვლის დასაწყისისთვის შემოიტანოს.

„მიმდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლებისა და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია 200 000- დან 300 000 დოზაზე, რათა, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია ანუ ეს არის პროცესი, რომლითაც ჩვენ, დაახლოებით, 20-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ მოსახლეობა წლის პირველ ნახევარში, შემოდგომამდე და შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ გავზარდოთ. იმისთვის, რომ მივიღოთ კოლექტიური იმუნიტეტი საზოგადოებაში, გვჭირდება, რომ იყოს აცრილი მინიმუმ 50-დან 60%-მდე მოსახლეობის. პირველ ეტაპზე, აიცრებიან რისკ ჯგუფები. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ამ რისკჯგუფებში იქნებიან ჩვენი კოლეგები სამედიცინო პერსონალი, ასევე მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები ქრონიკული დაავადებებით, სხვა რისკჯგუფებიც, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ყველასთვის ცნობილი იქნება თუ ვინ აიცრება,“- განაცხადა გამყრელიძემ.