რატომ უნდა მიიღონ ბავშვებმა შავი ყურძენი და ქიშმიში ეპიდემიის დროს და რაში დაგვეხმარება სახლის პირობებში გაზრდილი ჯეჯილი | Allnews.Ge

რატომ უნდა მიიღონ ბავშვებმა შავი ყურძენი და ქიშმიში ეპიდემიის დროს და რაში დაგვეხმარება სახლის პირობებში გაზრდილი ჯეჯილი

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" კოვიდ-19-ის შემთხვევაში ძალიან საყურადღებო კვებით რეკომენდაციებს იძლევა. გადაცემაში, რომელშიც ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე მონაწილეობდა, სხვა საკითხებთან ერთად, ბუნებრივია, ყურადღება გამახვილდა ორგანიზმის ბუნებრივ დამცველობით უნარზე პანდემიის პირობებში და სპეციალისტებმა ძალიან სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალიც შემოგვთავაზეს, რომლებიც როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილის ორგანიზმს ბუნებრივად გააძლიერებს საშიში ვირუსის წინააღმდეგ.

მარი მალაზონია:

„გაზაფხულზე, როცა ძალიან ცოტა რამ ვიცოდით კორონავირუსზე, კვებითი რეკომენდაციების დროს მოსახლეობას ვურჩევდით, საკვების სახით ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგიო საკვები გამოეყენებინა, როგორც ორგანიზმის დამცველობითი   უნარის გამაძლიერებელი. ახლა ვირუსის შესახებ მეტი ვიცით ამ დაავადებაზე და უფრო დეტალური რეკომენდაციების მიცემაც შესაძლებელია.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მელატონინის დაბალი დონე და სეროტონინის მკვეთრი კლება პაციენტებში აუარესებს კივიდ-19-ის მართვას და პირიქით.

მელატონინის ბუნებრივ წყაროდ ალუბალი განიხილება, თუმცა იგი სეზონურად არ არის ამჯერად ხელმისაწვდომი. ასევე შავი ყურძენი, ის ჩვენი ენდემური პროდუქტია და საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მელატონინს. ჩვენი წინაპარი მას ქიშმიშის სახითაც იყენებდა. პომიდორიც ბუნებრივად შეიცავს მელატონინს, თუმცა არა იმდენს, რამდენსაც შავი ყურძენი და ალუბალი, სამაგიეროდ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ბროწეულიც მელატონინის შემცველია, ასევე დიდი რაოდენობითაა მასში სხვადასხვა ვიტამინი, სისხლის გამათხელებლები და რუტინი, რომელიც სისხლძარღვის კედლებს იცავს. სამაგიეროდ მითია, რომ   მასში რკინის შემცველობა მაღალია.

მელატონინი არის სხვადასხვა სახის თხილეულში: ნიგოზში, თხილში, ნუშში. მათში ასევე ბევრია თუთია, მაგნიუმი და კალციუმი.

რომელი პროდუქტები შეიძლემა დაეხმაროს მელატონინს, რომ საბოლოო ჯამში სეროტონინის მაღალი დონე მივიღოთ?

ეს არის კივი. მასში არის C ვიტამინის მაღალი კონცენტრაცია, ასევე თუთიის მაღალი კონცენტრაცია. მაღალი აქვს კალიუმის შემცველობაც.

ბანანი, მართალია, არ არის ჩვენი ენდემური პროდუქტი, მაგრამ სეროტონინის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მისი მიღება.

ნუ დავივიწყებთ ინდაურის ხორცს, რომელიც საახალწლო დღესასწაულთან მიმართებაში დამკვიდრებულია, თუმცა ჩვენმა წინაპარმა არც ნუტრიციოლოგია იცოდა და არც ბიოქიმია. ინაურის ხორცში ტრიფტოფანების მაღალი შემცველობაა, რაც იძლევა საშუალებას, ორგანიზმი სეროტონინით შეივსოს.

რაც შეეხება ცხიმიან თევზს, ის არ შეიცავს მალატონინს, მაგრამ მასში D ვიტამინისა და ომეგა3-ის კომბინაცია სხვა მინერალებთან ერთად, მნიშველოვან რესურსს იძლევა სეროტონინის შექმნისთვის.

რძეც დიდი რაოდენობით შეიცავს ტრიფტოპანს, რაც გარდაიქმნება სეროტონინად და ამის გამოც მას ხშირად იყენებენ გაციების დროს.

ძალიან მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები, რისი შესანიშნავი წყაროც შეიძლება იყოს სახლის პირობებში გაზრდილი ჯეჯილი ნებისმიერ სხვა პროდუქტთან კომბინაციაში. 

მაწონი არის ორგანიზმის წონასწორობის და იმუნიტეტის განმტკიცების შესანიშნავი საშუალება.

თემურ მიქელაძე:

 

„ჩვენმა წინაპარმა, მართალია, შავ ყურძენში მელატონინის შემცველობის შესახებ არაფერი იცოდა, სამაგიეროდ, ჰქონდა ტრადიცია, ძილის წინ 100-150 მილილიტრი შავი ღვინო მიეღო.

ბანანი მზა სეროტონინია და დაგვეხმარება იმუნობიულოგიური აქტიურობის ამაღლებაში. მელატონინთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, ეკრანდამოკიდებულება, გაჯეტებზე მიჯაჭვულობა იწვევს მელატონინის სინთეზის დაქვეეითებას მოზარდებში. მართალია, სწავლით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ჩვენი გადარჩენის მთავარი გზა განათლებაა, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა თამაშები, ელექტრონული გამაღიზიანებლები, უნდა შევზღუდოთ. განსაკუთრებით, ღამის საათებში, ჩაბნელებულ ოთახში ეს ელექტრონული იმპულსები მელატონინის სინთეზს აქვეითებს. ბავშვს ღვინოს ვერ შევთავაზებთ, მაგრამ შეგვიძლია მივცეთ შავი ყურძენი. მოზრდილებს კი ძილის წინ შეუძლიათ მიიღონ დაბალალკოჰოლური შემცველობის შავი ღვინო 50-100 მილიტრის ფარგლებში.“

myquiz