რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი? | Allnews.Ge

რას უკავშირდება ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი მოიხსნა. გუშინ და დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს სცდება.

ამის მიზეზი ქვეყანაში დაწყებული ინტენსიური ტესტირებაა.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ ორთვიანი გეგმის ფარგლებში, იცით, რომ უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 - PCR.

სწორედ ამის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა" - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.