"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ | Allnews.Ge

"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და 4 დღეში იმუნურმა მაჩვენებლებმა მიაღწია კრიტიკულ დონეს" - თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შესახებ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ამბობს, რომ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და თავისი ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ისტორიას ჰყვება. აღნიშნულის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ურთიერთობა ჩემი პროფესიაა, ეს ერთგვარი ადრენალინია ჩემთვის, ხელი ვერ შეუშალა პაციენტებთან ურთიერთობას იმ ძალიან მნიშვნელოვანმა ფაქტმაც, რომ მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში. ერთი ეს არის ჩემი ხანდაზმული ასაკი, 70 წელს გადაცილებული და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - მე მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტი.

თანმხლებ დაავადებებს შორის ეს არის ყველაზე უფრო მაღალი რისკის მდგომარეობა კოვიდის დამართების, რომლის დროსაც შესაძლოა, კოვიდი ძალიან აგრესიულად განვითარდეს და ფატალურად დამთავრდეს, ამიტომ, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მოითხოვდა ჩემგან, რომ მე უბრალოდ გავმიჯნოდი პაციენტებს და გავფრთხილებოდი თავს, მაგრამ ინფექციონისტისთვის ეს შეუძლებელია", - ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, საკუთარი თავისთვის საინტერესო პაციენტი იყო:

"16-დან (გულისხმობს 16 ნოემბერს) მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად დამძიმდა, მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადებების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები და ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათს მივიღე გადაწყვეტილება რომ დამეწყო რემდესივირის გადასხმა. ის ჯერ სამწუხაროდ საქართველოში არ არის შემოტანილი და უცხოეთიდან გამომიგზავნეს. "რემდესივირი" შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი უბრალოდ არ არსებობს.

ერთი შემთხვევით მე არ შემიძლია დასკვნების გაკეთება და ის, რომ რაც ჩემთან მოხდა მივაწერო "რემდესივირის" პოზიტიურ ეფექტს, მაგრამ ამის უარყოფაც არ შეიძლება. საექიმო ალღოს საფუძველზე მაქვს განცდა, რომ მინიმუმ ჩემთან "რემდესივირმა" იმუშავა ძალიან პოზიტიურად", - ამბობს ცერცვაძე.