რამდენი ხნით უნდა გავიდეთ მზეზე, რომ D ვიტამინის მარაგი შევივსოთ და საკმარისია თუ არა ამისთვის ფანჯარაში შემომავალი მზის სხივები | Allnews.Ge

რამდენი ხნით უნდა გავიდეთ მზეზე, რომ D ვიტამინის მარაგი შევივსოთ და საკმარისია თუ არა ამისთვის ფანჯარაში შემომავალი მზის სხივები

კოვიდინფექციის გავრცელების პარალელურად, გამოჩნდა კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმში ავადობის შედარებით მსუბუქ მიმდინარეობას უწყობს ხელს. ექიმმა ონკოლოგმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც დეტალურად ახსნა D ვიტამინის წარმოქმნის და მისი მოქმედების მიქანიზმები. განმარტა ისიც, თუ რა ფუნქციას ასრულებს ის კოვიდის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლაში. ვიდეოში რეკომენდებულია დოზებიც და საუბარია D ვიტამინის გადაჭარბებით მოხმარების რისკებზე.

"ვიტამინი გახლავთ ნივთიერება, რომლის წარმოქმნაც ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია და ის გარედან უნდა მივიღოთ. D ვიტამინი კი რეალურად ჰორმონია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება, უბრალოდ მას დამკვიდრებული აქვს ვიტამინის სახელი და ჩვენც ასე მოვიხსენიებთ. ის მოქმედებს როგორც ესტროგენი, როგორც პროგესტერონი, როგორც ტესტოსტერონი - ის ჰორმონია. D ვიტამინი ჩვენი კანის ეპიდერმისის ღრმა ფენებში წარმოიქმნება და მისი გამომუშავებისთვის საჭიროა მზის ულტრაიისფერი სხივები, კონკრეტულად კი სხივების B სექცია. ეს ნიშნავს, რომ თუ ფანჯარასთან დადგებით და იქედან შემომავალი მზის სხივებით ეცდებით D ვიტამინიის მიღებას, შედეგი არ იქნება, რადგან ულტრაიისფერი სხივების B სექცია მინის მიღმა ვერ აღწევს.

ასე თქვენ მიიღებთ მხოლოდ სხივების A სექციას, რომელიც მავნებელია კანისთვის. ამიტომ მზეზე ყოფნისას დამცავი კრემებიც უნდა გამოყენოთ. სინათლის სხივი ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნის მთავარი წყაროა, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მისი მიღება საკვებიდანაც შესაძლებელია. ეს გახლავთ თევზი, ღვიძლი და კვერცხი, თუმცა მათი საშუალებით მიღებული D ვიტამინი ძალიან მცირეა, ნორმის მხოლოდ 10%. ამიტომაც არის მზეზე გასვლა ასე ღირებული, რათა D ვიტამინის მარაგი შევივსოთ. მაინც რამდენჯერ და რამდენი ხნით უნდა გავიდეთ მზეზე? კვირაში სამჯერ 30 წუთით, რათა სინათლის სხივები ჩვენს კანზე საკმარისი რაოდენობით მოხვდეს.