ოპოზიციის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება | Allnews.Ge

ოპოზიციის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.

ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისა და ჩატარებული არჩევნების შედეგების გაპროტესტებისკენ 18:00 საათზე მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინაც გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, რა ვადის ამოწურვის შემდეგაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იყო და ამ დრომდე ძალაში რჩება შემდეგი: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დროის სხვადასხვა მონაკვეთში წყლის ჭავლი გამოიყენა. ცესკოს ტერიტორიის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად პროცესში ჩართული იყო სპეცრაზმიც.

წყლის ჭავლის რამდენჯერმე გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცესკოსთან ბრუნდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, წუხელ ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია დასრულდა.