წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა | Allnews.Ge

წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა

წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები მიიღო საჩუქრად. წერილების ადრესატი და ნივთების მესაკუთრე როჟე დე გოლი, გენერალ დე გოლის ძმისწული იყო, თავისუფალი საფრანგეთის მებრძოლი და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი.

წინანდლის მუზეუმს აღნიშნული წერილები და ნივთები გადასცა როჟე დე გოლის მემკვიდრემ, წინააღმდეგობის მოძრაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წევრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, წინანდლის მეგობარმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გენერალ დე გოლის ეს წერილები გადავცეთ საქართველოს. აქ, ისტორიის, ხელოვნებისა და კულტურის მექაში,სადაც დღესდღეობით ტარდება თანამედროვე მხატვრობის და ქანდაკების გამოფენები, სადაც პრესტიჟულმა საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმაც დაიდო ბინა, აშკარად იგრძნობა ღრმა და ცოცხალი კავშირი საფრანგეთთან; იგრძნობა ისტორიული კავშირები გენერალ დე გოლსა და საქართველოს შორის, და ჩვენს ორ ძმურ და სუვერენულ ქვეყანას შორის", - მხატვარი ფრანსუა მარი ანტონიოზი.

წინანდლის მუზეუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ დე გოლების ოჯახის მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საქართველოში დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის და დამპყრობლისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლო.

ჭავჭავაძეების ოჯახს საფრანგეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, წინანდლის მამულს არაერთი ფრანგი სტუმარი ახსოვს, მათ შორის იყო ალექსანდრე დიუმა უფროსიც. თავად ალექსანდრე ჭავჭავაძე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი იყო. და დღეს წინანდალსა და საფრანგეთს შორის კიდევ ერთი ისტორიული ხიდი გაჩნდა, რომელიც საფრანგეთის და საქართველოს მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამუზეუმო ექსპოზიციას ბევრი ახალი ექსპონატი შევძინეთ, რომელთა შორის არის, როგორც ალექსანდრე ჭავჭავაძის ეპოქის დროინდელი არტეფაქტები, ასევე მისი მემკვიდრეების საკუთრებაში არსებული ნივთები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის აუქციონზე და კერძო პირებისგან შევიძინეთ. ბევრი ექსპონატი მუზეუმს კერძო შემომწირველებმაც გადასცეს. და ახლა მუზეუმის კოლექციას ლეგენდარული შარლ დე გოლის წერილებიც შეემატება. – გიორგი რამიშვილი, სიქლ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი

17 სექტემბერს წინანდლის მუზეუმში საჩუქრის საზეიმო გადაცემას საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი დიეგო კოლასი და დე გოლების ოჯახის მემკვიდრე დაესწრნენ.

(R)