ამირან გამყრელიძე - ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ ინფიცირების შემთხვევების ზრდა | Allnews.Ge

ამირან გამყრელიძე - ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ ინფიცირების შემთხვევების ზრდა

"ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შეკავება აღარ მოხდება იმ შემზღუდავი ღონისძიებებით, რაც გაზაფხულზე დააწესა საქართველოს მთავრობამ. მისივე თქმით, ახლა საზოგადოება უნდა შეეჩვიოს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას და დაიცვას ყველა მთავარი რეკომენდაცია.

"ქვეყანაში იზრდება შემთხვევების რაოდენობა. პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარების და დიდი რაოდენობის ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა. ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან იქ იყო კონცენტრაცია დიდი რაოდენობით მოსახლეობის და არ ხდებოდა იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მუდმივად ვაჟღერებთ. ძირითადი რეკომენდაციების არდაცვამ მოგვიტანა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტროლს ექვემდებარება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ შევაჩეროთ შემთხვევათა ზრდა. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე, ანუ ჩაკეტვით, იზოლირებით და სხვა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, იმიტომ, რომ ახლა სლოგანი გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრებას. კორონავირუსი არ ქრება ერთ დღეში, ერთ თვეში და რამდენიმე თვეში, ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება მინიმუმ ერთი წელიწადი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის თანამშრომლობა სამედიცინო სექტორთან.

"ასევე ყველამ სწრაფად უნდა წარმოადგინოს თავისი კონტაქტები, რათა მოხდეს კონტაქტების სწრაფი იზოლირება და გამოკვლევა, რათა ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ. მოსახლეობის დამყოლობას ამ პროცესში აქვს დიდი მნიშვნელობა. ვგულისხმობ მოსახლეობის თანამშრომობას სამედიცინო სექტორთან", - აღნიშნა მან.