„რესტორნების 65%-მდე გახსნილია, თუმცა ამას ფუნქციონირებას ვერ დავარქმევ, უფრო ბრძოლაა გადარჩენისათვის“ | Allnews.Ge

„რესტორნების 65%-მდე გახსნილია, თუმცა ამას ფუნქციონირებას ვერ დავარქმევ, უფრო ბრძოლაა გადარჩენისათვის“

რესტორნების 35%-ი კვლავ დახურულია, სექტორის ბრუნვა კი 70%-ით შემცირდა, ამის შესახებ "კულინარიული და ღვინის ექსპედიციის" დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სექტორი უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე 2009 წელს იყო.

როგორც ქეთი კვიჭიძე ამბობს, სექტორი სულს ღაფავს და ახლა ობიექტები გადარჩენისათვის იბრძვიან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რესტორნების ნაწილი გაიხსნა, მდგომარეობა საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდეგ, დიდად არ გაუმჯობესებულა.

,,მას შედეგ, რაც რესტორნებში რეგულაციებით ადამიანების მეტი რაოდენობა დაუშვეს, ობიექტების ნაწილი გაიხსნა. მიუხედავად ამისა, რეალური მდგომარეობა არ შეცვლილა, თუ ივლისში 50% იყო გახსნილი, ახლა 65%-მდეა თუმცა ამას ფუნქციონირებას ვერ დავარქმევ, უფრო ბრძოლაა გადარჩენისათვის. ეს ბიზნესი სულს ღაფავს.

ბოლო პერიოდში, მოსახლეობის და ბიზნესის მხრიდანაც მოდუნება იყო რეგულაციების შესრულების კუთხით, თუმცა უკანასკნელ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს შეცვალა და რესტორნებმაც გაამკაცრეს შიდა რეგულირება. ბუნებივია, ამაზე ბათუმში დაჯარიმებულმა და დახურულმა კლუბების ქეისებმაც იმოქმედა. რადგან ჩვენი ბიზნესი დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მაჩვენებელი ნამდვილად უარესია, ვიდრე 2009 წელს იყო. ბრუნვის მოცულობა კი ფაქტობრივად, 70%-ით არის შემცირებული. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ობიექტებში, რომლებიც საშუალო და მაღალ სეგმენტზე მუშაობდნენ, თუმცა კლება იქაც მასშტაბურია"-ამბობს კვაჭიძე

მისივე თქმით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან იმერეთის რეგიონში მოქმედი დაწესებულებები, სადაც ფრენების აკრძალვამდე, ზრდის მაღალი ტემპი იყო.

,,შედარებით უკეთესი ვითარებაა კახეთში. იმერეთში, სადაც მატება იყო საზღვრების ჩაკეტვამდე, ვითარება კატასტროფულია. რაც შეეხება ბათუმსა და ქობულეთს, იქ ეპიდსიტუაციამ დადებითი ტენდენცია შეცვალა. მოლოდინი და შრომის ინსპექციის მიერ დაჯარიმებული და დახურული ობიექტების შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბიზნესის მუშობას ხელს უშლის", - აღნიშნა კვაჭაძემ.

შეგახსნებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შემცირებულია სასტუმრო ბიზნესის ბრუნვაც, 49,6%-ით.