კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გაუხანგრძლივდება | Allnews.Ge

კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გაუხანგრძლივდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 6-დან 12 თვემდე გაუხანგრძლივდება. გახარიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის დასახმარებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.

"ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იყო ტურისტული სექტორისა და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. სულ რაღაც სამ თვეში გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო საკმარისი. შემდგომ ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ 3-დან 6 თვემდე. დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამეთუ ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი და სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ანუ ერთი წლით. ეს, რა თქმა უნდა, არის ერთადერთი შესაძლებლობა დღეს ჩვენს სექტორს დავუდგეთ გვერდით, რამეთუ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშ არის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ",- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კომპანიებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს პროგრამის მონაწილეები გამხდარიყვნენ, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

"კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს ამ 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება ერთ თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე და დამატებით 6 თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ ჰქონდეს მიღებული ამ კომპონენტში მონაწილეობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მცირე სასტუმროებს გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

myquiz