რა ღირს აგარაკის დაქირავება ზაფხულში
სეზონზე აგარაკების დაქირავებაზე მოთხოვნა მცირედით გაზრდილია, თუმცა, ფასები არ შეცვლილა.
Ss.ge-ის ცნობით, ძირითადად, მოთხოვნა არის უძრავი ქონების 1 ან 2 თვით ქირაობაზე, თუმცა, არის შეთავაზებები, სადაც მთლიანი სეზონით ქირაობა მოიაზრება.
რაც შეეხება ტერიტორიებს, როგორც Ss.ge-ში აცხადებენ, თბილისის შემოგარენში აგარაკის ქირაობის თვალსაზრისით, ყველაზე მოთხოვნადია: კოჯორი, ოქროყანა, ტაბახმელა, კიკეთი, წავკისი, შინდისი, წყნეთი. ხოლო ნაკლებად მოთხოვნად ლოკაციებს შორისაა: მანგლისი, ბეთანია და საგურამო.
ზაფხულში აგარაკის ერთი თვით ქირაობის ფასიც, ადგილების შესაბამისად განსხვავებულია. მაგალითად, აგარაკის ქირაობის ფასი თვის განმავლობაში ტერიტორიების მიხედვით, შემდეგია:
- მანგლისი - 700-1500 ლარი;
- საგურამო - 1200-2000 ლარი;
- ოქროყანა - 2000-4000 ლარი;
- წავკისი - 2000-3000 ლარი;
- ტაბახმელა - 2000-3000 ლარი;
- კოჯორი - 1500-3000 ლარი;
- წყნეთი - 3000 – 8000 ლარი.