თბილისში ცალკეული ქუჩების გაცალმხრივება იგეგმება - მოეწყობა ავტობუსის ახალი ზოლებიც | Allnews.Ge

თბილისში ცალკეული ქუჩების გაცალმხრივება იგეგმება - მოეწყობა ავტობუსის ახალი ზოლებიც

ქუჩები აუცილებლად გაცალმხრივდება შიდა ვაკეში. ჭავჭავაძეზე ორმხრივი მოძრაობა აუცილებლად დარჩება, მაგრამ მარცხენა ასახვევები გაუქმდება. მარცხენა ახვევები იქნება ფალიაშვილის ქუჩიდან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის" ჯგუფის ხელმძღვანელმა ასმათ აბესაძემ განუცხადა, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დაასრულა. როგორც ასმათ აბესაძემ განმარტა, 2021 წლის ზაფხულში ახალ ქსელზე უნდა გადავიდეთ, მანამდე უნდა მოესწროს როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე შემოვიდეს ყველა ახალი ავტობუსი და განახლდეს მიკროავტობუსების არსებული პარკი.

მისივე თქმით, ავტობუსები ვაკეში მელიქიშვილის ქუჩით, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გაივლის. კერძო ავტომობილებისთვის კი ეს მონაკვეთი უცვლელად დარჩება.

"10 ძირითად დერეფანზე გასაკეთებელია დეტალური პროექტი, რადგან პროექტს მოაქვს კონკრეტული ქუჩების მოწყობა. მაგალითად, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები გვერდებზე იქნება და არა შუაში. მაგრამ ჭავჭავაძეზე ვფიქრობთ, შუა ზოლი გავაკეთოთ. იგივე რეკომენდაცია გვაქვს რუსთაველის გამზირზეც. 10 ძირითად დერეფანს აუცილებლად ექნება ავტობუსების გამოყოფილი ხაზი, რომლის განლაგებასაც დეტალური პროექტი დაადგენს. რაც შეეხება მარშალ გელოვანის გამზირს, მასზე ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა თბილისის მერიის ჩარევით მოხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის მიხედვით, ავტობუსის ზოლები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მერიის ჩარევით დაემატება. მერია ახლა 10 დერეფნის დეტალურ პროექტირებაზე ფასთა კვოტირებას ატარებს, შემდეგ ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. ტენდერში გამარჯვებული დააპროექტებს ამ 10 დერეფანს. ამოჩემება არ არის, რომ ავტობუსის ზოლი მაინცდამაინც შუაში იყოს. გააჩნია ტროტუარის კონფიგურაციას, პროფილს. თუ ხეების მოჭრა მოგვიწია, მაშინ ჯობს ეს ზოლი შუაში იყოს. ჭავჭავაძეზე მწვანე ზოლებს სერთოდ არ ვეხებით, მწვანე საფარი უცვლელი რჩება. სამაგიეროდ გაჩერებები იქნება შუაში. ასევე, სიახლე ის არის, რომ ავტობუსები საავტომობილო მოძრაობის საპირისპირო მხარეს იმოძრავებს. მზავრი არა სავალ ნაწილზე, არამედ შიგნით, პლატფორმაზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ყველაფერი გადაბმული იქნება განმგრძობ დერეფნებზე. ჭავჭავაძის დერეფანი გადაებმება მელიქიშვილისა და თამარაშვილის ქუჩებს.

ყაზბეგსა და ვაჟა-ფშაველაზე სხვადასხვანაირად გვაქვს დალაგებული ძირითადი ქსელი. შუაში იქნება ავტობუსის ზოლები თუ გვერდებზე, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაივლის 10 დერეფნიდან ერთ-ერთი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით იმოძრავებს. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მხოლოდ ავტობუსის ხაზი მოეწყობა. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იმ პროექტის შედეგად უნდა მივიღოთ, რაზეც ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. წლის ბოლოს, ან გაზაფხულზე, უკვე პროექტირება უნდა დასრულდეს", - აღნიშნა ასმათ აბესაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ "ინტერპრესნიუსზე"