რა რისკები ახლავს ბინის შეძენას?! | Allnews.Ge

რა რისკები ახლავს ბინის შეძენას?!

საქართველოში ბევრი ადამიანი დააზარალა სამშენებლო ბიზნესმა.

თაღლითები და გამომძალველები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ კეთილსინდისიერი მყიდველების მოტყუებას. ეს სფერო იმდენად უკონტროლოა, რომ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩენილი ადამიანები თავიანთი უფლებების დასაცავად უწყებიდან უწყებაში დარბიან, თუმცა, ხშირად სამართალს ვერ პოულობენ. თუ სასამართლოში ჩივილს გადაწყვეტ, ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო, რომ სამოქალაქო პროცესები შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ისიც ფაქტია, რომ ბევრი სასამართლომდეც ვერ მიდის, ისედაც დაზარალებულს იქ სოლიდური ბაჟის გადახდა და ადვოკატის მომსახურებისთვის ხარჯის გაწევა უწევს.

"ვინმემ გამცეს პასუხი, ეს კაცი არ არის გამომძალველი?!"

"აკური 13"-ის ამხანაგობის თავმჯდომარე ელისო ბუბაშვილი 11 წელია უწყებიდან უწყებაში დადის, მაგრამ დღემდე სამართალი ვერ იპოვა.

- ბინა შიდა ხელშეკრულებით გავიფორმე და 2008 წელს გადმოვედი საცხოვრებლად. კორპუსი ექსპლუატაციაში აგვისტოს ომამდე რამდენიმე კვირით ადრე შევიდა. ამ დროს მობინადრეთა ნაწილი ქალაქიდან ვიყავით გასული და ჩვენთვის არავის შეუტყობინებია, რომ ფართების რეგისტრაცია დაიწყო. სექტემბერში, როცა თბილისში ჩამოვედი, შევიტყვე, რომ 60 მობინადრეს კრების ოქმის საფუძველზე დაუკანონებია ფართები, ხოლო 33 ოჯახს დაურეგისტრირებელი დაგვრჩა. როცა საჯარო რეესტრს ჩვენც მივაკითხეთ, გამოგვიცხადეს, რომ რეგისტრაცია შეჩერებული იყო ვინმე ვენატრი თევზაძის საჩივრის გამო და ქონებას ვერ გაგვიფორმებდნენ.

- რატომ, ვინ არის ვენატრი თევზაძე?

- როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თევზაძე ამხანაგობის დამფუძნებელი 19 წევრიდან ერთ-ერთი ყოფილა და მისი განცხადების საფუძველზე რეესტრმა სანოტარო წესით დამოწმებული ამხანაგობის ყველა წევრის 100%-იანი ხელმოწერა მოგვთხოვა. 18 წევრი გვაძლევს თანხმობას, მხოლოდ თევზაძე იყენებს თავის უფლებას ბოროტად და ხელმოწერის სანაცვლოდ კეთილსინდისიერ მყიდველებს ფულს სძალავს.

წლებია ვჩივით, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვეთ, ამ ხნის განმავლობაში კი თევზაძემ მოახერხა და დარჩენილი 33-დან 9 მობინადრეს, რომლებიც ჩივილით დაიღალნენ და ბინების სასწრაფოდ დაკანონება მათთვის აუცილებლობას წარმოადგენდა, იძულებული გახადა, ფული გადაეხადათ მისთვის. თანხა ფართის შესაბამისად დააწესა და ეს საქმე ბიზნესად აქცია. ეს კაცი რეალურად გამომძალველია და ამის დასამტკიცებლად არაერთი ფაქტი გვაქვს მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა მტკიცებულების სახით. როგორც თავმჯდომარეს, ყველა მე მომმართავდა, მე ვაძლევდი ამ კაცის ტელეფონის ნომერს, რეკავდნენ და მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ვენატრი თევზაძე მათ თანხის (1.200, 1.500, 2.000, 3.000 დოლარის) სანაცვლოდ ხელს უწერდა საბუთზე. ერთ-ერთ მობინადრეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 2 შვილი ჰყავს. მათ სამკურნალოდ ბინის გაყიდვა უნდოდათ და თევზაძემ ასეთ ოჯახს 2.500 დოლარი მოსთხოვა. ახლა ის ოჯახიც ჩვენთან ერთად ჩივის.დღემდე კუთვნილ ქონებას ვერ ვიკანონებთ, მაგრამ არ გავურიგდებით გამომძალველ ვენატრი თევზაძეს! მან მძევლებად აგვიყვანა იმის გამო, რომ მშენებელთან ვერ მორიგდა. მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ თევზაძე 20 კვმ მიწის ფართობით შევიდა ბინათმენაშენეთა ამხანაგობაში და სანაცვლოდ 65 კვმ უნდა მიეღო.

- მას არაფერი მიუღია?

- თევზაძემ ფართი რამდენიმე ადგილას მიიღო. მშენებელმა ბაქრაძის ქუჩაზე ადგილმონაცვლეობა გაუკეთა და 150 კვმ ფართი გაუფორმა. ასევე უყიდა ოროთახიანი ბინა დოლიძის ქუჩაზე, მისცეს ფულიც, მაგრამ ამბობს, რომ დაზარალებულია და ფართი, რომელიც ბაქრაძის ქუჩაზე აქვს, ჯერაც არ აშენებულა. 2008 წლიდან უჩივის მშენებელს, მაგრამ თევზაძე დაზარალებულად დღემდე არავის უცნია. ჩვენ გვაქვს ადგილმონაცვლეობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ვენატრი თევზაძე ბაქრაძის ქუჩაზე არსებული ფართის სანაცვლოდ ამხანაგობა "აკური 13"-ში ვალდებულებას იხსნის და იქ არავითარი უფლება აღარ გააჩნია.

ვინმემ ამიხსნას, რა შუაში ვართ ჩვენ, მას თუ მშენებელთან პრეტენზიები აქვს, ჩვენ რატომ უნდა გადავუხადოთ ფული?! შევპირდით რამეს?! მასთან გარიგებაში შევედით?! ვინმემ გამცეს პასუხი, ეს კაცი არ არის გამომძალველი?! თუ ფულს არ იღებს, იმ 9 ოჯახს რატომ მოუწერა ხელი და დანარჩენებს რატომ არ გვაძლევს თანხმობას?!

არაერთხელ მივმართეთ საჯარო რეესტრს და მოვთხოვეთ განემარტა: თუ თავდაპირველად 60 ოჯახს ქონება მხოლოდ კრების ოქმის საფუძველზე დაურეგისტრირა, დანარჩენებს რატომ გვთხოვს თევზაძის თანხმობას? ჩვენთვის სხვა კანონებია? გვეუბნებიან, გეკუთვნით, მაგრამ ვერ გიკანონებთო. სასამართლოსკენ იშვერენ ხელს, მან გადაწყვიტოს და ჩვენ დაგიკანონებთო, სასამართლო კი ცდილობს თავიდან მოგვიშოროს და ისევ რეესტრში გვამისამართებს, ეს მათი მოსაგვარებელიაო. ამ ყველაფერს კი ეწირება ჩვენი ნერვები და სოლიდური თანხები.

წლებია ვცხოვრობთ ამ სახლში, ყველა კომუნალური გადასახადი ჩვენს სახელზე მოდის, გვაქვს სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტები, რომ ქონება ჩვენია და ვინ არის ვენატრი?! თურმე მას პირადად მე 1.400 დოლარი უნდა ვაჩუქო, რატომ?! პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში, არ სჭირდება საკითხების გადაწყვეტას 100%-იანი მხარდაჭერა და ჩვენ რატომ გვჭირდება 100%-იანი ხელმოწერა იმისთვის, რომ საკუთრება გავიფორმოთ?

გამოდის, კანონი იცავს თაღლითსა და გამომძალველს და არა პატიოსან ადამიანს. ვენატრი თევზაძე ამით წახალისებულია, კარგად იცის, რომ დანაშაულს სჩადის, კანონს არღვევს, მაგრამ არ ეშინია, რადგან ამისთვის პასუხს ჯერჯერობით არც კანონდამცველები სთხოვენ.

"ბევრისთვის არც გამომირთმევია თანხა და ისე მივეცი თანხმობა"

ჩვენ ვენატრი თევზაძესაც დავუკავშირდით.

იხილეთ გაგრძელება

myquiz