რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს | Allnews.Ge

რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს

მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი რამდენიმე ასეული საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ამ რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმის თაობაზე, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. სამწუხაროდ, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას, ამიტომ ვთხოვთ მათ, რომ თუ უნდათ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება ჯილდოს რეგისტრაციას, როგორც გორგოძემ განმარტა, რეგისტრაცია შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება.

„ამის შესახებ სკოლას და რესურცენტრს უნდა მიმართონ და ცალკე რეგისტრაცია გაიარონ. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა", -განაცხადა გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა უფასოა.

სოფიო გორგოძის განმარტებით, მასწავლებელთა გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება და თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

როგორც გორგოძე ამბობს, გამოცდის საკითხებში ცვლილებები არ შესულა.

"პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1,4, 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. ოღონდ შემომსვლელისთვის განსხვავდება ეს ბარიერი, მისთვის შარშან იყო 60% და მეტი ქულები; წელს ქულები გამოქვეყნებული ჯერ არ არის და ეს ბარიერებიც უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. მასწავლებლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება - უნარების და საგნობრივის. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ მხოლოდ საგნობრივ გამოცდას",- განმარტა გორგოძემ.

myquiz