14 წლამდე ბავშვებში, თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა | Allnews.Ge

14 წლამდე ბავშვებში, თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევები ასე გადანაწილდა: 2016 წელს, ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების დაავადებების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი - 32. ამასთან, 2016 წელს, თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების 19 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს კი - 11.

პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, 2017 წელს ლიდერობს ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 50 % -ით, ხოლო თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებზე - 17 % მოდის.

„ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13–18–ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარი იყო. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, აღნიშნული მონაცემი საგანგაშო არ არის და მსოფლიო მონაცემებს შეესაბამება.

„კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 215 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-19 წლის მოზარდებში - 85 000 ახალი შემთხვევა. ამასთან, სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევის რეგისტრირტება არ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენის მაჩვენებელი 84% და მეტია; უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდება დაბალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია. ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს.

გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტობის მაჩვენებელი 50–დან 200–მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე. ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან. ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა“, - ნათქვამია დაავადებათა კონსტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

myquiz