როგორ ვიკვებოთ ზამთარში, რომ წონაში არ მოვიმატოთ - ენდოკრინოლოგის შერჩეული რაციონი | Allnews.Ge

როგორ ვიკვებოთ ზამთარში, რომ წონაში არ მოვიმატოთ - ენდოკრინოლოგის შერჩეული რაციონი

ზამთარში ადამიანების კვებითი რეჟიმი და რაციონი სხვა სეზონებთან შედარებით, განსხვავებულია და სწორედ ამიტომაც ხდება უმეტესად ზამთარში წონის მატება, რაც სერიოზული პრობლემაა. ზამთრის პერიოდი საშობაო მარხვასაც იტევს და შესაბამისად კვება აქაც სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს.

კვების რა რეჟიმი უნდა შევარჩიოთ, რა პროდუქტები მივიღოთ, რომ ჩვენი რაციონი დავაბალანსოთ, ამაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება.

- ჩვენს ორგანიზმს ყველა სეზონზე განსხვავებული კვება აქვს. ზამთრის სეზონი ძალიან განსხვავდება როგორც ზაფხულის, ასევე შემოდგომის სეზონისგან, რადგანაც ისინი უფრო დატვირთულია ვიტამინებით და მინერალებით, ვიდრე ზამთარი. წინა სეზონის კვებიდან იმ მინერალებს და ვიტამინებს ვიღებთ, რაც შემდეგი თვეების განმავლობაში ორგანიზმმა უნდა გამოიყენოს. ზამთარში ინფექციების, ვირუსების განვითარების რისკიც არსებობს, ამიტომ განსაკუთრებული კვება გვჭირდება - რაციონში ხილი და ბოსტნეული მეტად უნდა ჩავრთოთ. იმისთვის, რომ გარკვეული ანტიოქსიდანტები, მინერალები და ვიტამინები ჰქონდეს ორგანიზმს, უნდა მივიღოთ C ვიტამინის შემცველი პროდუქტები, ციტრუსები, რითიც ზამთარში საკმაოდ განებივრებულები ვართ და საქართველოს ბაზარიც, ამ მხრივ, ძალიან მდიდარია.

რაც შეეხება ბოსტნეულს, ორგანიზმს სერიოზულად იცავს, იგივე - ბროკოლი, კომბოსტო, სტაფილო, რითიც ასევე მდიდარია საქართველოში ბაზარი... ზამთრის სეზონზე გარკვეული კილოგრამების მატება ხდება, გაზაფხული-ზაფხულში კი - დაკლება.

- ზამთარში წონის მატებას მართლაც ბევრი უჩივის...

- დიახ და ეს დაკავშირებულია უმეტესად ბურღულეულის გამოყენებასთან, რადგანაც გადადიან ნახშირწყლებზე, კარტოფილზე, პურეულზე. ამ პროდუქტების გამოყენებას უმეტესად ჩვენი უდროობა იწვევს, ვიდრე ვთქვათ, ცოცხალი სალათების, წვნიანების მიღება. ხშირ შემთხვევაში, ხილი როგორც დანაყრების საშუალება, არ ჰყოფნით, რა დროსაც სახამებელი - ცომეული, კარტოფილი ბევრად აქტუალური ხდება. გარდა ამისა, საქართველოს პირობებში აქტუალურია კონსერვირებული საკვებ-პროდუქტები - ხილი და ბოსტნეული, მათი გამოყენებაც იწვევს აღნიშნულ პრობლემას, წონის მატებას, რადგანაც მასში დიდი რაოდენობით არის შაქარი, მარილი და ცხიმი...

- ე.ი. საზამთროდ შენახული პროდუქტები წონის მატებისთვის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.

- დიახ... იმისათვის, რომ თან ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ორგანიზმი ინფექციებისა და ვირუსებისადმი მდგრადი გავხადოთ, გარდა ამისა, ეს პრობლემა წონაზე არ აისახოს, უმჯობესია, ის პროდუქტები მივიღოთ, რაც ამ სეზონზე გვაქვს. ბუნება ძალიან გვანებივრებს ასეთი პროდუქტებით და სეზონურად გვაქვს ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც აუცილებელია. სასურველი იქნება, თუ ჩვენი რაციონში ამ პროდუქტებს გამოვიყენებთ, მით უმეტეს, ვიცით, რომ მთელი ზამთრის პერიოდი, 7 იანვრამდე შობის მარხვასაც მოიცავს. ამ დროს ხორცის და რძის პროდუქტების გამოყენება მმარხველებისთვის აკრძალულია, თუმცა ეს ერთგვარი განტვირთვაც არის. ამასთან, ამ ხილის და ბოსტნეულის მიღება უკვე მზადებაა გაზაფხულის სეზონისთვის, რომ ორგანიზმი ზაფხულის სეზონს მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი შეხვდეს.

- მოკლედ, ზამთრის კვებაში ყოველდღიურ რეჟიმში ძირითადი რეკომენდაცია ციტრუსის, კომბოსტოს და სტაფილოს ჩართვაა, რომ როგორც ყველა სეზონზე, ზამთარშიც შეზღუდული იყოს ცომეული და კარტოფილი.

- დიახ, რათა არ მოხდეს წონის მატება და შესაბამისად, ავცდეთ ათასგვარ ინფექციას.

- იქნებ მკითხველს საზამთროდ შესაბამისი დიეტა შევთავაზოთ?

- იმისთვის, რომ დილით მზად ვიყოთ გარეთ გასასვლელად, ვირუსებისგან თავის დასაცავად, სასურველი იქნება, თუ სტაფილოს და ვაშლის ფრეშს მივიღებთ და მასში ცოტათი ციტრუსსაც გამოვიყენებთ, ცოტა ფორთოხალს, ან მანდარინს, ლიმონს დავამატებთ - მშვენიერი კოქტეილი გამოვა და ენერგიის წყაროც იქნება, ვინაიდან ა, ხილში ნახშირწყლები შედის და ანტიოქსიდანტური დანიშნულებაც აქვს. დილა შეგვიძლია დავიწყოთ ბურღულეულით (ჰერკულესით, ან წიწიბურით, ოღონდ, რძის პროდუქტებთან ერთად). ლანჩისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ბოსტნეულის სალათი, დამატებად ხილი. სადილზე, არა მარხვის პირობებში, სასურველია მივიღოთ ხორცი ან თევზი, ასევე წვნიანი, ე.წ. ბორშჩი, რომელსაც ექნება - კომბოსტო, სტაფილო ჭარხალი და ბევრი მწვანილი. დღის მეორე ნახევარში უმჯობესია, თუ ხილს არ გამოვიყენებთ, თუმცა ციტრუსი მისი ნახშირწყლებიდან გამომდინარე, დასაშვებია, კარგია, თუ ბოსტნეულის სალათი იქნება და საღამოს კვება მსუბუქი რძის პროდუქტებით შეივსება, ხოლო მარხვის პირობებში შეიძლება ბოსტნეული მოვთუშოთ, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ცოცხალი ბოსტნეულით არ გადავტვირთოთ. აქვე წყალს და სითხეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზამთრის პირობებში შეიძლება სხვადასხვა ჩაის სახით ხილის მიღება, ასევე მწვანე ჩაი, გვირილის, გვირილას ანთების საწინააღმდეგო ეფექტებიც გააჩნია.

- ყავაზეც შევჩერდეთ. როგორც ვიცით, ის ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის. რა დოზით უნდა მივიღოთ?

- სამწუხაროდ, კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნას ორივე (ნალექიანი, უნალექო) ყავა იწვევს, ამიტომ, გარკვეული დოზირებაა საჭირო და დღეში 2 ფინჯანია დასაშვები. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, როდესაც ყავას მივირთმევთ, ის რძის პროდუქტთან ერთად მივიღოთ, რათა ორგანიზმში კალციუმის ათვისება მოხდეს. თავად ყავა და მასში შემავალი ნივთიერებები აუცილებელიც კია, ვინაიდან ისინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ბოლოდროინდელი კვლევებით, ყავას ანტიკარცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ცხიმოვანი ქსოვილის წვასაც 30 პროცენტით აუმჯობესებს. თუმცა სასურველია, დილა მხოლოდ ყავით არ დავიწყოთ, ყავასთან რაიმეს დამატებაა საჭირო.

AMBEBI.GE

ლალი ფაცია

myquiz