მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს დენის გადასახადის ნაწილს დაუფარავს
მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილს დაუფარავს. სუბსიდირების ახალი წესი 2019 წლიდან ამოქმედდება.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, 20-ლარიან სუბსიდიას ყოველთვიურად მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ის პირი მიიღებს, რომელსაც ოთხი 18 წლამდე შვილი ჰყავს. თუ პირს 4-ზე მეტი შვილი ჰყავს, ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით, დამატებით არა უმეტეს 10 ლარს მიიღებს.
იმისთვის, რომ პირმა ეს შეღავათი მიიღოს რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 300 000 ან ნაკლები უნდა იყოს.
ორივე მშობლისთვის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სოციალური შეღავათის მიღებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება დედა.
სუბსიდიას ვერ მიიღებენ ის მრავალშვილიანი პირები, რომელთა შვილებიც სახელმწიფო მეურვეობის-მზრუნველობის ქვეშ არიან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების გარდა, მშობელს კიდევ არანაკლებ ოთხი ბავშვი ჰყავს.
დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ სუბსიდიის მიღება ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერებას-შეწყვეტას ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას არ გამოიწვევს.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სოციალური შეღავათის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრები.
წყარო: bpn.ge