თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ოპერაცია დასრულდა | Allnews.Ge

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ოპერაცია დასრულდა

თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია დასრულდა. როგორც თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიღვიძებს სპილო გრანდი.

ოპერაცია ღია ცის ქვეშ, ვოლიერში ჩატარდა. ოპერაციის დასაწყისში კამერებსა და ფოტოგრაფებს საშუალება მისცეს 15 წუთით პროცესი გადაეღოთ.

სპილოსთვის ეშვის ამოღების ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპილო გრანდს ერთი ეშვი 2014 წელს ამოუღეს და მაშინ ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა. სპილოს ანესთეზიის შემდეგ გამოსვლა გაუჭირდა.

ოპერაცია სამხრეთ აფრიკელმა ვეტერინარებმა ჩაატარეს: ქირურგმა და ანესთეზიოლოგმა, რომელთაც ასეთი ოპერაციების ჩატარების ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.

უცხოელი ვეტერინარების შერჩევაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობას "ბიბისი" დაეხმარა. ადგილზე იმყოფება BBC-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ ოპერაციისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ ერთ საათიან ფილმს გადაიღებს.

myquiz