საქართველოში 2–6 წლამდე ასაკის ბავშვების 30% საბავშვო ბაღებში ვერ დადის | Allnews.Ge

საქართველოში 2–6 წლამდე ასაკის ბავშვების 30% საბავშვო ბაღებში ვერ დადის

გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2–6 წლამდე ასაკის ბავშვების 30% საბავშვო ბაღებში ვერ დადის. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა, ანა ჯანელიძემ განაცხადა, რომელმაც "სკოლამდელი განათლების ხარისხის" კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მისივე თქმით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრთან ერთად, 2017 წელს დაიწყო და იგი წელს დასრულდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ყველა მუნიციპალიტიტის წარმომადგენელი, ასევე ფოკუსჯგუფები, საბავშვო ბაღის დირექტორები, აღმზრდელები და მშობლები. კვლევა 5 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რომელთაგან ერთ–ერთი 2–6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლაა.

"კვლევის შედეგები შეგვიძლია 5 სხვადასხვა სფეროდ დავყოთ. პირველი არის ხელმისაწვდომობის საკითხი. კერძოდ, რამდენად მიუწვდებათ ხელი 2–6 წლამდე ასაკის ბავშვებს საბავშვო ბაღებში მიიღონ უფასო სკოლამდელი განათლება. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კატეგორიის ბავშვების 30% სკოლამდე დაწესებულებებში ჩართული არ არის. მიზეზები კვლევას არ გამოუვლენია. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, მათ შორის დიდ ქალაქებსა და თბილისში, ოჯახებს აქვთ სურვილი, მაგრამ საბავშვო ბაღებში ადგილები ფიზიკურად არ არის. სოფლების შემთხვევაში კი ზოგან ბაღი საერთოდ არ არის და ამიტომ ვერ სარგებლობენ სკოლამდელი განათლებით. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, რამდენი სოფელია, რომელსაც ბაღი არ აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მონაცემები სოფელში მცხოვრები ბავშვების რამდენი პროცენტი დადის და ეს გახლავთ მხოლოდ 46%", – განაცხადა ანა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ეროვნული უმცირესობების ბავშვები, რომელთაც სკოლამდელ განათლებაზე ხელი უფრო ნაკლებად მიუწვდებათ. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის მხოლოდ 33%–ს მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების მხოლოდ 50% დადის საბავშვო ბაღში. ასევე არიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც ჩაირიცხენ საბავშვო ბაღებში, თუმცა გარკვეული ბარიერების, ჯგუფების გადატვირთულობისა და სხვა პრობლემების გამო საბავშვო ბაღებში ვერ დადიან.

myquiz