სოფლების შემდეგ პატარა ქალაქები ცარიელდება - "რეზონანსი" | Allnews.Ge

სოფლების შემდეგ პატარა ქალაქები ცარიელდება - "რეზონანსი"

საქართველოს ქალაქების უმეტესობა ფუნქციას კარგავს. თითქმის ყველა მათგანი, რომელიც ინდუსტრიული ზონა, ან ტურისტული ცენტრი არ არის, მოსახლეობისგან იცლება. ქვეყანაში ასეთი რეალობაა - არათუ სოფლებიდან გარბის ხალხი, არამედ პატარ-პატარა ქალაქები თვალსა და ხელს შუა ცარიელდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბევრ ქალაქში, როგორიცაა ტყიბული, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი, ჩოხატაური, სენაკი, ხობი, ჩხოროწყუ, წყალტუბო, ხონი, ცაგერი, დმანისი, წალენჯიხა და სხვა, ხალხს უკიდურესად უჭირს. არის ქალაქები, სადაც ფაქტობრივად, 60 წლის წინანდელი ვითარებაა.

ოდნავ უკეთესი ვითარებაა სამტრედიაში, რომელიც დღესაც რკინიგზის კვანძად ითვლება. ზუგდიდი სამხარეო ადმინისტრაციის ცენტრია და იქ ხალხი მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში ცხოვრობს. მესტიას ტურისტული ნიშა უჭირავს და ადგილობრივებს თავის რჩენა სეზონურად მაინც შეუძლიათ. კახეთი მეღვინეობის მხარეა და მისი ქალაქები, სხვებისგან განსხვავებით, ვითარდება. საჩხერეს ახალი სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილის პროექტებმა შესძინა და ვითარება სტაბილურია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში პატარ-პატარა ქალაქები მასობრივად დაიცლება.
სოციოლოგ პაატა აროშიძის განცხადებით, ეს პროცესი დაწყებულია და მალე ვითარება ამგვარ დასახლებულ პუნქტებში უკიდურესად დამძიმდება.

"პატარა ქალაქებს საქართველოში ძალიან უჭირთ. მხედველობაში მაქვს დღევანდელი ვითარება ტყიბულში, ჭიათურაში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და საკმაოდ ბევრ ქალაქში. ვერ ვიტყვით, რომ მათი ყველა მცხოვრები ემიგრირებულია დიდ ქალაქებსა და საზღვარგარეთ. ზოგს ახლომდებარე სოფელში აქვს მიწის ნაკვეთი, მამაპაპისეული სახლ-კარი ან კიდევ აგარაკი და სხვა, რასაც მეტ-ნაკლებად იყენებენ.

ჭიათურა რომ ავიღოთ, იქ მცხოვრებთა უმეტესობას სოფელი არ აქვს, არც სამუშაო ადგილია. შესაბამისად, იმისთვის, რომ იქაური ადამიანი გადარჩეს და არჩინოს ოჯახი, რომელიმე დიდ ქალაქში უნდა წავიდეს ან კიდევ ბედი ემიგრაციაში ეძებოს. ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ ასე ხდება.

იხილეთ ყველაზე ხალხმრავალი სოფლები საქართველოში

მაღალმთიან სოფლებში დაწესებულ შეღავათს არ შევეხები, მაგრამ ვიცით, რომ დიდი უპირატესობა ენიჭება ბიზნესის დაწყებას მთიან რეგიონში, ამ პირობებს თუ შევადარებ პატარა ქალაქებში არსებულ ვითარებას, მთის უპირატესობა გამოიკვეთება ბარის ზოგიერთ სოფელში და ქალაქში ისეთ პირობებში ცხოვრობენ, როგორიც მათ წინაპრებს 60 წლის წინ ჰქონდათ. პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით, რომ აქვთ ელექტროენერგია და ტელევიზორის ყურება შეუძლიათ.

მკაცრი სოციალური პირობები ადამიანს აიძულებს, შემოსავალი ეძებოს. ამის სურვილი სოფლებშიც კი უჩნდებათ და როგორ შეიძლება, პატარა ქალაქში გამოკეტილ ადამიანს არ გაუჩნდეს? ესენია უფუნქციო პატარა ქალაქები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ რაღაც დანიშნულება, მაგრამ დღეს არავითარი დატვირთვა არ შერჩათ", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძე და დასძენს, რომ ქალაქების მოსხალეობისგან დაცლაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რამდენადაც მან ვერ შექმნა ცხოვრების შესაბამისი გარემო, რაც ხალხს მშობლიურ ქალაქში დარჩენის მოტივაციას მისცემს.

"რეგიონებში ბიზნესი ვერ განვითარდა. ჭიათურა რომ ავიღოთ, იქ მცხოვრები მაღაროში თუ არ მუშაობს, ჩვეულებრივ კომუნალურ ბინაში ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ ახალ საცხოვრისს და უკეთეს პირობებს ეძებს. ყველა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოს დადანაშაულება, რადგან მან მოქალაქეებს ცხოვრების შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნას.

''2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში" - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდება

არ მესმის, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს წყალტუბოს. სავარაუდოდ, არავითარი! უჭირთ ჩოხატაურშიც, ადამიანი იქ ვერაფერს გააკეთებს. თუკი გამოსავალზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გონებაში მოუვა, ისაა, რომ აიკრას გუდა-ნაბადი და წავიდეს აქედან. ბევრი ასეც იქცევა. სოციალური პირობები თუ არ გაუმჯობესდა, პატარა ქალაქებში დარჩენა აზრს კარგავს. იქ გაძლება წარმოუდგენელია", - ამბობს პაატა აროშიძე.

სპეციალისტების ვარაუდით, კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება იმერეთში, კერძოდ, ტყიბულში, თუკი შახტის მუშაობა დროზე არ განახლდება. სხვა ქალაქებში კი ეს პერსპექტივაც არ არის. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრობს იმაზეც, რომ მეზობელ სახელმწიფოებში სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

"შახტმა თუ არ იმუშავა, ხალხმა საერთოდ რა უნდა აკეთოს ტყიბულში, უმძიმესი ვითარებაა. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ელემენტარული არსებობის საშუალებაც არ ექნებათ. დაუშვებელია, ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდეს. ვიტყოდი, რომ აჭარაში ინვესტიციები არის და ხალხი დასაქმებულია, მაგრამ დიდი ნაწილი როგორც გურიიდან, ასევე აჭარის ქალაქებიდან და სოფლებიდან სამუშაოდ თურქეთში გადის. ეს ტენდენცია არსებობდა და კიდევ გაგრძელდება.

ყოველთვის წავა ხალხი იმ ადგილებიდან, სადაც არ არის საშუალება, თავი ირჩინონ და ასეთია ქალაქების დიდი ნაწილი საქართველოში. არ არის ნორმალური მდგომარეობა და გარბიან. ზოგიც სეზონურად მიდის მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ თუ წარმოება არ განვავითარეთ, არაფერი გვეშველება. ყოველწლიურად ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა მატულობს, დაბრუნებულთა კი - არა.

ძალიან ბევრ პატარა ქალაქს დღესდღეობით ფუნქცია საერთოდ არ აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ ხალხს ვერ გავაჩერებთ და გაქცევა არც გაემტყუნებათ. მიდიან იქ, სადაც შეიძლება სამუშაო იპოვონ. მიდიან უცხოეთშიც ისე, რომ უკან მოხედვაც არ უნდათ", - ამბობს სილაგაძე.

ამდენად, უფუნქციოდ დარჩენილი მოქალაქეების მდგომარეობა ქმნის საფრთხეს, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს ემიგრაციაში წასლვა. დემოგრაფ ავთო სულაბერიძის აზრით, სოფლებზე მეტად მოსახლეობის დაცლის საფრთხე პატარა ქალაქებს ემუქრება.

"მთის სოფლებსა და ქალაქებში კიდევ ნაკლებია შიმშილის საფრთხე, რადგან ხალხს საკუთარი მეურნეობები აქვს. შეიძლება ნაკლები მოსავალი ჰქონდეთ, მაგრამ თავს მეტ-ნაკლებად გაიტანენ. ამ მხრივ ბარის საშუალო და პატარა ქალაქებში მეტი პრობლემაა _ არ აქვთ დამხმარე მეურნეობა, დამოკიდებული არიან სამსახურსა და ხელფასზე.

როგორც ვიცით, შემოსავალი არ იზრდება, ხოლო სამუშაო ადგილები არ არის. ამდენად, ქალაქებს უფრო უჭირს. ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ფასები მატულობს და ხალხს შესაძლებლობა არ აქვს, რომ ელემენტარული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, რაც არსებობისთვის სჭირდებათ. ამიტომ შიმშილობის დაწყება ქალაქებში უფრო რეალურია, ვიდრე სოფლებში, რაც მაფიქრებინებს, რომ ლუკმაპურის საშოვნელად საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუწევს პატარ-პატარა დასახლებების მიტოვება", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სულაბერიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz