3 უპირატესობა, რომლითაც თბილისში ელექტრომობილები ისარგებლებენ | Allnews.Ge

3 უპირატესობა, რომლითაც თბილისში ელექტრომობილები ისარგებლებენ

დედაქალაქის მერია ელექტრომობილების პოპულარიზაციისთვის რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნულ პროექტებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ "მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" პრეზენტაციაზე ისაუბრა. კერძოდ:

1. ელექტრომობილებისთვის მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე სპეციალური სადგომები გაკეთდება, რომელიც უფასო იქნება.

"ელექტროავტომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომელზეც სხვა ავტომობილებს დაყენების უფლება არ ექნებათ", - აღნიშნა კახა კალაძემ. ელექტროავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადს არ გადაიხდიან.

2. მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს.

"იმ ადამიანებს, ვისაც საკუთრებაში ელექტრომობილები ჰყავს, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს, შეუძლიათ მიმართონ დედაქალაქის მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც არის მუნიციპალური პარკინგები, ჩვენ უფასოდ მოვაწყობთ სპეციალურ დამტენებს, იმისთვის, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მანქანის დატენვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის დედაქალაქში არაერთი უფასო დამტენი მოქმედებს. საქართველოში ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა გაიზარდა

3. ელექტრომობილი ტაქსებისთვის ლიცენზიის აღება უფასოა

ამ უპირატესობით სარგებლობა უკვე შეუძლია ელექტრომობილის მფლობელებს. 2018 წლის 11 ოქტომბრის 18:50 საათის მონაცემებით, თბილისში ტაქსით მომსახურებისთვის ელექტრომობილზე, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, 60 ნებართვა გაიცა.

myquiz