პენსიონერებისთვის პენსია 10 ლარით "მცირდება" - "რეზონანსი" | Allnews.Ge

პენსიონერებისთვის პენსია 10 ლარით "მცირდება" - "რეზონანსი"

პირველი იანვრიდან პენსია რეალურად არ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან პენსიონერებს 20 ლარით მეტი დაერიცხებათ, ეს ზრდა არ არის. 2016 წელს 170 ლარად იგივე პროდუქციის ყიდვა შეიძლებოდა (საკვებისა და მედიკამენტების), რამდენიც 200 ლარად იქნება შესაძლებელი მომავალ წელს.

პირველი იანვრიდან პენსია 200 ლარი გახდება, ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს. გაისად საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოში პენსია ბოლოს 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. მას შემდეგ მოსახლეობამ დიდი ინფლაცია და დევალვაცია გადაიტანა.

2013 წლის 1 სექტემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, საქართველოში პენსია 150 ლარამდე გაიზარდა. ამ თანხის რეალური მსყიდველუნარიანობა დღეისათვის 179 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელ პენსიაზე მხოლოდ 1 ლარით ნაკლებია. ამის მიზეზია 2013 წლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასების ინდექსის 19%-ით გაზრდა. შესაბამისად, მაშინდელი 1 ლარის დღევანდელი მსყიდველუნარიანობა 1 ლარსა და 19 თეთრს შეადგენს.

განსხვავებულია ინფლაციის მაჩვენებელი. პენსიონერებისათვის, რომელთა სამომხმარებლო კალათაც ძირითადად საკვებისა და მედიკამენტებისაგან შედგება, 1,5-ჯერ მეტია. გამოდის, რომ 200 ლარის მსყიდველუნარიანობა 2019 წელს ზუსტად იმდენი იქნება, რამდენიც 2016 წელს (პენსიის ბოლო ზრდისას) იყო. იმის გამო, რომ 2016 წლის შემდგომ პენსია არ გაზრდილა, მისი რეალური მსყიდველუნარიანობა ყოველწლიურად მცირდება.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ იანვარში გასაცემი 200 ლარის მსყიდველუნარიანობა იგივე იქნება, რაც 2016 წელს 170 ლარისა იყო. გამოდის, რეალურად, პენსია კი არ იზრდება, არამედ 10 ლარით "მცირდება".

"ინფლაციის მაჩვენებელი პენსიონერებისათვის გაცილებით მაღალია, ვიდრე საზოგადოების სხვა სოციალური ჯგუფებისათვის იმის გამო, რომ მათი სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება დანარჩენი მოსახლეობისაგან. კალათაში ძირითადად მედიკამენტები და სურსათია, ამ ტიპის საქონელზე კი ფასები მკვეთრად იზრდება.

2016 და 2019 წლებს თუ შევადარებთ, იანვარში გასაცემი 200 ლარის მსყიდველუნარიანობა იგივეა, რამდენიც სამი წლის წინ იყო - 179 ლარის. ეს არის ოფიციალური სტატისტიკითა და კოეფიციენტით გამოთვლილი რიცხვი. მაგრამ თუკი ამას პენსიონერის კალათაზე გავთვლით და გავითვალისწინებთ, რომ ამ სეგმენტისათვის ინფლაციური წნეხი 1,5-ჯერ მეტია, გამოვა, რომ 200 ლარით იმავეს ყიდვა შეუძლია საშუალო სტატისტიკური საჭიროების მქონე პენსიონერს, რამდენიც 170 ლარად შეეძლო 2016 წელს. ეს არის ყველაზე მოკრძალებული შეფასება.

ფაქტობრივად, გვიწევს ტრიალი, ისე როგორც ციყვს ბორბალში. ნომინალურად იზრდება შემოსავალი, მაგრამ, რეალურად, ეს არ ჩანს. ხალხისთვის ეს 10 ლარის დანაკარგია", - აცხადებს არჩვაძე "რეზონანსთან".

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 6 წლის განმავლობაში, პენსია ეტაპობრივად 80 ლარით გაიზარდა, თუმცა ამ სეგმენტისთვის განსაკუთრებით მაღალი ინფლაციის გამო პენსიონერების ყოფა არ შემსუბუქებულა.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ 20-ლარიანი მატება ვერ ამოავსებს იმ ინფლაციურ ხვრელს, რომელიც მეტია ოფიციალურ სტატისტიკაზე.

"ინფლაცია საქართველოში ითვლება ისე, რომ მასში მოჭარბებული წილი აქვს ხანგრძლივი მოხმარების ელექტრონულ საქონელს, რომელიც არ არის პენსიონერთა კალათაში. რეალურად კი, თუ გადავხედავთ წამლებზე ფასების ზრდას და ასევე საკვებზე, დავინახავთ კატასტროფულ სურათს, რომელიც ოფიციალურ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება და არა რამდენიმე პროცენტით. შესაბამისად, ჩვენი სტატისტიკა ინფლაციის შესახებ იტყუება. იმისათვის, რომ ეს რეალობა დავინახოთ, ინფლაცია სხვადასხვა ფენისათვისაც უნდა ითვლებოდეს.

20-ლარიანი მატება, ცხადია, ამ გაძვირების არანაირ კომპენსაციას არ იძლევა. გარდა ამისა, უსამართლოა საგადასახადო და დაბეგვრის პოლიტიკაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის", - აღნიშნა "რეზონანსთან" სოსო სიმონიშვილმა.

დღეს საქართველოში 741 000 ასაკით პენსიონერი ცხოვრობს, მათგან 526 000 ქალი, 215 000 კი კაცია.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz