როგორი იქნება ენერგოეფექტური სახლები, რომლებიც საქართველოში 2029 წლიდან გამოჩნდება | Allnews.Ge

როგორი იქნება ენერგოეფექტური სახლები, რომლებიც საქართველოში 2029 წლიდან გამოჩნდება

2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების გარეშე სამშენებლო ნებართვები შესაძლოა, აღარ გაიცეს - სწორედ ამას ითვალისწინებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, ენერგოეფექტური სახლების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2021 წლის იანვრიდან გახდება, ხოლო 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლიდან შენობა ან შენობის ნაწილი ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირებას არ მოახდენს, მშენებელს ფულადი სანქციები დაეკისრება. ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის მიხედვით, ფართობის მიხედვით დგინდება და 300-დან 1 500 ლარამდე განისაზღვრება.

რას ნიშნავს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარება და ყოველთვიური გადასახადის სახით რამდენის დაზოგვას შეძლებს ენერგოეფექტური სახლის მაცხოვრებელი, ამასთან დაკავშირებით Allnews.ge ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი აბულაშვილს ესაუბრა.

გიორგი აბულაშვილი: თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარება ნიშნავს ძალიან მაღალი ხარისხის ენერგოეფექტურობას. ერთნაირ პირობებში ენერგოეფქტური შენობა, რა თქმა უნდა, ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს ვიდრე არაენერგოეფექტური. ენერგოგაერთიანების სამდივნოს მოთხოვნით, საქართველოში ამ ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობების დაწყების ბოლო ვადა 2023 წელი იყო. თუმცა ქართული მხარის მიერ გაკეთებული ლოგიკური განმარტებების შედეგად, პროცესი 2029 წლისთვის გადაიდო. ცვლილება, რა თქმა უნდა, არ შეეხება უკვე არსებული შენობებს.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას რომ საბჭოთა დროს აშენებული სახლები ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით უკეთესია, ვიდრე ახალი აშენებული სახლები, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამონაკლისს, სადაც პარამეტრები გათვალისწინებულია.

ახალაშენებულ არაენერგოეფექტურ სახლებთან შედარებით, ენერგოეფექტურ სახლებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დანახარჯი 40-50%-ით იქნება შემცირებული.
ენერგოეფექტური კედელი შიდა ტემპერატურას ინარჩუნებს. ის, რა თქმა უნდა, არ ათბობს და არ აცივებს. ასევე ფანჯრები ნაკლებ სითბოს ატარებს გარეთ და გარედან შიგნით. ამასთან, ამ ტიპის შენობა-ნაგებობებში ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება ხდება.

ენერგოეფექტური სახლების მშენებლობისას არაა აუცილებელი რომ სქელი კედლები იყოს, თანამედრიოვე ქვაბამბა და სხვა დამათბუნებული საშუალებები უზრუნველყოფს ტემპერატურის შენარჩუნებას ისე რომ შენობის კედლის სისქე გაიზარდოს 5-6 სმ-ით.

უკვე ათეული წელია მთელი ევროპა, იაპონია ენერგოეფექტურ შენობებს აშენებს. ეს პროცესი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ნავთობის კრიზისისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის პარალელურად დაიწყო. შედარებისთვის, თბილისში საშუალო ენერგომოხმარება მთელი წლის განმავლობაში შენობის 1 კვ/მ -ზე წელიწადში 250 კლვტ/სთ-ია. მაშინ როცა ჩრდილოეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 100 კლვტ/სთ-ის ფარგლებშია. შესაბამისად, გამოდის რომ ჩვენთან ორნახევარჯერ მეტ ენერგიას ვხარჯავთ კომფორტის შესაქმნელად და ამავდროულად, ჩვენი კომფორტი ბევრად ჩამოუვარდება მათ კომფორტს.

რაც შეეხება ხარჯებს, ენერგოეფექტური სახლების მშენებლობის თვითღირებულება შესაძლოა, ყველაზე დიდი 15 %-ით ძვირი დაჯდეს. მე როგორც ვიცი, დღესდღეობით შენობის აშენების თვითღირებულება 450 დილარს არ აჭარბებს. გასაყიდი ფასი კი ბევრად დიდია. კომპანიებმა შეიძლება შეამცირონ მოგების მარჟა. ეს მათ მოგებას მნიშვნელოვნად არ შეამცირებს. სანაცვლოდ, მყიდველი ზამთარ-ზაფხულ გათბობა-გაგრილებაში გაცილებით ნაკლებს გადაიხდის.

myquiz