კახა კალაძემ დედაქალაქში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა | Allnews.Ge

კახა კალაძემ დედაქალაქში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დაგეგმილ ცვლილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წლის ბოლოდან, სავარაუდოდ, MAN-ის ავტობუსებში უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.

"ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ვფიქრობთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება MAN-ის ავტობუსებში დამონტაჟდეს უკაბელო ინტერნეტი, რომელიც ყველა მგზავრისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი იქნება უფასო. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ადამიანები იყვნენ უზრუნველყოფილი უფასო ინტერნეტით. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, 2019 წლის ბოლოსთვის ჩვენ მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული ახალი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უნდა იყოს ძალიან სწრაფი. ეკოლოგიური მდგომარეობისთვის ყვითელი ავტობუსები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეს იქნება მოგვარებული", - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს.

მერის თქმით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება თბილისის მასშტაბით ჩატარებული ხიდების კვლევის საფუძველზე მიიღეს.

"2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ავარიულობის ხარისხი დადგინდა. მას შემდეგ, თბილისის მერია ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ეტაპობრივად აწარმოებს. ამჯერად, ვახუშტის ხიდის აღდგენას ვგეგმავთ. ტენდერს ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ორ-სამ დღეში გამოვაცხადებთ. ხიდის აღდგენა-განახლების პროცესს დაახლოებით, 2 მილიონ 400 000 ლარი და ხუთი თვე დასჭირდება", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

და კიდევ ერთი სიახლე, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებს დააინტერესებთ, არის ახალი საბავშვო ბაღები. კახა კალაძის თქმით, 2019 წლისთვის თბილისში კიდევ 11 საბავშვო ბაღი აშენდება.

"ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. ჩვენ გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავიანთი შვილები მოხვდნენ საბავშვო ბაღებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ არის საბავშვო ბაღების ნაკლებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ეს ყველაფერი.

სწორედ ამიტომ, 2019 წლისთვის თბილისს კიდევ 11 საბავშვო ბაღი დაემატება. 2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული.

წელს დაახლოებით 10 ბაღი აშენდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა ხდება ბაღებში რეგისტრაციის გამოცხადება, მშობლები ვერ ასწრებენ რეგისტრაციას. დასწრებაზეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმარისი ბაღები. ბავშვები კონკრეტულ ჯგუფებში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ამიტომ ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია, რომ ეს ახალი ბაღები თავისი დიზაინით და შინაარსობრივად შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მოთხოვნილია ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღების მშენებლობა, რომ ჩვენ შევძლოთ და მოვახერხოთ ყველა ბავშვის და მშობლის დაკმაყოფილება. ჩვენ ამას მოვახერხებთ და გავაკეთებთ",- განაცხადა კალაძემ.

და ბოლოს, თბილისის მერმა კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელს დაავალა, აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები "ჩამორეცხონ". ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ "სულელური პლაკატებით" ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებს ამახინჯებენ.

"მინდა შევეხო საკმაოდ მტკივნეულ და პოლიტიკური სუბიექტებისთვის უხერხულ საკითხს. ყველამ იცით, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არის კონკრეტული ადგილები, სადაც არ შეიძლება პლაკატების გაკვრა. სამწუხაროდ, თბილისში არის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატები არის გაკრული ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებზე და ბევრ ისეთ ადგილას, რაც უხერხულობას ქმნის. მე მაქვს ძალიან ბევრი მაგალითი. მე მესმის, რომ არჩევნებია, მაგრამ ქალაქი ხომ ყველას გვიყვარს?! გული შეგვტკივა მასზე და არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ამიტომ მინდა "თბილსერვისის" ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალო, რომ დღესვე დაიწყოთ დასუფთავება და გარეცვხვა ამ კონკრეტული ადგილების. არის გამოყოფილი ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება განათავსონ პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ სულელური პლაკატებით. დღესვე იმოქმედეთ", - მიმართა კალაძემ ლევან ჯღარკავას.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ფოტო წარადგინა, რომლებზეც ასახულია მეტროს ჩასასვლელებთან გაკრული საარჩევნო პლაკატები.

myquiz